LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საირმეს გეგმები: კურორტი ახალი სერვისების დანერგვას გეგმავს

592

არსებული სერვისების კიდევ უფრო გაუმჯობესება და ახალი სერვისების დანერგვა- ეს ის 2 მთავარი გეგმაა, რომლის განხორციელებასაც ”კურორტი საირმე” უახლოეს პერიოდში გეგმავს. სწორედ ამ მიზნით, კურორტის მენეჯმენტმა ინფორმაციული ხასიათის შეხვედრა გამართა ბაღდათის რაიონის მოსახლეობასთან და მათგან საირმეს განვითარების ხედვა მოისმინა.

”შევხვდით ჩვენი რაიონის მაცხოვრებლებს, გავაცანით ”კურორტ საირმეს” განვითარების ყველა ეტაპი, რაც 2011 წლიდან- დღემდე გავიარეთ. ამასთან, მოვისმინეთ მათი აზრიც, თუ როგორ უნდა განვითარდეს ჩვენი კურორტი და დამატებით რა სერვისების დანერგვა იქნება კარგი”, – განუცხადა ”ფორტუნას” ”კურორტ საირმეს” წარმომადგენელმა, ჯაბა წულაძემ.

მისივე ინფორმაციით, კურორტის მენეჯმენტი მოსახლეობას ცოტა ხნის წინ გავრცელებული ინფორმაციის შესახებაც ესაუბრა. ”რამდენიმე დღის წინ გავრცელდა დეზინფორმაცია, რომ კურორტზე სასმელი წყალი ფასიანი გახდა, ამასთან დაწესდა გარკვეული თანხა პარკში შესვლისთვისაც – გვინდა განვაცხადოთ, რომ ეს ამბავი სიმართლეს არ შეესაბამება და კურორტი ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას”, – განმარტა წულაძემ.

როგორც ”კურორტ საირმეს” წარმომადგენელი ამბობს, მოსახლეობასთან შეხვედრის დროს გადაწყდა ასოციაციის შექმნაც და დაფუძნდა ”კურორტ საირმეს თანამშრომელთა ასოციაცია”.

”ასოციაციის ნებისმიერ წევრს ექნება შესაძლებლობა, რომ მონაწილეობა მიიღოს კურორტის განვითარებაში. მთავარი საკითხები, რაც უკვე გამოიკვეთა არის: არსებული სერვისების კიდევ უფრო დახვეწა და გაუმჯობესება, ასევე ახალი სერვისების დანერგვა და შესაბამისი ინფრასტურქტურის დამატება. დანარჩენი უკვე სამუშაო პროცესში გამოიკვეთება”, – განმარტა ჯაბა წულაძემ.

მისივე ინფორმაციით, ”კურორტი საირმე” საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი დამსაქმებელია- აქ 260-ამდე ადამიანი მუშაობს. კურორტის სახელფასო ფონდი კი მილიონ 100 ათას ლარს აღემატება.

ცნობისთვის, სამკურნალო კურორტი საირმე მდებარეობს ქუთაისის სამხრეთით, ზღვის დონიდან 950 მ-ზე. ეს ადგილი გამოირჩევა უნიკალური მდებარეობით, სამკურნალო წყაროებით, ეკოლოგიურად სუფთა გარემოთი და ულამაზესი ბუნებით. იგი მდებარეობს სუბტროპიკული სარტყლის მთიან ზონაში. კურორტის რეაბილიტირება 2011 წელს დაიწყო და დასრულებული სახე 2013 წელს მიიღო. პროექტის ფარგლებში მოეწყო სასტუმრო “საირმე”, რომელიც 150 ნომრისგან შედგება და 390 დამსვენებელზეა გათვლილი. აგრეთვე მოხდა საირმის ლანდშაფტის მოდერნიზება: ჩატარდა მნიშვნელოვანი სამუშაოები სარეკრეაციო, სავაჭრო და საკვები ობიექტების მოსაწყობად. კურორტზე აგრეთვე მოქმედებს სარეაბილიტაციო ცენტრი, რომელიც ერთ-ერთი წამყვანი გერმანული ფირმის, “კრაფტის” უახლესი ტექნიკითაა აღჭურვილი. კომპლექსი ნებისმიერი ტიპის გამაჯანსაღებელ პროცედურას სთავაზობს დამსვენებელს. დამსვენებლებს აგრეთვე აქვთ შესაძლებლობა, ისარგებლონ სამედიცინო ცენტრით, რომელიც სასტუმრო “საირმეს” ტერიტორიაზე მდებარეობს და დამსვენებლებს 24 საათის განმავლობაში ემსახურება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები