LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საკეისროების “ეპიდემია“- მოდად ქცეული ოპერაცია

„არცერთი წამით არ მიფიქრია, რომ ბავშვი ბუნებრივად უნდა გამეჩინა, მშობიარობაზე ჩემი მეგობრების ისტორიები ერთმანეთზე უფრო შემზარავი იყო, თან რატომღაც ყველა სამშობიარო გართულება, ყველა ფატალური ისტორია ორსულობის პერიოდში მესმოდა. მუდმივად ინტერნეტში ვიქექებოდი და სამშობიარო ტრავმები, როგორც ოსრულის, ისე ბავშვის გაცილებით მეტი მხვდებოდა, ვიდრე საკეისრო კვეთის გართულებები. საბოლოოდ მივედი დასკვნამდე, რომ საკეისრო კვეთისას გართულების შემთხვევაშიც კი, ბავშვის უსაფრთხოება დაცული იქნებოდა, არც ექიმთან მიკამათია ბევრი, მითხრა, რომ ეს ჩემი უფლება იყო, საკეისროც იმდენად მარტივად მახსენდება, ზუსტად ვიცი მეორესაც ასე გავაჩენ“

თიკო ზარდიაშვილის ლუკა უკვე 3 წლისაა, დედა ამბობს, რომ მითი საკესირო კვეთით გაჩენილი ბავშვების ხშირი ავადობის შესახებ ლუკამ დაანგრია და ხასიათითაც ენერგიული და ამავდროულად, გაწონასწორებული „ყმაწვილია“.

საკეისრო კვეთის საჭიროება არ იყო, თუმცა ნატალიმ ბუნებრივ მშობიარობაზე უარი თქვა, თუმცა როგორც თავად ყვება, არა საკუთარი უსაფრთოების გამო, ბავშვის ტრამვირების შიში იმდენად დიდი იყო, რომ მისთვის სანდო ექიმის რეკომენდაციებს არ დაუჯერა და დღეს ამ გადაწყვეტილებას ნანობს.

„მეშინოდა არა საკუთარი ფიზიკური ტკივილის და დისკომფორტის, არამედ გახანგრძლივებული მშობიარობის დროს ბავშვს არ გაფუჭებოდა გულისცემა, ამაზე ძალიან ბევრი წავიკითხე. მეშინოდა მაშების, რომელიც დღემდე გამოიყენება მშობიარობისას და იმ დაზიანებების, რასაც ხელსაწყო იწვევს. მიუხედავად იმისა, რომ ექიმი თავის თავზე იღებდა პასუხისმგებლობას, არც მაშებს გამოიყენებდა დიდი ხანია პრაქტიკაში, მე მაინც ჩავთვალე, რომ ბავშვისთვის საკეისრო ბევრად უფრო უსაფრთხო იქნებოდა, ვიდრე ფიზიოლოგიური დაბადება.“

ნატამ საკეისრო კვეთის შესახებ ინფორმაციის მოძიება ბავშვის გაჩენის შემდეგაც განაგრძო. 4 წლის სანდროს დედას მიაჩნია, რომ ბავშვის სუსტი იმუნიტეტიც შესაძლოა, სწორედ საკეისრო კვეთას უკავშირდებოდეს.

 

 

 

საკეისრო კვეთა, რომელიც სამედიცინო პრაქტიკაში საუკუნის დასაწყისში დედის და ბავშვის სიცოცხლის შესანარჩუნებლად, გამოუვალ სიტუაციებში კეთდებოდა დღეს, „ეპიდემიად“ არის ქცეული.

მას შემდეგ, რაც საკეისრიო კვეთა ქალის უფლებად იქნა აღიარებული, ჩვენების გარეშე ჩატარებულმა ოპერაციების ბუმმა მსოფლიოს გადაუარა.

ბოლო ათწლეულების განმავლობაში საკეისრო კვეთების სიხშირე, როგორც განვითარებად, ასევე, განვითარებულ ქვეყნებში, იზრდება.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის 2010 წლის კვლევის მონაცემებით, არასაჭირო საკეისრო კვეთის ოპერაციათა საშუალო რაოდენობა წელიწადში 4-6 მლ იყო. აშშ-ში საკეისრო კვეთის სიხშირემ დაბალი რისკის ორსულებთან 15-ჯერ მოიმატა, ჩინეთში კი, საკეისრო ოპერაციების 72% არასაჭირო იყო.

საქართველო გამონაკლისი არ არის, სადაც მზარდია საკეისრო კვეთის რიცხვი. ჯანმოს რეკომენდაციით, საკეისრო კვეთის რიცხვი ქვეყანაში 15%-ს არ უნდა აღემატებოდეს, უკანასკნელი სტატისტიკური მონაცემებით კი საკეისროს რიცხვმა საქართველოში 30%-ს მიაღწია.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, საქართველოში 2016 წელს საკეისრო კვეთებმა მშობიარობების საერთო რაოდენობის 43% შეადგინა, რაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სტანდარტს თითქმის სამჯერ აღემატება.

 

 

მოსაზრება, რომ საკეისრო ნაკლებად საფრთხის შემცველია ბავშვისთვის, არცერთი კვლევით არ დასტურდება“– ექიმ ქეთევან კაკაშვილის ინფორმაციით, შიში და არასწორი ინფორმაცია ის ორი ძირითად ფაქტორია, რის გამოც ორსულები პირად ექიმებს არ ენდობიან და საკეისრო კვეთის ჩატარების გადაწყვეტილებას იღებენ.

„კითხვაზე, რომელი უფრო უსაფრთხოა, საკეისრო კვეთა თუ ბუნებრივი მშობიარობა, ცალსახა და ჩამოყალიბებული პასუხი არსებობს. საკეისრო კვეთა არის ოპერაციული ჩარევა, რომელსაც ახასიათებს გართულებები და ამ გართულებების რისკი 10-ჯერ უფრო მაღალია, ვიდრე ფიზიოლოგიური მშობიარობის რისკების.

გარდა იმისა, რომ საკეისრო პირველ რიგში, საფრთხის შემცველია ქალისთვის, გართულებებია ძლიერი სისხლდენა. ტრობოემბოლიები, ჭრილობის შეხორცების პრობლემა, შემდგომი უნაყოფობა, პლიუს ესთეტიური პრობლემები. მსოფლიოში აღიარებულია, რომ ბავშვის ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობის თვალსაზრისითაც, უპირატესობა ფიზიოლოგიურ მშობიარობას ენიჭება,” – განმარტავს ექიმი ქეთევან კაკაშვილი “ფორტუნასთან”.

ექიმების რეკომენდაციის და მოსალოდნელი გართულებების მიუხედავად, ორსულები ხშირად მაინც საკეისრო კვეთას ამჯობინებენ, ამის მთავარი ფაქტორი შიშია, თუმცა დღეს ეს პრობლემა გაუტკივარების მეთოდებით მოხსნილია. როგორც “ფორტუნასთან” საუბარში ქეთევან კაკაშვილი ამბობს, ბოლო პერიოდში საკეისროების შემცირების ტენდენცია შეინიშნება და ამის მიზეზად, ორსულების მეტ ინფორმირებულობასთან ერთად, კლინიკებისთვის საკეისროების ლიმიტის დაწესებასაც ასახელებს.

გასული წლის პირველი მარტიდან დღემდე, საკეისრო კვეთების რაოდენობის ზრდის გამო 15-მდე სამშობიარო დაწესებულება დაჯარიმდა. ჯანდაცვის უწყების ინფორმაციით, ჯარიმების დაკისრების მიზანი, საკეისრო კვეთების შემცირებაა.

 

თამუნა გოგუაძე

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები