LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სახალხო დამცველის არჩევის ვადები კონსტიტუციით იცვლება

55

საკონსტიტუციო ცვლილებების მიხედვით, სახალხო დამცველის არჩევის ვადები შეიცვალა. რედაქტირებული ვერსიის მიხედვით, ომბუდსმენს პარლამენტი სრული შემადგენლობით 5 წლის ვადით აირჩევს. ერთი და იმავე პირის ხელმეორედ არჩევა კი კონსტიტუციის ახალი პროექტის მიხედვით დაუშვებელი იქნება.

კონსტიტუციის რედაქტირებულ ვარიანტში წერია, რომ
1. საქართველოს ტერიტორიაზე ადამიანის უფლებების დაცვას ზედამხედველობს სახალხო დამცველი, რომელსაც 5 წლის ვადით სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს პარლამენტი. სახალხო დამცველად ერთი და იმავე პირის ხელმეორედ არჩევა დაუშვებელია.
2. სახალხო დამცველის საქმიანობისათვის დაბრკოლებათა შექმნა ისჯება კანონით.
3. სახალხო დამცველის დაკავება ან დაპატიმრება, მისი საცხოვრებელი და სამუშაო ადგილის, მანქანის ან პირადი გაჩხრეკა შეიძლება მხოლოდ პარლამენტის თანხმობით. გამონაკლისია დანაშაულზე წასწრების შემთხვევა, რაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს პარლამენტს. თუ პარლამენტი არ მისცემს თანხმობას, სახალხო დამცველი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.
4. სახალხო დამცველის უფლებამოსილება განისაზღვრება ორგანული კანონით.

საქართველოს კონსიტუციის პროექტის საბოლოო ვარიანტი, რომელზეც ბოლო 4 თვის განმავლობაში მმართველ გუნდთან, ექსპერტებთან, კონსტიტუციონალისტებთან და ოპოზიციურ პარტიებთან ერთად მსჯელობა კომისიის ფორმატში მიმდინარეობდა, საკონსტიტუციო კომისიაში შემავალ სუბიექტებს უკვე გადაეგზავნათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები