LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სახელმწიფო ფსიქიატრიულ დაწესებულებებში 25 000-ზე მეტი პაციენტი მკურნალობს

105

მიმდინარე წლის მონაცემებით, ფსიქიკური ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მოსარგებლეთა რაოდენობა 25 265-ს შეადგენს. შესაბამისი ინფორმაცია დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ეკუთვნის.

მათი მონაცემებით, ყველაზე მეტი – 20 386 ბენეფიციარი იღებს ამბულატორიულ ფსიქიატრიულ მომსახურებას. მომდევნოა ფსიქიკური აშლილობის მქონე მოზრდილთა ფსიქიატრიული სტაციონარული მომსახურება, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს მასშტაბით 3 423 ბენეფიციარი იღებს. მესამე ფსიქიატრიული კრიზისული ინტერვენციაა, რომელშიც 398 ბენეფიციარია დაფიქსირებული. რაც შეეხება სხვა სამედიცინო ფსიქიატრიულ მომსახურებებს, მობილური გუნდის მომსახურებას 342 ბენეფიციარი იღებს, ხოლო ბავშვთა ფსიქიკური ჯანმრთელობის პროგრამაში 195 ბენეფიციარია ჩართული.

ჯანდაცვის სამინისტროს სტატისტიკური მონაცემების თანახმად, მიმდინარე წელს იძულებითი/არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული მკურნალობის მიზნით სტაციონარში მოთავსდა 269 პირი.

“პირები, იდენტიფიკაციის დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტის არქონის მიუხედავად, რომელთა მიმართაც არის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლით გათვალისწინებული სასამართლო გადაწყვეტილება, იძულებითი ან არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული მკურნალობის მიზნით იღებენ პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულ მომსახურებას,” – ნათქვამია უწყების მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

ამასთან, ფსიქიკური დარღვევების მქონე შშმ პირთა თავშესაფრით უზრუნველყოფის კომპონენტი 105 ბენეფიაციარს მოიცავს, ხოლო ფსიქიკური აშლილობის მქონე ბავშვთა ფსიქიატრიულ-სტაციონარულ მომსახურებას 85 არასრულწლოვანი იღებს.

ყველაზე მცირე რაოდენობის პაციენტი ჩართულია ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის პროგრამაში, რომელიც 65 ბენეფიციარს მოიცავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები