LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო უქმდება

74

პარლამენტში წარდგენილი საკანონმდებლო ცვლილებებით, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო უქმდება. მთავრობაში მომზადებული საკანონმდებლო პაკეტით, ორი კანონიდან – „მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ და „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ კანონებიდან ამოღებულია ყველა ის მუხლი, რომელიც სწორედ კრიზისების მართვის საბჭოს დანიშნულებას, მის ფუნქციებს, შემადგენლობას, უფლებამოსილებებსა და საქმიანობას განსაზღვრავდა.

ამავე კანონპროექტით, კრიზისების მართვის საბჭოს უფლებამონაცვლე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური იქნება, რომელიც პრემიერმინისტრის უშუალო დაქვემდებარეში ჩამოყალიბდება. როგორც მთავრობა განმარტავს, აღნიშნული სამსახური შსს-ს მმართველობის სფეროში შემავალი საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს და კრიზისების მართვის საბჭოს შერწყმის შედეგად ყალიბდება.

საკანონმდებლო ცვლილებებით, მთავრობამ 6 თვის ვადაში უნდა უზრუნველყოს საგანგებო სიტუაციების მართვის თაობაზე და საგანგებო სიტუაციების მართვის ერთიანი სისტემის რეფორმასთან დაკავშირებული კანონპროექტების პარლამენტისთვის წარდგენა.

მთავრობაში დაგეგმილ სტრუქტურულ რეორგანიზაციასთან დაკავშირებით მომზადებული საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე იქნება ინიცირებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები