LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სახიფათო არეალები თბილისსა და რეგიონებში – რამდენად მზად არის სახელმწიფო სტიქიასთან გასამკლავებლად

326

ქვეყნისთვის ღვარცოფებით მიყენებული ყოველწლიური ზარალი საშუალოდ რამდენიმე ათეული მილიონი ლარის ფარგლებშია, ხოლო ექსტრემალური გააქტიურების პირობებში 100 მილიონ ლარს აჭარბებს, – ამის შესახებ კატასტროფების რისკის შემცირების სტრატეგიაშია აღნიშნული, რომელიც 2017 წელს დამტკიცდა.

ამავე დოკუმენტის მიხედვით, ღვარცოფების საშიშროების რისკის ქვეშ იმყოფება პრაქტიკულად ყველა ის დასახლებული პუნქტი, რომელიც მცირე მდინარეთა ხეობებში არის განლაგებული, ასევე ცივგომბორის, საგურამო-იალნოს ქედებისა და კახეთის კავკასიონის მთისწინეთის არეალში მცხოვრები მოსახლეობა და ინფრასტრუქტურა. საშიშროების მაღალი რისკის ქვეშ არის ასევე: თბილისი, ყვარელი, თელავი, საგარეჯო, ლაგოდეხი, ონი, ბორჯომი, მესტია, ლენტეხი, ადიგენი, მცხეთა, ცაგერი.

532 ღვარცოფტრანსფორმირებადი მდინარე პერიოდულად საშიშროებას უქმნის საავტომობილო გზებს, სახაზო-საირიგაციო ობიექტებს და სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს.

განვითარებულ ქვეყნებში მოქალაქეებს მოსალოდნელი სტიქიური უბედურებების შესახებ წინასწარ აფრთხილებენ. დაზღვეული ამ ქვეყნებშიც არავინაა, თუმცა დანერგილი ადრეული შეყობინების სისტემები რისკების მინიმუმამდე დაყვანას უწყობს ხელს. მსგავსი სისტემების მნიშვნელობა საქართველოს კიდევ ერთხელ მწვავედ შეახსენა მდინარე ვერეს ხეობაში 2015 წელს მომხდარმა ტრაგედიამ.

„უსაფრთხოების ექსპერტთა კავკასიის აკადემიის“ კორპორაციული უსაფრთხოების ექსპერტი გიორგი სულთანიშვილი „ფორტუნასთან“ ამბობს, რომ მომხდარი ტრაგედიის შემდეგ სახელმწიფომ ბევრი რამ გაითვალისწინა, თუმცა გამოწვევები კვლავაც რჩება.

„იმავე წელს 112-მა მოაწყო საერთაშორისო კონფერენცია ამ თემაზე სტიქიასთან დაკავშირებით, სადაც ევროპის ქვეყნებიდან წამყვანი სპეციალისტები იყვნენ მოწვეულნი და მოხდა გამოცდილების გაზიარება. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კრიტიკულ ადგილებში დღეისთვის უკვე დამონტაჟებულია ადრეული შეტყობინების სისტემა. ასეთი სენსორები დამონტაჟდა ვერეს ხეობაში და კიდევ გრძელდება მათი დამონტაჟება,“ –  ამბობს გიორგი სულთანიშვილი.

თუმცა, მხოლოდ თბილისის ტერიტორიაზეც კი, მდინარე ვერეს ხეობა ერთადერთი სახიფათო ადგილი არ არის. დედაქალაქსა და მის შემოგარენში 100-მდე ღვარცოფული კერაა, ამ მხრივ სპეციალისტები ყურადღებას მდინარე გლდანულაზე ამახვილებენ.

„ძალიან ცუდია ის, რომ ქალაქის განაშენიანების გეგმაში თავის დროზე არ მოხდა ამ ტერიტორიაზე მშენებლობის აკრძალვა და მდინარის ხეობაში არის გაშენებული კერძო სახლები, რამაც შეიძლება, რა თქმა უნდა, ცუდი გავლენა მოახდინოს. საუბარი არ არის მსგავსი მასშტაბის კატასტროფაზე, რადგან ვერეს ხეობაში მოხდა დაგუბება, ეს საფრთხე გლდანულას ხეობაში არ არსებობს და ცოტა უკეთესი მდგომარეობაა. ახალი განაშენიანების გეგმაში აღნიშნულ ტერიტორიაზე აიკრძალება დამატებითი მშენებლობა,“- აღნიშნავს გიორგი სულთანიშვილი.

13 ივნისის ტრაგედიაზე საუბრისას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ამბობენ, რომ მსგავსი მასშტაბის კატასტროფებთან გამკლავება გაცილებით მაღალგანვითარებულ ქვეყნებს უჭირთ ხოლმე. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის კრიზისული სიტუაციების მართვის ეროვნული ცენტრის (დეპარტამენტი) უფროსი გიორგი ღიბრაძე „ფორტუნასთან“ აღნიშნავს, აღნიშნულის გათვალისწინებით, არსებული რესურსების ეფექტიანად გამოყენებაა მნიშვნელოვანი.

„საქართველოში მოგეხსენებათ, დიდი რესურსები არ გვაქვს, ამიტომ ახალი სისტემის შექმნის მთავარი მიზანი იყო ის, რომ არსებული მაქსიმალურად ეფექტიანად გამოგვეყენებინა, როგორც ადმაიანური, ასევე მატერიალური. შესაბამისად, მოხდა გაერთიანება რამდენიმე უწყების, რომელიც პასუხისმგებელია ასეთი კატასტროფების დროს სიტუაციის მართვაზე და ეს შესაძლებლობას გვაძლევს ახალ უწყებას, თავიდან ბოლომდე დავგეგმოთ და ვიყოთ მზად.

ეს გულიხსმობს ერთიან მუშაობას სხვადსხვა უწყების და კოორდინაციას, საფრთხეების იდენტიფიცირების თვალსაზრისით. არის საფრთხეები, რომელსაც წინასწარ განვჭვრეტთ და არის ისეთი საფრთხეები, რომლის წინასწარ დადგენა პრაქტიკულად შეუძლებელია.  ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ იდენტიფიცირება მოვახდინოთ ყველა შესაძლო გართულების და დავგეგმოთ ღონისძიებები, რომელიც მიმართულია პრევენციისთვის,“ – ამბობს გიორგი ღიბრაძე.

13 ივნისის ტრაგედიდან 2 წლისთავზე სახელმიწფომ კატასტროფის რისკის შემცირების ეროვნული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა შეიმუშავა. სტრატეგიაში აღწერილია იდენტიფიცირებული საფრთხეები, ხოლო სამოქმედო გეგმაში ის ღონისძიებები, რომელიც რისკების შესამცირებლად არის გატარებული. სპეცალისტები ამ მხრივ ადრეული შეტყობინების სისტემების ამუშავებაზე ამახვლებენ ყურადღებას. თუმცა, ადრეული შეტყობინების სისტემა გამოსავლად არ ესახებათ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში. როგორც გიორგი ღიბრაძე განმარტავს, ის ყველა შემთვევაში არ მუშაობს.

 „ადრეული შეტყობინების სისტემა დამოტაჟებულია დევდორაკის ხეობაში, ევაკუაციის გეგმაა გაკეთებული, არის მიმართულებები, რომელზეც პირველ რიგში კვლევებია ჩასატარებელი, რომ მსგავსი სისტემები დამონტაჟდეს, მაგალითად, რიონის კალაპოტში შვეიცარიის განვითარების სააგენტოს დახმარებით შეისწავლეს სრულიად აუზი , რომ შემდეგ დამოტაჟებულიყო ადრეული შეტყობინების სისტემა. მსგავსი სამუშაოები ჩასატარებელი სხვა ადგილებზეც. აღნიშნულზე საუბარობს დოკუმენტი, რომელიც საკმაოდ ქსელტანიანია და წლების მიხედვით არის გაწერილი, სად რა უნდა გაკეთდეს,“ – აღნიშნავს გიორგი ღიბრაძე.

თუმცა, სისტემები არა მხოლოდ მდინარეების კალაპოტშია დასამონტაჟებელი. როგორც გიორგი სულთანიშვილი ამბობს, თბილისში და არა მხოლოდ აქ, არის ადგილები, სადაც არის ქვათაცვენის საშიშროებაა.

„ამასთან ბრძოლის სხვადასხვა მიდგომა არსებობს. ეფექტიანია, როცა გეგმიურად ხდება კლდის ფენების მოშორება, საუბარია უკვე დაძრულ ფენებზე, უნდა ხდებოდეს გეგმიური შემოწმება, ამასთან ერთად აუცილებელია სენსორების დამოტაჟება, რომელიც დააფიქსირებს პრობლემას და ავტომატურად იძლევა განგაშს. მაგალითად, პრობლემა არის თბილისში, ქვემო და ზემო ფონიჭალას შორის ე.წ. შავნაბადას გზაზე, სადაც საკმაოდ დიდ მონაკევთზე ხშირია ქვათაცვენა. ასევე, საკმაოდ მაღალი რისკის მქონე არის ზუგდიდი-მესტიის გზა, ბევრია ასეთი რისკიანი ადგილი,“ – ამბობს გიორგი სულთანიშვილი.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განმარტავენ, რომ ქვათაცვენის პრობლემაზე  შესაბამისი უწყებები მუდმივად მუშაობენ.

„ბევრ ადგილზე განთავსებულია დამცავი ბადეები, მუდმივად მიმდინარეობს ახალი სახიფათო მონაკვეთების გამოსავლენად სამუშაოები და შესაბმისად, მიიღება გადაწყვეტილებები,“ – ამბობს გიორგი ღიბრაძე.

კატასტროფის რისკის შემცირების ეროვნული სტრატეგიის სამოქმედო გეგმა 3 წელზეა გაწერილი (2017-2020). გეგმით გათვალსიწინებულია საქართველოს მთელ ტერიტორიაზე წყალდიდობა/წყალმოვარდნების ჰიდრავლიკური და ჰიდროლოგიური მოდელების შესაქმნელად აუცილებელი კვლევების უზრუნველყოფა, თუმცა, ამ ნაწილში ჯერ-ჯერობით მხოლოდ საპროექტო წინადადებების შემუშავების პროცესი მიმდინარეობს. ამავე სამოქმედო გეგმის მიხდვით, ასეთივე კვლევის ჩატარება 2016 წელს განხორციელებულია მდინარე ვერეს აუზში.

დოკუმენტის მიხედვით, 2018 წელს არის დაგეგმილი „მუხათგვერდის’’ სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე კვლევების ჩატარება და შემაჯამებელი საინჟინრო-გეოლოგიური ანგარიშის დამუშავება შესაბამისი საღონისძიებო რეკომენდაციებით. დოკუმენტის თანახმად, 2016 წლის მონიტორინგულმა შეფასებამ აჩვენა, რომ სიტუაცია უკიდურესად გართულებულია და საშიშროების რისკის ფართობები მნიშვნელოვნად გაზრდილია. რისკის არეალში ექცევა არა მარტო მისასვლელი გზები, არამედ სასაფლაოს ტერიტორიის ნაწილი და დიდი დიღმის ახალი დასახლების ცალკეული უბნები. „აღნიშნულიდან გამომდინარე, საჭიროა არა მარტო დამეწყრილი ცალკეული უბნების, არამედ ვრცელი ტერიტორიის სრულყოფილი საინჟინრო-გეოლოგიური პირობების შესწავლა და მეწყრის განვითარების თავისებურებებისა და მართვითი ღონისძიებების შემუშავება,“- აღნიშნულია დოკუმენტში.

გეგმის თანახმად, 2018 წელს ჰიდროლოგიური სადგურის აღდგენაა დაგეგმილი აბასთუმანში მდინარე ოცხეზე, ამის შემდეგ კი, 2 წლის განმავლობაში გეგმით გათვალისწინებულია ნაპირდაცვითი სამუშაოების ჩატარება.

2018 წელსვე არის დაგეგმილი მდინარე კრიხულაზე ჰიდროლოგიური სადგურის დამონტაჟება. 2018 წელსვეა დაგეგმილი მდინარე გველთახევზე (თიანეთის მუნიციპალიტეტი – ჟებოტა) ტოპოგრაფიული და ჰიდრომეტრიული სამუშაოების განხორციელება და ავტომატური ჰიდრომეტეოროლოგიური დაკვირვებების ორგანიზება.

დატბორვის რუკებია შედგენილი თელავის მუნიციპალიტეტში, დაყენებულია ავტომატური მეტეოროლოგიური სადგური. ცივგომბორზე, კისისხევის სათავეში დაყენებულია მხოლოდ ქარის სენსორი, სადაც გეგმით გათვალისწინებულია 2018 წელს ნალექის ტემპერატურის მზომი ხელსაწყოები. კისისხევზე ჩასატარებელია ჰიდრომეტრიული და ტოპოგრაფიული სამუშაოები, ასევე, სოფელ კონდოლთან ჩასატარებელია ნაპირსამაგრი სამუშაოები.

2018 წელს არის დაგეგმილი სოფელ ორბელში, საავტომობილო ხიდის ქვემოთ მარჯვენა ნაპირზე მდინარის კალაპოტის გაწმენდა, ნაპირდაცვითი ღონისძიებების ჩატარება. სოფელ ორბელში მეტეო საგუშაგოს დამონტაჟება. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ რიონის პროექტის ფარგლებში მდინარე ლაჯანურზე, სხვადასხვა განმეორებადობის გათვალისწინებით, ჩატარდა ჰიდროლოგიური მოდელირება და მომზადებულია დატბორვის რუკები.

ამავე წელს არის დაგეგმილი მდინარე წინანდლისხევზე (თელავის მუნიციპალიტეტი) მდინარე ყვირილაზე (საჩხერის მუნიციპალიტეტი – ჭალა) და მდინარე ჭერემისხევზე ტოპოგრაფიული და ჰიდრომეტრიული სამუშაოების განხორციელება, ჰიდროლოგიური მოდელირება;

2018 წელსვეა გაწერილი მდინარეები გომბორულას და თურდოს შორის და გომბორის საუღელტეხილო გადასასვლელის მონაკვეთზე განვითარებული მეწყრულ-ღვარცოფული მოვლენების დეტალური საინჟინრო-გეოლოგიური კვლევების ჩატარება.

წყალდიდობები და წყალმოვარდნები საქართველოს თითქმის ყველა მდინარისთვისაა დამახასიათებელი. კატასტროფების რისკის შემცირების სტრატეგიაში აღნიშნულია, რომ მაღალი რისკით გამოირჩევა: იმერეთის, სამეგრელოს, გურიის, მცხეთა-მთიანეთის მდინარეთა აუზები, ასევე, მდინარე მტკვრის მიმდებარე ტერიტორიები და მდინარე ალაზნის მარცხენა სანაპირო.

ამავე დოკუმენტის თანახმად, 1995 წლამდე ინტენსიური წყალმოვარდნების საშუალო განმეორებადობა 5-6 წელიწადში 1-ჯერ აღინიშნებოდა. 1995-2013 წლებში კი, ეს მაჩვენებელი თითქმის 2-ჯერ გაიზარდა.

 

თაკო ივანიაძე