LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სახიფათო შერწყმა თუ ბიუროკრატიული ხარჯების შემცირება – რა საფრთხეებს შეიცავს 5 დარგის გაერთიანება

განათლება, მეცნიერება, სპორტი, კულტურა, ძეგლთა დაცვა – ახალი პრემიერის ახალი ინიციატივა 5 განსხვავებული დარგის გაერთიანებას გულისხმობს. ამის შესახებ საზოგადოებისთვის რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი, მაშინ, როდესაც მამუკა ბახტაძის მიერ დაანონსებული “მცირე მთავრობის პროექტის” დეტალები გახდა ცნობილი. ამ დარგების ერთი ქოლგის ქვეშ მოქცევას განათლების და კულტურის სფეროს წარმომადგენლების მწვავე კრიტიკა მოჰყვა.

„ამ თემაზე საუბარისც არ მინდა, იმდენად იდიოტები არიან საუბარიც მეზარება ამ საკითხზე“ – უწყებების გაერთიანებით გამოწვეული გაღიზიანება ვერ დაფარა “ფორტუნასთან“ საუბარში ლიტერატორმა ლევან ბერძენიშვილმა.

კულტურის და განათლების სფეროს წარმომადგენლები მთავრ პრობლემას ფუნქციების აღრევაში ხედავენ, მათი მოსაზრებით, გამსხვილებული უწყება რესურსების და ძალისხმევის ორ თანაბრად მნიშვნელოვან სფეროზე გადანაწილებას ვერ შეძლებს. პრემიერის მისამართით შედგენილ პეტიციაში, რომელსაც ხელს მსახიობები, რეჟისორები, სცენარისტები აწერენ, დეტალურად არის განმარტებული ორივე სფეროს ფუნქცია და მათი ცალ-ცალკე არსებობის მნიშვნელობა.

„საქართველოში კულტურის სამინისტროს სხვა ფუნქცია და დატვირთვა აქვს. გლობალიზაციის პირობებში, სადაც კულტურა ქვეყნის იდენტობის მთავრი ნაწილია, მისი მხარდაჭერა-განვითარება საქართველოსთვის ქვეყნის თავდაცვის ტოლფასია. მექანიკურად სხვადასხვა სფეროს გაერთიანება ძალიან მოკლე ხანში, ნეგატიურ შედეგებს გამოიწვევს,“ – ნათქვამია პეტიციაში.

უწყებების მექანიკური გაერთიანების მოწინააღმდეგეთა რიგებშია მწერალი დათო ტურაშვილიც.

„მინდა, რომ განათლება საქართველოში, იყოს მთავარი და პრიორიტეტული ყველასთვის და მითუმეტეს მთავრობისთვის და ეს გაერთიანება კი, სულ არ მგონია რომ განათლებაზე ზრუნვას ნიშნავს და თუ არ მოხდა (განსაკუთრებით) სასკოლო განათლების სისტემის რეფორმა, კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობა გველის, რადგან სინამდვილეში, ნებისმიერი ცვლილება უკეთესოსბისკენ, განათლებაზეა დამოკიდებული, რადგან განათლებას მოაქვს ის, რაც გვაკლია – სიყვარული, შრომა და პროფესიონალიზმი,“ – აცხადებს „ფორტუნასთან“ დათო ტურაშვილი.

 

წინააღმდეგობა გუნდში

 

„მცირე მთავრობის“ პროექტში, განთლება-კულტურის შერწყმის კომპონენტს წინაღმდეგობა „ქართული ოცნების“ გუნდშიც შეხვდა.

დამღუპველი და სახიფათო – ასეთია რეჟისორ ქეთი დოლიძის და დეპუტატ ნუკრი ქანთარიას შეფასებები მიმდინარე სტრუქტურულ ცვლილებაზე.

„მე მიმაჩნია, რომ განათლებისა და კულტურის სამინისტროების გაერთიანება იქნება კულტურის დაღუპვა. ეს ნამდვილად ასეა, რადგან ჩვენთან განათლების სფეროში ძალიან დიდი სირთულეა, ამას იმდენი ყურადღება სჭირდება, რომ კულტურისთვის აღარავის ეცლება,“ – განაცხადა ქეთი დოლიძემ.

საკუთარი უკმაყოფილების ღიად დაფიქსირების პარალელურად, ნუკრი ქანათარია ცვლილებებს საპარლამენტო კენჭისყრისას მხარს არ დაუჭერს.

 „ეს ერთადერთი სამინისტროა, სადაც ეროვნული იდენტობის გამომხატველი დარგი ხელოვნებაა. ხელოვნების დარგები დიდ ოკეანეში ჩაიკარგება. ეს იქნება განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი. ამ გრძელ სახელსაც კი არავინ იტყვის და მხოლოდ განათლებას იტყვიან. ტერმინი – კულტურა ხმარებიდანაც კი ამოვარდება. ხელოვნების სეგმენტი, რაც დაკავშირებულია არა ცოდნასთან, არამედ შემოქმედებით პროცესთან. მისი განვითარება ძალიან გაჭირდება. მეჩვენება, რომ სახიფათო შერწყმაა,“ – მიიჩნევს უმრავლესობის წევრი.

 

 

ალტერნატიული გეგმა – უწყებების სააგენტოებად ჩამოყალიბება

 

სამინისტროების გაერთიანების ნაცვლად მოწინააღმდეგეები, პრემიერმინისტრს ალტერნატუილ ვერსიებსაც სთავაზობენ. უმრავლესობის დეპუტატის ნუკრი ქანათარიას მოსაზრებით, დარგები ცალკე დეპარტამენტის სახით პირდაპირ პრემიერმინისტრს უნდა დაექვემდებაროს.

„ხელოვნების სეგმენტი ცალკე უნდა გამოიყოს. განათლების სამინისტროს შემოქმედებითი სასწავლო დაწესებულებები უნდა წაეღო, თუნდაც ბიბლიოთეკები და მუზეუმები, მაგრამ არა ხელოვნების სეგმენტი, რაც დაკავშირებულია არა ცოდნასთან, არამედ შემოქმედებით პროცესთან. დარგები ცალკე დეპარტამენტის სახით პირდაპირ პრემიერმინისტრს უნდა დაექვემდებაროს,“ – ამბობს ნუკრი ქანთარია.

განათლების სამინისტროსგან კულტურის ან სპორტის სფეროს გამიჯვნის კიდევ ერთი ალტერნატიული გზა სააგენტოების შექმნაა. კულტურის სამინისტროსთან შერწყმამდე, ძეგლთა დაცვაზე პასუხისმგებელი უწყება სწორედ სააგენტოს სახით არსებობდა.

ერთადერთი არგუმენტი, რომელსაც ხელისუფლება არსებული კრიტიკის საპირწონედ აფიქსირებს, ბიუროკრატიული ხარჯების შემცირებაა, რომელიც შემდეგ სოცილურ მიმართულებებს მოხმარდება. უწყებების გაერთიანებით გამოწვეულ კრიტიკას პრემიერმა პირადად უპასუხა.

„ჩვენი შეხედულებით, ვერც განათლება, ვერც სპორტი და ვერც კულტურა ვერ იქნება წარმატებული ცალკე აღებული. ეს უნდა იყოს ერთიანობაში იმისთვის, რომ ჩვენ მივიღოთ ისეთი მოქალაქეები და ისეთი სისტემა, სადაც გვეყოლება განათლებული ადამიანები, ძალიან მაღალი მორალითა და ფასეულობებით და რა თქმა უნდა, სპორტული, ჯანსაღი ცხოვრების პრინციპით მცხოვრები ახალგაზრდები, ეს ძალიან მნიშვნელოვანია,“ – აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

გამოთქმული კრიტიკული მოსაზრებების მიუხედავად, პრემიერის პოზიცია უცვლელია. იქონიებს თუ არა გავლენას დაგეგმილ სტრუქტურულ ცვლილებებზე კულტურის და განათლების სფეროს წარმომადგენელების წინააღმდეგობა, საპარლამენტო მოსმენებისას გახდება ცნობილი. უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში “მცირე მთავრობის პროექტის“ განხილვა მომდევნო კვირაშია დაგეგმილი.

 

თამუნა გოგუაძე

პოპულალურები