LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საკითხები, რომლებსაც „თბილისის აბრეშუმის გზის“ ფორუმზე განიხილავენ

31

28-29 ნოემბერს, „თბილისის აბრეშუმის გზის“ რიგით მეორე ფორუმი გაიმართება, რომელშიც მსოფლიოს 60-ზე მეტი ქვეყნის 2000-მდე დელეგატი მიიღებს მონაწილეობას. მათ შორის, 1100 კერძო სექტორს წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ ფორუმში მონაწილეობს 500-ზე მეტი უცხოური კომპანიის წარმომადგენელი.

ფორუმი საქართველოს პრემიერ-მინისტრის პატრონაჟით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით ტარდება.

„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“ აზიასა და ევროპას შორის ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურული კავშირების გაღრმავების მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა. ფორუმი მიზნად ისახავს, შექმნას და დაამკვიდროს სადისკუსიო პლატფორმა, სადაც აბრეშუმის გზის ინიციატივის ქვეყნების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები განიხილავენ თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებსა და კავშირებს საერთაშორისო და რეგიონალური ვაჭრობის სფეროში“, – აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში.

მათივე განმარტებით, ფორუმის ფარგლებში განხილული იქნება ისეთი აქტუალური საკითხები, როგორიცაა: ვაჭრობის ხელშეწყობა, ელექტრონული კომერციის განვითარება, ციფრული კავშირი, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა, ენერგეტიკის სფეროში რეგიონთაშორისი შესაძლებლობები და ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალი.

„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმს“ გახსნის საქართველოს პრემიერ მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი. ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართავენ უცხო ქვეყნის მთავრობებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელი პირები. გაიმართება მაღალი დონის დისკუსიები. როგორც ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი საქართველოს, წარმომადგენლობითი და მიზნობრივი აუდიტორიის წინაშე, საკუთარი რესურსების უკეთ წარმოჩენის შესაძლებლობას აძლევს.

მათივე ცნობით, „ერთი სარტყელი – ერთი გზის“ ინიციატივა, რომლის აქტიური მხარდამჭერიცაა საქართველოს მთავრობა, აერთიანებს სხვადასხვა ქვეყნების განვითარების პოლიტიკას ერთი პლატფორმის ქვეშ და სხვადასხვა ქვეყნების კონკრეტულ უპირატესობებს ერთმანეთთან ათავსებს.

„საქართველო, არა მხოლოდ პოლიტიკურად უჭერს მხარს აღნიშნული ინიციატივის განხორციელებას, არამედ მნიშვნელოვან სახელმწიფო ინვესტიციასაც ხარჯავს საკუთარი სატრანსპორტო ლოგისტიკური სისტემის თანამედროვე სტანდარტებთან მოსაყვანად.  გასათვალისწინებელია საქართველოს გეოპოლიტიკური მდებარეობა, რადგან სწორედ საქართველოს ტერიტორიაზე გადის უმოკლესი გზა ჩინეთსა და ევროპას შორის. დღეს მიწისზედა ტრანსპორტით აღმოსავლეთ აზიიდან საქართველოში ჩამოსვლა შესაძლებელია 10-ზე ნაკლები დღის განმავლობაში, ხოლო ჩვენგან ევროპის ნებისმიერ პორტში ხუთ დღეში ჩახვალთ. გარდა ამისა, ლოგისტიკური პოტენციალიდან გამომდინარე, მომგებიანია საქართველოში ინდუსტრიული სიმძლავრეების გადმოტანა, ასევე რამდენიმე ახალი მიმართულების განვითარებაც, მაგალითად, ერთობლივი თავისუფალი სავაჭრო, ინდუსტრიული და ტექნოლოგიური ზონების შექმნა და განვითარება.

აღნიშნული პოლიტიკის განხორციელებას ხელს უწყობს სავაჭრო-ეკონომიკური შეთანხმებები, რომელიც საქართველოს სხვადასხვა ქვეყნებთან აქვს გაფორმებული. კერძოდ, საქართველომ წარმატებით დაასრულა მოლაპარაკებები ევროკავშირთან და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმების ასამოქმედებლად. ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკება ინდოეთთან, რაც ქართველი მწარმოებლებისთვის იქნება დამატებითი გასაღების ბაზარი საკუთარი პროდუქციისთვის.

საქართველოს მთავრობა ექსპორტის დივერსიფიკაციის მიზნით, მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს სავაჭრო ურთიერთობების მაქსიმალური გამარტივებისა და ექსპორტის ხელშეწყობის ეფექტიანი პროექტების განხორციელებით. შედეგად, ყოველწლიურად არა მხოლოდ იზრდება საქართველოს ექსპორტი, არამედ ექსპორტის სტრუქტურაში გამოჩნდა ახალი პროდუქტები და შემცირდა ნედლეულის ექსპორტზე დამოკიდებულება.  თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებით, რომლებიც საქართველოს აქვს, ჩვენ მივიღებთ იმას, რომ სამომხმარებლო ბაზრის ზომა ქართული კომპანიებისთვის შეადგენს არა 3,7 მლნ ადამიანს, არამედ 2,3 მლრდ მომხმარებელს იმ ქვეყნებში, სადაც თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები ვრცელდება.

ვფიქრობთ, ფორუმის მონაწილეებისთვის არანაკლებ საინტერესო იქნება საქართველოს გამოცდილების მოსმენა ბიზნესის სტიმულირების ღონისძიებების მიმართულებით. ისინი მოიცავენ როგორც უშუალოდ საქმიანი ინიციატივების ხელშეწყობის პროგრამებს, როგორიცაა სამთავრობო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“, ანდა საქართველოს მწარმოებლებისთვის ხელმისაწვდომი საერთაშორისო ინსტრუმენტები, მათ შორის, „InnovFin“, რომელიც მოიცავს სესხებსა და გარანტიებს და ძირითად მიზანს ფინანსური ინსტიტუტებისთვის ინოვაციებისა და კვლევების დაფინანსება წარმოადგენს. ასევე მნიშვნელოვანია საგადასახადო ცვლილებები, რომელმაც ბიზნესს, განსაკუთრებით კი მცირე და საშუალო საწარმოებს, მოგების გადასახადის რეფორმის სახით მხოლოდ 2017 წლის პირველ 10 თვეში 370 მლნ ლარი დაუტოვა განვითარებისთვის. ქართული მოდელია, რომლის შედეგიანობასაც საქართველოს ხალხი მალე დაინახავს.

თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმისგან ჩვენ ველოდებით არაერთი მნიშვნელოვანი ერთობლივი პროექტის განხორციელებას, რომელშიც ქართულ ბიზნესთან ერთად, რეგიონის სხვა ქვეყნების კერძო სექტორის წარმომადგენლებიც მიიღებენ მონაწილეობას“, – განმარტავენ უწყებაში.

როგორც ეკონომიკის სამინისტროში აღნიშნავენ, ფორუმზე გაკეთდება პრეზენტაციები, თუ რა ნაბიჯები იდგმება საქართველოში ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნის განვითარებისთვის, რომლის ნაწილია საქართველო.

„აგრეთვე მნიშვნელოვანია, რომ ფორუმის უცხოელმა მონაწილეებმა უკეთ გაიცნონ საქართველოს საინვესტიციო და ბიზნეს გარემო, როგორც საუკეთესო ადგილი გლობალური ინვესტიციების განსახორციელებლად რეგიონში. ასევე მიეწოდებათ დეტალური ინფორმაცია უკვე განხორციელებული თუ დაგეგმილი პროექტების შესახებ, რომელთა მიზანსაც საქართველოს შესაძლებლობების უკეთ წარმოჩინება წარმოადგენს.  ვაჭრობა, ელექტრონული კომერცია, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა, ენერგეტიკა და ტრანს რეგიონული თანამშრომლობა აღნიშნულ სექტორში, ციფრული განვითარება, – ეს არის მცირე ჩამონათვალი იმ საკითხებისა, რომლებზეც საუბარი იქნება თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე.

ეს მიმართულებები და აგრეთვე სხვა საერთაშორისო თუ რეგიონული მნიშვნელობის საკითხები უაღრესად აქტუალურია სწორედაც რომ ერთი სარტყელი – ერთი გზის ინიციატივის ფარგლებში. აღსანიშნავია ისიც, რომ წლევანდელი ფორუმი არის 2015 წლის თბილისი აბრეშუმის გზის ფორუმის ლოგიკური გაგრძელება. ორი წლის წინ ჩვენ განსაკუთრებული აქცენტი გავაკეთეთ ტრანსკასპიური დერეფნის განვითარების მნიშვნელობაზე, რომელიც ერთი სარტყელი – ერთი გზის ინიციატივის ე.წ. შუა დერეფნად იქნა მოხსენიებული. საქართველო აღნიშნული დერეფნის შემადგენელია“, – აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში.

უწყების ინფორმაციით, დაგეგმილია არაერთი მემორანდუმის გაფორმება, რომლებიც ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში თანამშრომლობის გაღრმავებას შეეხება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები