LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საკონსტიტუციო სასამართლო წულუკიანის განცხადებებს დისკრედიტაციის მცდელობად აფასებს

54

თეა წულუკიანის მიერ გაკეთებული განცხადებები მიზნად ისახავს საკონსტიტუციო სასამართლოს დისკრედიტაციისა და მოსამართლეების  პოლიტიკურ დებატებში ჩართვის მცდელობას. საკონსტიტუციო სასამართლოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ იუსტიციის მინისტრის განცხადებები არა მხოლოდ უპასუხისმგებლო და უსაფუძვლოა, არამედ შეუფერებელია მისი თანამდებობისთვის.

„იუსტიციის მინისტრი წარმოადგენს აღმასრულებელი ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირს და მისი განცხადებები აღიქმება  სასამართლოზე და კონკრეტულ მოსამართლეებზე ზეწოლის მცდელობად.  გამოვთქვამთ იმედს, რომ გამოთქმული მოსაზრებები არ წარმოადგენს საქართველოს მთავრობისა და მისი ხელმძღვანელის პოზიციას.

შევახსენებთ მინისტრს, რომ სარჩელების განხილვის ვადებთან, ისევე როგორც საქმეთა განაწილების საკითხთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო სასამართლომ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა საზოგადოებას,“ – ნათქვამია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

იუსტიციის მინისტრმა დღეს განაცხადა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოსთან კითხვები აქვს :

”ამ პასუხებმა უნდა აჩვენოს, არის თუ არა საკონსტიტუციო სასამართლო, მისი თავმჯდომარე და პირველი კოლეგია პოლიტიკური თამაშის ინსტრუმენტი, არის თუ არა ეს ინსტიტუტი ამის გამო „ნაციონალური მოძრაობის“ სამსახურში. ჩემი გადასახედიდან ირღვევა რიგითობის პრინციპი. რატომ ირღვევა? ჩვენ თუ ავიღებთ მაგალითად „რუსთავი 2”-ის შვიდ საკონსტიტუციო სარჩელს, შვიდივე განიხილა პირველმა კოლეგიამ. რიგითობა ირღვევა. ეს ნიშნავს იმას, რომ პრობლემა შეიძლება ჰქონდეს ასეთი მიკუთვნების დროს საქმის ობიექტურდ გადაწყვეტას და პრობლემა შეიძლება ჰქონდეს მთლიანად საკონსტიტუციო სასამართლოს მიკერძოებულობის მხრივ”, – აღნიშნა წულუკიანმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები