LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საკრებულოსთან განვითარებულ მოვლენებზე შსს განცხადებას ავრცელებს

94

შსს თბილისის საკრებულოს მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განმარტებას ავრცელებს.

უწყების ცნობით, პოლიცია, ქალაქ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოთხოვნის შესაბამისად, განლაგებულია თბილისის საკრებულოს მიმდებარე ტერიტორიაზე, რათა თავიდან იქნას აცილებული საკრებულოს შენობაში საზოგადოებრივი უსაფრთხოების დარღვევა.

შსს-ს განცხადებაში აღნიშნულია, რომ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, პოლიციელი უფლებამოსილია პირს მოსთხოვოს გარკვეული ადგილის განსაზღვრული დროით დატოვება ან აუკრძალოს მას კონკრეტულ ტერიტორიაზე შესვლა, თუ ეს აუცილებელია საფრთხის თავიდან ასაცილებლად“.

იმის გათვალისწინებით, რომ საკრებულოს თავმჯდომარის მომართვა, ასევე, ღია წყაროებით მოპოვებული ინფორმაცია წარმოადგენდა საკმარის საფუძველს ვარაუდისთვის, რომ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის აქტივისტების საკრებულოს შენობაში შეშვებას, შესაძლოა, გამოეწვია ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება და საფრთხე შეექმნა მოქალაქეებისთვის, პოლიციამ მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება.

რაც შეეხება თბილისის საკრებულოს შენობაში საქართველოს პარლამენტის წევრების არშეშვების საკითხს, შსს-ში განმარტავენ, რომ რეგლამენტის თანახმად, პარლამენტის წევრს უფლება აქვს, შეუფერხებლად შევიდეს ყველა სახელმწიფო ორგანიზაციაში, გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გამონაკლისი შემთხვევებისა“. შესაბამისად, კანონი, რომელიც ამ უფლებას ანიჭებს პარლამენტის წევრს, თავადვე ადგენს შეზღუდვასაც სხვა საკანონმდებლო აქტებით დადგენილი გარემოებების სასარგებლოდ.

შსს-ში ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ პოლიცია მოქმედებს კანონის ფარგლებში, პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის დაცვით.