LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სალომე ასათიანი თავისი გადაცემის დახურვას ეხმაურება

137

ჟურნალისტი სალომე ასათიანი „პირველ არხზე“ მისი გადაცემის დახურვას სოციალურ ქსელში ვრცელი პოსტით ეხმაურება. ტელეჟურნალისტი აღნიშნავს, რომ ბევრმა სთხოვა აზრის გამოთქმა, ამიტომაც გადაწყვიტა, „ფეისბუქზე“ დაეწერა საკუთარი მოსაზრება.

გთავაზობთ მის მიერ გამოქვეყნებულ პოსტს.

„მეგობრებო და კოლეგებო, მომდის ძალიან ბევრი თხოვნა, რომ ჩემი აზრი გამოვთქვა გადაცემის დახურვასთან დაკავშირებით. ამიტომ გადავწყვიტე აქ დავწერო, ერთიანად, რასაც ვფიქრობ.

გადაცემა ინტერVIEW, რადიო თავისუფლების და საზოგადოებრივი მაუწყებლის პროექტი, ტელეეთერში გადიოდა დაახლოებით წელიწადნახევრის განმავლობაში. გადაცემას ჰქონდა სამი ძირითადი მიზანი. პირველი და უმთავრესი იყო დისტანცირებული, მწვავე, უკომპრომისო და სერიოზული საუბრები ე.წ. ძალაუფლების “ღერძებთან” – პოლიტიკურთან, მთავრობა იქნებოდა ეს თუ ოპოზიცია, რელიგიურთან, საზოგადოებრივთან თუ სხვა. მეორე – და ასევე ძალიან მნიშვნელოვანი – იყო იმ ადამიანების და ჯგუფების სირთულეების გაშუქება, რომელთა ხმაც ხშირად ვერ აღწევს საჯარო სივრცეში – უმცირესობების, ეკონომიკური უსამართლობის შედეგად ჩაგრული ხალხის, ვცდილობდით გვესაუბრა ან მათთან, ამ მათ შესახებ. და გადაცემის კიდევ ერთი “ხაზი” – ჩემი პერსონალური ამბიცია და ინტერესი – იყო, რაც შეიძლება ხშირად მოგვეწვია უცხოელი ინტელექტუალები, ანალიტიკოსები, პოლიტიკოსები, ხელოვანები და ასევე სიღრმისეულად განგვეხილა დასავლეთის პოლიტიკაში, აკადემიაში, კულტურაში მიმდინარე დისკუსიები თუ პროცესები – საინტერესო წიგნები, სპექტაკლები, მოსაზრებები.

ვთვლი, რომ ამ მიზნებისთვის ვმუშაობდით ბევრს და პატიოსნად. მესმის, რომ ბევრს, ვინც ეს გადაცემა იცის, პირველ რიგში “ივანიშვილთან ინტერვიუ” ახსენდება ხოლმე – რადგან სწორედ მაშინ ველაპარაკეთ ძალაუფლების მთავარ “ღერძს”, იქნება ეს პოლიტიკური თუ ეკონომიკური თვალსაზრისით. მაგრამ ასეთივე უკომპრომისობას ვცდილობდით ყველა სხვა შემთხვევაშიც, როცა ჩვენი სტუმარი პოლიტიკოსი ან საზოგადოების წინაშე რაიმე ფორმით ანგარიშვალდებული პირი იყო.

ყოველგვარი რევერანსების გარეშე ვამბობ – ჩემთვის ამ პროცესში მთავარი იყო ის, რომ ჩვენი, თუნდაც ძალიან მცირე, მაგრამ მაინც წვლილი შეგვქონდა საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეის და ინსტიტუტის განვითარებაში. ეს იდეა ჩემთვის ლამის საკრალურობამდე ძვირფასია. და საზმაუზე მენეჯმენტის შეცვლისთანავე ჩემთვის უკვე ცხადი იყო, რომ მთავარ პირობას – მმართველ პოლიტიკურ კლასთან კრიტიკული დისტანციის შენარჩუნებას – ეს მაუწყებელი ვეღარ შეძლებდა. ამ ყველაფერში მთავარი პრობლემა არა “ჩემი გადაცემის დახურვა”, არამედ ის საფრთხეა, რომლის წინაშეც საზმაუ დგას ახლა.

ამ ეტაპზე ეს იყოს. სხვა ამბებზე მერე“. – აღნიშნავს სალომე ასათიანი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები