LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სალომე ღვინიაშვილის ბრჭყვიალა ახალი წელი – „შეგიძლიათ, ჩაცმულობაშიც გამაიმუნდეთ!..“

517

სალომე ღვინიაშვილმა დიდი ხნის ოცნება აისრულა და აბაშიძეზე საკუთარი ბრენდის შოურუმი გახსნა. მას სწორედ იქ ვესტუმრეთ და საახალწლოდ რჩევებიც მივიღეთ მოდურ ტენდენციებთან დაკავშირებით. სალომემ რამდენიმე თავის კოსტიუმში ჩვენი ფოტოკამერის წინ იპოზიორა.

სალომე ღვინიაშვილი:

წლევანდელი წელი ჩემთვის მართლაც წამრატებული იყო. დიდხანს ველოდებოდი ამას, რომ ჩემი ატელიე და ხაზი მქონოდა. ამას ვერ ვახერხებდი გარკვეული მიზეზების გამო, 8 წელიწადი არ მიცხოვრია საქართველოში. როცა თბილისში დავბრუნდი და დავფუძნდი, გადავწყვიტე ჩემი ბრენდის გაკეთება. ძალიან გახარებული ვარ, დილით ადგომა მიხარია, მოვდივარ და ვაკეთებ საყვარელ საქმეს.

აქ არის ატელიე, პატარა შოურუმი, მაღაზიას ალბათ, გაზაფხულიდან გავხსნი, თუმცა შოურუმის პრინციპიც მომწონს, ჯერ ორი კვირაა, რაც ვმუშაობთ და უამრავი ადამიანი მოდის. მოსწონთ და აფასებენ ხარისხს, რაც ჩემთვის ყველაზე მთავარია. არის რაღაცები, რასაც აქ ვყიდულობ, მაგრამ ძირითადად, ნაჭრები ჩამოტანილი მაქვს.

2016 წლის ტენდენციებზე გვითხარი რამდენიმე სიტყვით და ახალი წლის მოდაზე…

მომავალი წელი არის ბრჭყვიალა და კაშკაშა, კონკრეტული ფერები არ არის დაკონკრეტებული, მიუხედავად იმისა, რომ წითელი მაიმუნის წელია. შარშან თუ მწვანე არ მეცვა, ეს არაფერს ნიშნავს ჩემთვის, ეს ცრურწმენა მგონია და არ მჯერა. ზოგადად, ქალი სულ უნდა ბრწყინავდეს და ამისთვის დღესასწაული არ არის აუცილებელი…

ახალი წელი ჩემთვის ექსტრავაგანტურობასთან ასოცირდება, შეგიძლია, ძალიან გაბრწყინდე, გადაუხვიო ყველა ტენდენციას და შეიმოსო ისე, როგორც გინდა, რადგან ზოგადად, მაიმუნის წელი გიჟურია და შეგვიძლია, ჩაცმულობაშიც ბოლომდე გავმაიმუნდეთ (იცინის).

შენს შოურუმში ფეხსაცმელებიც ვნახე…

ფეხსაცმლის დიზაინსაც ვქმნი. ახლა სქელი ქუსლია მოდური. არ არის კარგი სანახავი, როდესაც ქალი წვრილ ქუსლზეა შემდგარი და კარგად ვერ დადის, ამიტომ სქელი ქუსლი, ლამაზთან ერთად, პრაქტიკულიცაა. ახლა ძალიან ტენდენციურია წვრილი ცხვირი და სქელი ქუსლი.

აქსესუარები…

მე ჩანთებს არ ვაკეთებ, მაგრამ ტენდეციებზე შემიძლია ვილაპარაკო. ახლა მთავარია, ჩანთაში ტელეფონი და ბარათი ჩაგეტიოს (იცინის).

სალომე, გაქვს საახალწლო ტრადიციები?

ოჯახთან ერთად ვხვდები ამ დღესასწაულს, სახლში, ნაძვის ხესთან, საჩუქრებით. სანტა კლაუსი მათთვის არსებობს, დღეს ტასუნამ, რომელიც უკვე 9 წლისაა, მითხრა, კლასელმა მომატყუა, რომ სანტა კლაუსი არ არსებობსო. მე რომ 9 წლის ვიყავი, უკვე ვიცოდი, რომ საჩუქრები სანტას არ მოჰქონდა. ჩვენთან კი ბავშვებთან ერთად წერილებიც იზრდება, შესაბამისად, მოთხოვნებიც (იღიმის).

შენ გყავს შენი სანტა?

ძალიან კარგი სანტა მყავს და ჩემს სანტასაც –  ძალიან კარგი ფიფქია (იღიმის).

იცი საახალწლო კერძებისა და ნუგბარის მომზადება?

არ მოვიტყუები, საცივი არასდროს მომიმზადებია, მაგრამ გოზინაყი გამიკეთებია. ძალიან მიყვარს ზოგადად საახალწლო სამზადისი, შოპინგი, პროდუქტების ყიდვა, სახლის მორთვა, ნაძვის ხის აწყობა. ამ დროს ასევე ძალიან მიყვარს თბილისი, თავისი განსაკუთრებული აურით და მართლა ძალიან ლამაზია. გუშინ ღამე მეგობრებთან ერთად ვისეირნე რუსთაველზე, რამდენიმე დღის წინ ბერლინიდან ჩამოვედი და ასეთი ლამაზი არ იყო… ლონდონში, ნიუ-იორკში ძალიან ლამაზი მორთულობები მინახავს, მაგრამ ჩემთვის თბილისი ყველაზე მომხიბვლელია.

ფოტოგრაფი: დათუნა აგასი

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები