LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სალომე ზურაბიშვილთან ბრძოლა ყველა კანდიდატს გაუჭირდება – გია ვოლსკი

81

პარლამენტის ვიცე სპიკერის გია ვოლსკის მოსაზრებით, იმ შემთხვევაში, თუ სალომე ზურაბიშვილი საპრეზიდენტო არჩევნებში ჩართვას გადაწყვეტს, მასთან ბრძოლა ყველა კანდიდატს გაუჭირდება.

ჟურნალისტებთან საუბარში ვოლსკი აღნიშნავს, რომ „ქართული ოცნების“ მხრიდან საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით ნაჩქარევი გადაწყვეტილებების მიღება და განცხადებების გაკეთება საჭირო არ არის.

„თუ სალომე ზურაბიშვილი გეგმავს, რომ საკუთარი თავი პრეზიდენტობის კანდიდატად დააყენოს, არ ნიშნავს, რომ „ქართული ოცნება“ იმ პოზიციაზე იქნება, რომ მას მხარი დაუჭიროს, თუმცა დამოუკიდებელი კანდიდატის მხარდაჭერა და არჩევა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. საწინააღმდეგო არგუმენტებიც არსებობს, რაც ჯერ არ განგვიხილავს. რაც შეეხება ზურაბიშვილს, მასთან ბრძოლა ყველა კანდიდატს გაუჭირდება, რადგან ბევრი პოზიტივი აქვს, თუნდაც, მისი ფრანგული ბექგრაუნდი გაიხსენეთ, ასევე ის, გაერო-ს დესპანი რომ იყო ირანში, საქართველოდან რუსული ბაზების გაყვანაზე მრავალმხრივი მოლაპარაკებები აწარმოა და ა.შ. ეს მისი პოზიტიური საქმიანობის მცირე ჩამონათვალია. „ქართული ოცნება“ გადაწყვეტილებას მიიღებს და ეს სახელმწიფოს საუკეთესო ინტერესებზე იქნება დამყარებული და არა პარტიულ ინტერესებზე,“ – დასძინა ვოლსკიმ.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელის ეკა ბესელიას ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილმა, რომელსაც საქართველოსა და საფრანგეთის ორმაგი მოქალაქეობა აქვს, საფრანგეთის მოქალაქეობიდან გასვლა უკვე მოითხოვა. ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირს საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებზე კენჭისყრის უფლება არ აქვს.