LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამართალდამცავებმა “ალფას” და “კენტავრის” დაყაჩაღებაში ბრალდებული სამი პირი დააკავეს

100

სამართალდამცავებმა შპს „ალფაზე“ თავდასხმაში ბრალდებულები დააკავეს.

ამის შესახებ შსს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

სამი შეიარაღებული პირი, თანამზრახველთან ერთად, თბილისში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე, მდებარე შპს “ალფას” 22 სექტემბერს დაესხა თავს. უწყების ინფორმაციით, მათ კომპანიის დარაჯს თავის არეში ცეცხლსასროლი იარაღის ტარით დაზიანება მიაყენეს. დარაჯმა განგაშის ღილაკზე ხელის დაჭერა შეძლო, რის შემდეგაც თავდამსხმელებმა შემთხვევის ადგილიდან მიმალვა სცადეს.

შსს-ს ინფორმაციით, ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით, სამივე პირი შემთხვევის ადგილზე დააკავეს. მათი თანამზრახველის დაკავების მიზნით კი  სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებები მიმდინარეობს.

“პოლიციამ შემთხვევის ადგილიდან ცეცხლსასროლი იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო. დაკავებულებმა მათ მიერ მიმდინარე წლის 15 სექტემბერს თბილისში, აღმაშენებლის ხეივანში, შპს „კენტავრის“ დაყაჩაღების ფაქტიც აღიარეს. ერთ-ერთი დაკავებულის – ს.მ.-ს ავტომანქანის ჩხრეკისას ამოღებულია შპს „კენტავრის“ დაყაჩაღებისას წაღებული რამდენიმე ავტონაწილი,” – ნათქვამია განცხადებაში.

2017 წლის 24 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ სამივე დაკავებულს, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა.

“შსს-ს დროებითი მოთავსების იზოლატორში მოთავსებამდე, სამივე დაკავებულს ჩაუტარდა შესაბამისი სამედიცინო შემოწმება. ბრალდებულ ს.მ-ს სხეულზე, გარეგნული დათვალიერებით, დაზიანებები აღენიშნებოდა. დაკავებულის განმარტებით, დაზიანებები დაკავების დროს, წაქცევის შედეგად მიიღო. მან, ასევე, წერილობით დააფიქსირა, რომ პოლიციის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია და უარი განაცხადა ფოტოგადაღებაზე. აღნიშნულის თაობაზე შსს-ს დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტმა აცნობა შსს-ს გენერალურ ინსპექციას და ქალაქ თბილისის პროკურატურას.

“მიმდინარე წლის 26 სექტემბერს ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრის იურისტმა შსს-ს გენერალურ ინსპექციის ცხელ ხაზზე – 126 გააკეთა სატელეფონო შეტყობინება პოლიციის თანამშრომლების მიერ ერთ-ერთი დაკავებულის მიმართ ჩადენილი შესაძლო ძალადობის შესახებ. შეტყობინების მიღების შემდეგ, გენერალური ინსპექციის თანამშრომლები ორი დღის განმავლობაში ცდილობენ შეტყობინების ინიციატორთან დაკავშირებას, თუმცა ამ დრომდე მასთან სატელეფონო კომუნიკაციის დამყარება ვერ ხერხდება.

“მიმდინარე წლის 27 სექტემბერს შსს-ს გენერალურ ინსპექციას განცხადებით მიმართა დაკავებულის ადვოკატმა. ვინაიდან აღნიშნული განცხადება და ასევე, 26 სექტემბერს ცხელ ხაზზე გაკეთებული შეტყობინება შეიცავს ინფორმაციას შესაძლო სისხლის სამართლებრივი დანაშაულის შესახებ, შსს-ს გენერალური ინსპექციის მიერ ორივე მათგანი, შემდგომი რეაგირების მიზნით, ქალაქ თბილისის პროკურატურაში გადაიგზავნა,” – აღნიშნულია შსს-ის განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები