LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამართალდამცავის შეურაცხყოფა 10 ათასი ლარითაც კი უნდა ისჯებოდეს – ნათია მეზვრიშვილი

94

სამართალდამცავის შეურაცხყოფა არათუ 1000 ლარიდან 4 ათას ლარამდე ჯარიმით, არამედ 10 ათასი ლარითაც კი უნდა ისჯებოდეს, – ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვერიშვილმა პარლამენტში, ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებები წარადგინა.

“საუბარია იმ ადამიანების შეურაცხმყოფლების, მაგინებლების, წინააღმდეგობის გამწევების მიმართ ჯარიმის გაზრდაზე, რომლებიც ამ დარბაზში მსხდომი ადამიანების უსაფრთხოებას ყოველდღიურად – დღისით და ღამით იცავენ. პირადად მე ამ თემაზე საუბარი მეუხერხულება. საუბარია ჯარიმის გაზრდაზე იმ პირობებში, როდესაც გვაქვს მზარდი სტატისტიკა, როცა ნასვამ მდგომარეობაში, ფხიზელ მდგომარეობაში მყოფი კანონის არამორჩილი მოქალაქეები თითქმის ყოველდღიურად შეურაცხყოფას აყენებენ, აგინებენ სამართლდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს. თქვენ ახლა აქ მესაუბრებით იმაზე, რომ ვარღვევთ რაღაც საერთაშორისო პრინციპებს, ვეწინააღმდეგებით საკონტიტუციო სასამართლოს დადგენილ პრაქტიკას, შემოგვაქვს არაკონსტიტუციური ნორმები, როდესაც ვზრდით ჯარიმის ოდენობას იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც არ ემორჩილებიან პოლიციელების განა უკანონო მოთხოვნას – არ ემორჩილებიან პოლიციელების კანონიერ მოთხოვნას. საუბარია კანონიერ მოთხოვნაზე!“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა

დღეს არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან კრიტიკის საგანი იყო კანონში დაგეგმილი ცვლილება, რომლითაც იზრდება ადმინისტრაციული ჯარიმის ოდენობა სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის, სამხედრო მოსამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის, აღსრულების პოლიციელის ან სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობაზე და მათთვის შეურაცხყოფის მიყენებაზე. ამგვარი ქმედება 1 000 ლარიდან 4 000 ლარამდე დაჯარიმებას გამოიწვევს.

ასევე ძალაში რჩება 15 დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობის შეფარდების ნორმა.