LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამართალდამცველთა მიერ ჩადენილ შესაძლო არასათანადო მოპყრობის შემთხვევებს სახელმწიფო ინსპექტორი გამოიძიებს

96

იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით შემუშავებული კანონი დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შესახებ „საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნდა. იუსტიციის სამინისტროს ცნობით, სამართალდამცველთა მიერ ჩადენილი შესაძლო არასათანადო მოპყრობის შემთხვევების გამოსაძიებლად დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი იქმნება.

„ამგვარ დანაშაულებს დამოუკიდებელი ინსტიტუტი – სახელმწიფო ინსპექტორი გამოიძიებს. რეფორმასთან დაკავშირებული კანონი, რომლის შემუშავებასაც საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ედგა სათავეში, საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა და ის ძალაში მომავალი წლიდან შევა. რეფორმის პაკეტი, მანამ, სანამ მას ჯერ საქართველოს მთავრობა, ხოლო შემდეგ პარლამენტი განიხილავდა, სისხლის სამართლის უწყებათაშორისი საბჭოს ფარგლებში განიხილეს და დაამტკიცეს. შეიქმნა სრულიად ახალი კანონი „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“. სახელმწიფო ინსპექტორი წამებისა და არასათანადო მოპყრობის იმ შემთხვევებს გამოიძიებს, რომლებიც სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლების მიერ იქნება ჩადენილი; გააკონტროლებს პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერებას, აგრეთვე, ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებულ საქმიანობას,“ – აცხადებენ იუსტიციის სამინისტროში.

სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობა არჩევითი იქნება. მას საკონკურსო კომისია შეარჩევს, რომელიც პრემიერის ბრძანებით შეიქმნება.

უწყების ცნობით, სახელმწიფო ინსპექტორის გამოსაძიებელი საქმეების მიმართ კანონმდებლობით დადგენილ საპროცესო ხელმძღვანელობას და ზედამხედველობას საქართველოს პროკურატურა განახორციელებს.