LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამი თაობის მეშახტე დღეს ახალ სამსახურს ეძებს – ტრაგედია, რომლის მერეც ყველაფერი აზრს კარგავს

283

„მამაჩემი მეშახტე იყო, ჩემი ბაბუაც მეშახტე იყო. ოთხი ძმა ვართ და ოთხივე შახტაში ვმუშაობთ“ – სამი თაობის მეშახტე დღეს ახალ სამსახურს ეძებს. 29 წლისაა, უკვე ათი წელია მაღაროში მუშაობს, მის სოფელში სხვა ალტერნატივის არარსებობის გამო – ყოველი დღის 8 საათს მიწის ქვეშ ატარებს… შვილებისთვის, ოჯახისთვის, საარსებო მინიმუმისთვის.

„სხვა სამსახური მინდა, იმიტომ, რომ 10 წელიწადია ვმუშაობ და გლახის მეტი არაფერი მინახია იქ. 29 წლის ვარ, იქ გავიზარდე ფაქტიურად. ცვლის უფროსი რომ ვიყავი, რეკორდიც კი მოვხსენი ნახშირის ამოტანაში. პრემიაც გამომიწერეს, სამჯერ დაიწერა 200 ლარიანი პრემია და როგორც ახლა მე თქვენთვის არ მომიცია არაფერი, ისე ჩემთვის არ მოუციათ არაფერი. დამეკარგა ყველანაირი შრომის აზრი“ – უყვება „ფორტუნას“ ახალგაზრდა მაღაროელი.

ჩვენს რესპოდენტს, ძლიერ უსაფრთხოების სამსახურზე მხოლოდ მაღაროელი ბაბუისგან სმენია. სამსახური, რომელიც მუშების სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე აგებს პასუხს, დღეს საკუთარ მოვალეობას ჯეროვნად ვერ ასრულებს.

„ბაბუაჩემის დროს უსაფრთხოების სამსახურს იმხელა უფლება-მოვალეობა ჰქონდა, დღეს უსაფრთხოების სამსახური უფრო იმას აკვირდება, სპეცფორმა რომ იყიდეს, აუცილებლად გვეცვას და გამოვაჩინოთ. ისეთი ცივია ის სპეცფორმა, ზემოდან ქურთუკი უნდა ჩაიცვა“.

ადამიანები, რომლებსაც განსაკუთრებით მძიმე პირობებში უწევთ მუშაობაც და ცხოვრებაც, არანაირი სოციალური შეღავათით და დახმარებით არ სარგებლობენ, არც მუშაობის პერიოდში და არც პენსიაზე გასვლის შემდეგ.

8 საათი მიწის ქვეშ ვართ, იქ ფიზიკურად ვერც შეჭამ, მხოლოდ წყალი გვაქვს, ზემოთ რომ ამოვდივართ სასადილო გვაქვს, მაგრამ ფული თუ არ გექნა ჯიბეში, ისე ვერ შეჭამ. მე არ ვსარგებლობ სასადილოთი”, – გვიყვება ჩვენი მაღაროელი რესპოდენტი.

რა მოხდა მინდელის მაღაროში: მეშახტის ვერსია

„შახტას რისკები სულ აქვს და სულ ექნება. მე ბაბუაჩემისგან ვიცი, შეიძლება პატარა რაღაცა იტკინო, მოხდეს რაღაცა, მაგრამ… ისეთი მდგომარეობა არ უნდა იყოს, რომ ადამიანი შეეწიროს… ლიფტის ბაგირი იყო მოხსნილი და დადებული „ბალკაზე“. ის „ბალკა“ გატყდა და ჩავარდა ქვემოთ. ბაგირი დაბმული უნდა ყოფილიყო“ – გვიყვება მაღაროელი.

 


ვინ აგებს პასუხს მაღაროელების სიცოცხლეზე?

24 დაღუპული და 19 დაშავებული 2010 წლიდან დღემდე – ასეთია მაღაროელების და მათი ოჯახების ტრაგედია ციფრებში.

240-ე მუხლით, რომელიც შრომის უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, ბოლო 4 წლის განმავლობაში 260 საქმე აღიძრა. აქედან 60 გამამტყუნებელი განაჩენით დასრულდა, საპატიმრო სანქცია არც ერთ შემთხვევაში არ ყოფილა გამოყენებული და საქმეები მორიგებით დასრულდა.

გაირკვა, რომ კანონი მაღაროელის ოჯახს ფინანსური გარანტიებითაც არ იცავს. მეტალურგიული და სამთო მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირის თავმჯდომარის, თამაზ დოლაბერიძის ინფორმაციით, მაღაროელის გარდაცვალების შემთხვევაში ოჯახმა კომპანიის ბრალის დასამტკიცებლად სასამართლოს უნდა მიმართოს. მოგების შემთხვევაში თუ გარდაცვლილს სრულწლოვანი შვილები და დასაქმებული მეუღლე დარჩა, ოჯახი კომპენსაციას საერთოდ ვერ მიიღებს.

რაიონში, სადაც სამუშაო ადგილები ასარჩევად ნამდვილად არ არის და ხელფასებიც ძალიან დაბალია, ოჯახები კომპანიის „კეთილი ნებით“ გამოყოფილ კომპენსაციას იღებენ და ყველაფერი ამით სრულდება.

 

თამუნა გოგუაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები