LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამხრეთ-კავკასიური გაზსადენის გაფართოების პროექტზე მუშაობა სრულდება

88

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ბაქოში თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრს ბერატ ალბარაიქს შეხვდა. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, დიმიტრი ქუმსიშვილი აზერბაიჯანში მიმდინარე სამხრეთის გაზის კორიდორის მრჩეველთა საბჭოს მე-4 მინისტერიალში მონაწილეობს.

”შეხვედრაზე მხარეებმა დიდი მნიშვნელობა მიანიჭეს საქართველოსა და თურქეთს შორის ნაყოფიერ და სტრატეგიულ თანამშრომლობას ენერგეტიკის სფეროში. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა აზერბაიჯანული ნახშირწყალბადების ევროპის ბაზარზე მიწოდების საკითხზე, საქართველოსა და თურქეთის გავლით. კერძოდ, აღინიშნა, რომ საქართველო, თურქეთსა და აზერბაიჯანთან ერთად, ჩართულია ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) ნავთობსადენისა და სამხრეთ-კავკასიური გაზსადენის (SCP) პროექტებში, რომლებიც დღეისთვის წარმატებით ფუნქციონირებენ. ითქვა ისიც, რომ დასასრულს უახლოვდება სამუშაოები სამხრეთ-კავკასიური გაზსადენის გაფართოების პროექტზე, რომელსაც განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება აზერბაიჯანული, კარძოდ, შეჰ-დენიზის საბადოს ათვისების მე-2 ფაზიდან მიღებული და ზოგადად, „სამხრეთის გაზის დერეფნის“ განვითარების მიზნით”, -აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ „სამხრეთის გაზის დერეფნის“ ამოქმედებას ისტორიული მნიშვნელობა ენიჭება როგორც მთელი რეგიონისათვის, პირველ რიგში კი აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთისთვის, ასევე ევროკავშირის გაზმომომარაგების დივერსიფიკაციისა და ენერგეტიკული უსაფრთხოების ამაღლების კუთხით. ასევე, ყურადღება გამახვილდა ტრანსკასპიური მილსადენის პროექტზე, რომლის მიზანიცაა თურქმენული გაზის მიწოდება ევროპის ბაზარზე საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის სატრანზიტო შესაძლებლობების გამოყენებით.

გარდა ამისა, შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ქვეყნებს შორის თანამშრომლობაზე ელექტროენერგეტიკის სფეროში, მათ შორის, ელექტროენერგიით ტრანსსასაზღვრო ვაჭრობის მექანიზმების და საქართველოსა და თურქეთის დამაკავშირებელი გადამცემი ქსელის განვითარების მიმართულებით და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები