LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამთავრობო ცვლილებების მოლოდინში – რა ვერსიები აქვთ უმრავლესობის დეპუტატებს

90

მე არ ველოდები, რომ პარლამენტიდან ვინმეს მიიწვევენ მთავრობაში, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ზაქარია ქუცნაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ჟურნალისტები დაინტერესდნენ, ახალ სამთავრობო გუნდში იქნებიან თუ არა ადამიანები დეპუტატების რიგებიდან, ქუცნაშვილმა უპასუხა, რომ რადიკალურად ამის გამორიცხვა არ შეიძლება, თუმცა პირადად ის ამას არ ელოდება.

დეპუტატის თქმით, მისი მხრიდან მამუკა ბახტაძისთვის მითითება, რომელი მინისტრი მიიწვიოს მთავრობის ახალ შემადგებლობაში, არასწორი იქნება. კითხვაზე, უნდა მოხდეს თუ არა სამინისტროების ოპტიმიზაცია კიდევ უფრო, ქუცნაშვილი პასუხობს, რომ შესაძლებელია კიდევ 2-3 უწყების შერწყმა ერთმანეთთან.

ფრაქცია “სოციალ-დემოკრატების” თავმჯდომარე გია ჟორჟოლიანი კი ფიქრობს, რომ ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი შეიცვლება. როგორც ჟურნალისტებს ჟორჟოლიანმა განუცხადა, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა თანამდებობა არ უნდა დატოვოს.

„თუ თეა წულუკიანი ამას მოინდომებს და სხვა გეგმები აქვს, ეს სხვა ამბავია. ვფიქრობ, რომ წულუკიანი ცუდად არ მუშაობს, კომპეტენტურად მუშაობს და მთელი რიგი პრობლემები რაც არსებობს, მის საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის. გიორგი გახარიამ მუშაობა კარგად დაიწყო, ლევან იზორიასთან პრეტენზია არავის არ აქვს. საგარეო მიმართულება იგივე გვექნება, რაც გვაქვს, რადგან ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მიმართულებაა და ამ თვალსაზრისით რადიკალური ცვლილება არ უნდა იყოს,“ – აღნიშნა ჟორჟოლიანმა.

სამთავრობო ცვლილებებზე საუბრობს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი კობა ნარჩემაშვილი. როგორც ის აცხადებს, გამორიცხული არ არის, სამთავრობო ცვლილებები რამდენიმე მინისტრს შეეხოს.

“მე რომელიმე კანდიდატზე არც უარვყოფ და არც ვადასტურებ არაფერს. მე ვფიქრობ, რომ თუ შინაარსობრივ ცვლილებებზე იქნება საუბარი, მე არ გამოვრიცხავ უფრო მეტ ცვლილებებსაც. ეს პრემიერობის კანდიდატის უფლება და პრეროგატოვაა და დავუტოვოთ ეს უფლება მას,” – განაცხადა ნარჩემაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები