LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამუშაო ადგილებზე 1 წლის მანძილზე 40-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა

67

„2016 წელს საქართველოში სამუშაო ადგილებზე 40-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა“  – ინფორმაციას „სამოქალაქო ინიციატივებისა და დემოკრატიის ინსტიტუტი“ ავრცელებს.

ორგანიზაციის ინფორმაციით, კიდევ ერთი ფატალური შემთხვევაა, რომელიც საქართველოში შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დარღვევაზე მიუთითებს, რამდენიმე დღის წინ,  12 აპრილს მოხდა – ჭიათურის გამამდიდრებელ კომბინატ ცოფ-1- ში ზეინკალი მესამე სართულის კიბიდან ჩამოვარდა და პირველ სართულზე დაცემისას გარდაიცვალა.

არასამთავრობო ორგანიზაცია შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დარღვევაზე მიუთითებს და აღნიშნავს, რომ ქვეყანაში არ არსებობს ორგანო, რომელიც დასაქმების ადგილებში დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, კომპანიებს კონკრეტულ სანქციებს დააკისრებს.

სამოქალაქო ინიციატივებისა და დემოკრატიის ინსტიტუტი მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ვალდებულია, დაიცვას დასაქმებული ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობა. დაუყოვნებლივ უნდა შექმნას მინიმალური მექანიზმები ამის უზრუნველსაყოფად, შრომის ინსპექციისა და შრომის უსაფრთხოების თანამედროვე სტანდარტების სახით,“ – აღნიშნულია არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებაში.

 

რას აკეთებს შრომის ინსპექტირების დეპარტამენტი

2015 წელს ჯანდაცვის სამინისტროში შრომის ინსპექტირების დეპარტამენტი შეიქმნა. სამინისტროს დებულების მიხედვით, დეპარტამენტი პრევენციული ხასიათის ღონისძიებებს ატარებს. ინსპექტორები გადიან დასაქმების ადგილებში, ამოწმებენ, რამდენად დაცულია შრომის სტანდარტები, თუმცა დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, სანქციების დაკისრების უფლება არ აქვთ და მხოლოდ წერილობითი რეკომენდაციით შემოიფარგლებიან.
„სამოქალაქო ინიციატივებისა და დემოკრატიის ინსტიტუტში“ აღნიშნავენ, რომ სახელმწიფო ვერ ასრულებს საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულებით აღებულ ვალდებულებებს.

„შრომის ინსპექტირების დეპარტამენტს არ გააჩნია სანქციების გამოყენების უფლებამოსილება. გარდა ამისა, შემოწმების შედეგები არ არის სავალდებულო და დეპარტამენტს შეუძლია შეამოწმოს მხოლოდ ის დაწესებულებები, რომლებიც შემოწმებაზე გამოთქვამენ თანხმობას. დეპარტამენტის ფუნქციები არ აკმაყოფილებს ვალდებულებებს, რაც სახელმწიფოს ასოცირების ხელშეკრულებით აქვს აღებული“ – აცხადებენ „სამოქალაქო ინიციატივებისა და დემოკრატიის ინსტიტუტში“.

 

 ვინ დაიცავს  დასაქმებულთა უფლებებს

ჯანდაცვის სამინისტროში ადასტურებენ, რომ ამ ეტაპზე დასაქმების ადგილებში შრომითი უფლებების დაცვის მექანიზმები არ არსებობს, თუმცა მომზადდა საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც სავარაუდოდ, 2018 წლიდან ამოქმედდება.

კანონში შესატანი ცვლილებების მიხედვით, შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის ფუნქციები იზრდება, შეძლებენ სანქციების დაწესებასაც.

შრომისა და დასაქმების პოლიტიკის ხელმძღვანელი ელზა ჯგერენაია ამბობს, რომ  ცვლილებების მიხედვით, დასაქმების ადგილებში უნდა დაიწყოს როგორც გეგმიური შემოწმებები, ასევე შემოწმებები ცხელი ხაზის ან ანონიმურად შემოსული შეტყობინებების საფუძველზე.

„კომპანიებში, სადაც ხდება უბედური შემთხვევები, ინტენსიურად მიმდინარეობს კონსულტაციები, ვაწვდით რეკომენდაციებს, რათა დროულად იყოს რისკები იდენტიფიცირებული“- განაცხადა ელზა ჯგერენაიამ.

 

გვანცა ბზიავა

პოპულალურები