LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სანდრო ბრეგაძეს დაზიანებები არ აღენიშნება – ღუდუშაურის კლინიკის ექიმი

338

„პაციენტს ტრავმის კვალი და დაზიანებები არ აღენიშნება, კლინიკაში თავისი მოთხოვნით არის მოთავსებული“,- ამის შესახებ ჟურნალისტებს ღუდუშაურის კლინიკის ნერვოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელმა, ნინო აქიაშვილმა განუცხადა.

ექიმის თქმით, პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

20 მარტს „ქართულმა მარშმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სანდრო ბრეგაძე პოლიციამ სასტიკად სცემა და ის ღუდუშაურის საავადმყოფოშია გადაყვანილი.

მათვე გამოაქვეყნეს ფოტოც, სადაც პალატაში მყოფი სანდრო ბრეგაძე ჩანს. მოგვიანებით „ქართულმა მარშმა“ „ფეისბუქიდან“ ეს ფოტო და ინფორმაცია წაშალა.

სანდრო ბრეგაძე კლინიკაში, სავარაუდოდ, ვაკე-საბურთალოს პოლიციის განყოფილებიდან გადაიყვანეს, სადაც „რუსთავი 2-თან“ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით დაკითხვაზე იმყოფებოდა.

19 მარტს „ქართული მარშის“ წევრებმა „რუსთავი 2-თან“ აქცია გამართეს. მათ გიორგი გაბუნიას გზა გადაუკეტეს და P.S.-ში ქრისტესთან დაკავშირებული განცხადების გამო ჟურნალისტისგან ბოდიშის მოხდას ითხოვდნენ. „რუსთავი 2-ის“ ინფორმაციით, აქციის მონაწილეები თავს დაესხნენ „კურიერის“ ჟურნალისტს დავით ერაძეს, რომელიც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა.