LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საპატრიარქო: სომეხთა სამოციქულო ეკლესია ადასტურებს, რომ კუმურდოს ტაძარი ქართულია

168

30 სექტემბერს სოფელ კუმურდოში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით საპატრიარქომ ერთობლივი მიმართვა გაავრცელა. საპატრიარქოს თქმით, ტაძრის წარმომავლობასთან გავრცელებული ინფორმაცია დეზინფორმაციაა:

“სომეხთა სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქია ადასტურებს, რომ ტაძარზე პრეტენზია არა აქვს და მას ქართულად მიიჩნევს.”

მიმართვაში ნათქვამია, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დღეს საქართველოს საპატრიარქოში საქართველოს სახელმწიფოს შესაბამისი უწყებების, საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიისა და სომეხთა სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქიის წარმომადგენელთა შორის შეხვედრა გაიმართა.

30 სექტემბერს, ახალქალაქის რაიონის სოფელ კუმურდოში ადგილობრივი მოსახლეობა კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ეკლესიის ეზოში შესვლას აპირებდა. ადგილობრივები ტაძრის ეზოში ტრადიციული სომხური ჯვრის – ხაჩკარის აღმართვას გეგმავდნენ. იქიდან გამომდინარე, რომ ტაძარს სარესტავრაციო სამუშაოები უტარდებოდა დაცვის პოლიციამ ტერიტორიაზე არ შეუშვა, რასაც ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. ადგილზე ჩასული იყო შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი. 

შსს-ის ინფორმაციით, დაპირისპირების შედეგად ოთხი პოლიციელი დაშავდა, ასევე დაზიანდა შსს-ს კუთვნილი რამდენიმე მანქანა.