LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით მსოფლიოს 13 ქვეყანას შორის მოხვდა

171

პენიტენციურ სისტემაში განხორციელებული რეფორმებით საქართველო ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის ინიციატივაში „Good Human Rights Stories” (GHRS) მოხვდა, როგორც ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში სამაგალითო და წარმატებული ქვეყანა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ინიციატივა და მასში შემავალი ქვეყნები გაეროს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიის ფარგლებში ორგანიზებულ სპეციალურ ღონისძიებაზე წარადგინეს, რომელიც გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტიერეშმა და ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო ურთიერთობათა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ფედერიკა მოგერინიმ გახსნეს.

„ამ წარმატებული მაგალითების შესახებ ყველამ უნდა შეიტყოს, არა მხოლოდ იმიტომ, რომ მათ უკან მდგომი ადამიანები შევაქოთ, არამედ იმიტომაც, რომ მათი წარმატება გახდეს შთაგონების წყარო სხვებისთვის. როგორც ადამიანის უფლებათა უარყოფა ქმნის პრობლემას, ასევე ადამიანის უფლებათა განმტკიცება წარმოადგენს ამ პრობლემის გადაჭრის გზას. ადამიანის უფლებები რეალური ადამიანების რეალური ისტორიებია, სამყაროს შეცვლის რეალური ფაქტებია. ამ მაგალითების გაზიარებას უკიდეგანოდ პოზიტიური ეფექტი ექნება. დარწმუნებული ვარ, მსოფლიოს ერთ კუთხეში მიღწეული პროგრესი ნაყოფს სხვაგანაც გამოიღებს,“ – განაცხადა ანტონიო გუტიერეშმა.

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა მადლობა გადაუხადა ინიციატივის მონაწილე 13 ქვეყანას, სამოქალაქო და ადმიანის უფლებების დამცველ ორგანიზაციებს და აღნიშნა, რომ ღონისძიება სწორედ მათი საქმიანობის წარმოჩენას ემსახურება.

„ჩვენ დღეს აქ ვიმყოფებით, რათა აღვნიშნოთ თქვენ მიერ გაწეული საქმიანობა. თქვენ ხართ დღეს ყურადღების ცენტრში და წარმოადგენთ ჩვენი შეკრების მიზეზს. ჩვენ გვსურს თვალსაჩინო გავხადოთ, რომ პროგრესი ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით შესაძლებელია და ის უკვე სახეზეა. ჩვენ ხშირად მეტ ყურადღებას ვუთმობთ პრობლემებს, რადგან მათი გადაჭრა ჩვენს მოვალეობას წარმოადგენს, მაგრამ ამავდროულად მჯერა, რომ პოზიტიური შედეგების წარმოჩენა შეიძლება, იყოს გადამდები და გახდეს შთაგონების წყარო სხვებისთვის, რადგან ადამიანის უფლებებს მოაქვს ხელშესახები შედეგი და არ წარმოადგენს მხოლოდ იდეას. დღეს ჩვენ ერთმანეთს ვუზიარებთ ათეულობით წარმატებულ მაგალითს მსოფლიოს სხვადსხვა კუთხიდან და იმედი მაქვს, რომ ისინი შთაგონების წყარო გახდება ათასობით ადამიანისთვის, ისევე როგორც პირადად ჩემთვის და დარწმუნებული ვარ, ყველა ამ პროექტზე მომუშავე ადამიანისთვის. იმედი მაქვს, რომ წარმატებული მაგალითების გაზიარებასთან ერთად, ჩვენ გავაგრძელებთ ერთად მუშაობას იმ მიზნით, რომ კიდევ უფრო მეტი ქვეყანა შემოგვიერთდეს ამ პროცესში,“ – განაცხადა მოგერინიმ.

ღონისძიების მიმდინარეობისას დამსწრე საზოგადოებას წარუდგინეს დოკუმენტური ფილმი საქართველოს პენიტენციურ სისტემაში გატარებული რეფორმების შესახებ. საქართველოს მხრიდან ღონისძიებას ასევე ესწრებოდა მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი კახი კახიშვილი.

ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის სტავროს ლამბრინიდისიის ინიციატივა – „Good Human Rights Stories” (GHRS) მსოფლიოს 13 ქვეყანას აერთიანებს, სია ადამიანის უფლებების სფეროში წარმატებული და სამაგალითო ქვეყნებისგან შედგა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები