LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო ახალი სავაჭრო – საინვესტიციო შესაძლებლობების წინაშე დგას

90

კონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის მეორე ყოველწლიურ კონფერენციაზე – “პირველი რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წელი” მოხსენება გააკეთა.

კონფერენციის მეორე ნაწილი სავაჭრო-ეკონომიკურ საკითხებს მიეძღვნა, რომლის დროსაც განხილული იყო საქართველოს, როგორც სტრატეგიული მდებარეობის მქონე ქვეყნის შესაძლებლობები რეგიონალური ეკონომიკური თანაშრომლობის განვითარებისთვის. ასევე გამახვილებული იყო ყურადღება საქართველოს ორმხრივ ურთიერთობებზე აშშ-სა და ევროკავშირთან.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, დიმიტრი ქუმსიშვილმა სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვა აშშ-ის მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, აგრეთვე ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ. მისი თქმით, საქართველოში განხორციელებულმა ბიზნესისადმი მეგობრულმა პოლიტიკამ, ძლიერმა რეგიონალურმა და საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობებმა და გეოპოლიტიკურმა ლოკაციამ, ქვეყანა ახალი სავაჭრო და საინვესტიციო შესაძლებლობების წინაშე დააყენა.

როგორც სამინისტროში აღნიშნავენ, დიმიტრი ქუმსიშვილმა განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა არა მხოლოდ საქართველოს საუკეთესო გეოგრაფიულ მდებარეობაზე, რომელიც მისი თქმით, ერთ-ერთი უმოკლესი და ხელსაყრელი გზაა ევროპასა და აზიას შორის სატრანზიტო ტვირთების გადასატანად, არამედ ბიზნეს – მეგობრულ საგადასახადო რეჟიმზე, მსოფლიოს უდიდეს ბაზრებთან (ევროკავშირი, ჩინეთი, დსთ და სხვ) არსებულ თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმებზე, სატრანზიტო – ლოგისტიკურ ინფრასტრუქტურაზე და სხვა მოცემულობებზე, რაც საქართველოში სხვადასხვა მიმართულებით რეგიონალური ჰაბის ჩამოყალიბების შესაძლებლობას იძლევა.

ქუმსიშვილმა ასევე ისაუბრა აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების საკითხზე. მისი თქმით, აშშ-სა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის არსებობა მნიშვნელოვნად შეუწყობდა ხელს ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების განვითარებას, გარდა ამისა, ის დადებით სტიმულს მისცემდა ამერიკულ კაპიტალს, რათა მათ ინვესტიციები საქართველოს ეკონომიკაში განეხორციელებინათ გამომდინარე იმ შესაძლებლობებიდან, რაც ჩვენს ქვეყანას გააჩნია.

დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, საქართველოსა და აშშ-ს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმება პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესებიდან გამომდინარეობს. მისი თქმით, ეს გახდებოდა მკაფიო სიგნალი რეგიონში აშშ-ის ეკონომიკური ინტერესების გაზრდის, ასევე საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მისწრაფებების მხარდაჭერის მიმართულებით.

ეკონომიკის მინისტრმა, კონფერენციის მონაწილეებს გააცნო საქართველოს ეკონომიკური ტენდენციები, მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები, რომელთა მიზანიც ქვეყნის ინკლუზიური განვითარებაა. ასევე ყურადღება გამახვილდა საქართველოს სატრანსპორტო – ლოგისტიკურ შესაძლებლობებზე და იმ მარშრუტებზე, რომელთაც შეუძლია საქართველოზე გამავალ ტრანსკასპიურ სატრანზიტო კორიდორში ტვირთბრუნვის მნიშვნელოვანი გაზრდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები