LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საქართველო ახლად წარმოქმნილი ბაზარია, რომელიც ცდილობს გლობალური ეკონომიკის ნაწილად იქცეს”

69

„საქართველო ახლად წარმოქმნილი ბაზარია, რომელიც ცდილობს გლობალური ეკონომიკის განუყოფელ ნაწილად იქცეს – მეტად იყოს დივერსიფიცირებული და უკეთესად ინტეგრირებული საერთაშორისო ბაზრებთან“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომელიც ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის ფორუმის თემატურ დისკუსიაზე – “ვაჭრობა და ინვესტიციები” სიტყვით გამოვიდა.

ბახტაძის თქმით, საქართველო მდიდარი ისტორიის მქონე პატარა ქვეყანაა, რომელიც არის ბუნებრივი ხიდი აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის.

„არა მხოლოდ გეოგრაფიული კავშირი ვართ, არამედ ორი უდიდესი ცივილიზაციის კვეთის წერტილადაც ვიქეცით საუკუნეების განმავლობაში. ამან მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ჩვენზე, კულტურულად და ცნობიერების მხრივ. ბევრი რამ შევიმეცნეთ, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ჩვენი სიამაყე – ღვინო გაგვაჩნია. სიამაყის ბევრი მიზეზი გვაქვს, მაგრამ ყველანი უნდა ჩამოხვიდეთ და საკუთარი თვალით იხილოთ ყველაფერი, რადგან დღევანდელი დღე არ მეყოფა მოსაყოლად“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა.

მისივე თქმით, გასულ წელს ბორდოში ფრანგებმაც აღიარეს, რომ საქართველო ღვინის სამშობლოა და რომ მეღვინეობის ქართული ისტორია თითქმის 8 000 წელს ითვლის.

პრემიერმა საქართველოს ბოლოდროინდელ მიღეწევებზეც ისაუბრა. „საქართველო ახლად წარმოქმნილი ბაზარია, რომელიც ცდილობს, გლობალური ეკონომიკის განუყოფელ ნაწილად იქცეს, მეტად იყოს დივერსიფიცირებული და უკეთესად ინტეგრირებული საერთაშორისო ბაზრებთან. ჩვენი მთავრობის უპირველესი პრიორიტეტია ყველაზე კეთილგანწყობილი ბიზნესგარემოს შექმნა ქვეყანაში. ჩვენი ბოლოდროინდელი წარმატებები ითვლის მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების ანგარიშს, რომელიც ცალსახად ადასტურებს, რომ ჩვენს მიერ განხორციელებული რეფორმები და პროგრამა ძალიან წარმატებულია. მსოფლიოში მე-6 ადგილზე ვართ ბიზნესის კეთების სიმარტივის ინდექსში. ამას გარდა, საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით საქართველო უფრო ფართომასშტაბიანი რეგიონის ლიდერი გახდება ეკონომიკური ზრდითა და განვითარებით. ყველაზე თავისუფალი ეკონომიკის მქონე ქვეყნების ჩამონათვალში მე-16 ადგილზე ვართ „ჰერითიჯის ფონდის” კვლევებით, ხოლო მე-5 ადგილზე – ბიუჯეტის გამჭვირვალობის ინდექსით. ჯერ არ დამისრულებია… მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი საგადასახადო წნეხი აქვს საქართველოს, რადგან მსოფლიო ბანკის დასკვნით, ჯამური საგადასახადო განაკვეთი მხოლოდ 9.9 პროცენტია, რითაც მსოფლიოში მე-3 ადგილას მოვიაზრებით“, – განაცხადა ბახტაძემ.

მისივე თქმით, საქართველოს უდიდესი გეგმები და ამბიციები აქვს, რომ გახდეს რეგიონული ცენტრი არა მხოლოდ ტურიზმის და ლოგისტიკის სფეროში, არამედ ასევე ბიზნესისა და ფინანსური მომსახურების სახით.

ბახტაძის განცხადებით, საქართველო ერთადერთი ქვეყანაა რეგიონში, რომელსაც თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები გააჩნია როგორც ჩინეთთან, ასევე ევროკავშირთან. ამასთანავე, თავისუფალი სავაჭრო რეჟიმები – ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან (შვეიცარია, ლიხტენშტეინი, ნორვეგია, ისლანდია), დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ) ქვეყნებთან, თურქეთთან და ჰონგ-კონგთან, რაც მნიშვნელოვნად ზრდის ქვეყნის საექსპორტო და საინვესტიციო პოტენციალს, საქართველოში მოქმედ კომპანიებს კი ანიჭებს საბაჟო მოსაკრებლის გარეშე ვაჭრობის შესაძლებლობას 2.3 მილიარდი მომხმარებლის მქონე ბაზართან. ამასთან, საქართველო ემსახურება ზღვაზე გასასვლელის არმქონე 8 ქვეყანას და ყველაზე უსაფრთხო კარიბჭეა აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები