LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო არ იცვლება: როდის ვისწავლით მოგებას

44

საქართველოს ნაკრებმა სლოვაკეთთან წააგო – 1:3. რატომ წააგო საქართველოს ნაკრებმა, ამაში არც გასაკვირია რაიმე და არც დიდი გამოცნობა და ფილოსოფიაა საჭირო. საქართველოს თანამედროვე ნაკრები და წაგება განუყოფელი ცნებებია. გარდა მუდმივი სტაგნაციისა, ბევრი კონკრეტული და სპორტული მიზეზის დასახელებაც შეიძლება. ახალი მწვრთნელი, ბოლომდე დასამუშავებელი ტაქტიკა, რამდენიმე ფეხბურთელის გამოკლება, ზოგიერთის არაოპტიმალური ფორმა და ასე გაუთავებლად, რადგან საქართველოს წაგებისას მიზეზი არ ელევა.
თუმცა არის ერთი ნიუანსი (რაღა ნიუანსი), რომელიც შესაძლოა განსაზღვრავდეს კიდეც წარმატება-წარუმატებლობას. ეს არის ფეხბურთის თამაშის ცოდნა. დიახ, დღეს, თანამედროვე ფეხბურთი აღარ არის უბრალოდ მოატყუე და დაარტყი, ფეხბურთი გააზრებულ, ტაქტიკურ, მაღალ საშემსრულებლო დონეზეა გასული და თუ ამ ახალ მოთხოვნებს ფეხი ვერ აუწყვე, წარმატება ვერანაირად ვერ მოვა. საქართველო კი ჩარჩა ძველ დროში: ახალი თაობაც თითქოს იგივეს ცდილობს გაიმეოროს და მოიტანოს ის დრო და ემოცია, როდესაც ვირტუოზებით აღფრთოვანებული გულშემატკივრები სტადიონებს აწყდებოდნენ. არადა, დღეს სხვა რეალობაა. ბევრი მატაობა ფეხბურთი აღარ არის. ფეხბურთი დროზე პასი, სწორი გახსნა, სწორად შერჩეული პოზიცია, მოძრაობა და სისწრაფეებია. ვლადიმირ ვაისმა პირველივე ვარჯიშზე ბიჭებს დაავალა ერთი შეხებით ითამაშეთ, მაქსიმუმ ორჯერო. სლოვაკეთთან შეხვედრაში საპირისპირო სურათი მივიღეთ. თითქმის ყველა ფეხბურთელი, მიიღებდა ბურთს, გააჩერებდა, გაიხედებოდა, თავად შეეცდებოდა ბურთის წაღებას (ძირითადად გვერდზე და არა წინ), დაკარგავდა ძვირფას წამებს და ისევ და ისევ ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე და იმედად ყოფნა გვიწევდა. ამ ინდივიდუალობამ ერთხელ გამოიღო შედეგი, როდესაც ლევან ყენიამ მართლაც რომ დიდებული გოლი შეაგდო, მაგრამ გოლი ერთმა კაცმა კი არა, მთელმა გუნდმა უნდა გაიტანოს თუ გრძელვადიან პერსპექტივაში წარმატების მიღწევაა მიზნად დასახული.
საქართველოს ნაკრები არ იცვლება. შთაბეჭდილება რჩება, რომ მთავარია რაღაც გაკეთდეს თამაშისას, მოვინდომოთ, მომენტებიც შევქმნათ და ღირსეულად წავაგოთ, რომ ბევრი სალაპარაკო არ მიეცეს ხალხს. როდემდე ან რატომ? რატომ უნდა წააგო მუდმივად, ისწავლე მოგება…

 

მატჩი ავსტრიის ქალაქ ველსში, გაიმართა. სლოვაკეთმა არაოპტიმალური შემადგენლობით ითამაშა (მარტო ჰამშიკის გამოკლება რად ღირს).
პირველი გოლი უკვე მე-5 წუთზე გავიდა. თავი ადამ ნემეცმა გამოიჩინა, რომელმაც მეორე ტაიმში, 56-ე წუთზე დუბლიც მიითვალა. ვაისის თანამემამულეებმა მესამე გოლი ნუკრი რევიშვილის კარში საჯირიმო დარტყმით 70-ე წუთზე გაიტანეს – თავი ადამ ზრელაკმა გამოიჩინა.
ერთ წუთში უკვე ლევან ყენიამ გაიტანა პრესტიჟის გოლი.
სლოვაკეთთან შეხვედრაში საქართველოს ეროვნულ გუნდში დებიუტი ჰქონდათ ვახტანგ ჭანტურიშვილსა და ჯაბა ჯიღაურს.

ახლა ჩვენი გუნდი ავსტრიიდან ბუქარესტში გადაინაცვლებს, სადაც 3 ივნისს ამხანაგურად რუმინეთს გაეჯიბრება (შეხვედრა თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება), ბოლოს კი, 7 ივნისს, “ხეტაფეს” სტადიონზე ევროპის მოქმედ ჩემპიონ ესპანეთს შეხვდება.

მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრების სლოვაკმა თავკაცმა ვლადიმირ ვაისმა აი ეს თქვა:
“ცუდად ვითამაშეთ. სლოვაკებთან ფიზიკური ორთაბრძოლები წავაგეთ. ისინი ჩვენზე უკეთ არიან მომზადებულნი და ფორმაში არიან, ჩვენგან განსხვავებით. პირველ ტაიმში მეტოქე გაცილებით უკეთ ორგანიზირებული თამაშობდა.
შესვენებაზე შევეცადე, გუნდის თამაშში მეტი აგრესია შემეტანა. მაგრამ მარტივი გოლები გავუშვით, მნიშვნელოვანი იყო ადამ ნემეცის მეორე გოლი. მესამე გოლი უბრალოდ აღმაშფოთებელია ჩვენი მხრიდან, ასე თამაში არ შეიძლება, კედელი ვერ დავაყენეთ და დარტყმულზე რეაქციაც არ ყოფილა.
დიახ, საქართველოს ნაკრები ცდილობდა, მაგრამ დიდ ფეხბურთში ეს არ არის საკმარისი. მაგრამ უფრო მეტს ვიშრომებთ”.

სლოვაკეთი 3:1 საქართველო
27 მაისი. ავსტრია. ველსი. რენერ არენა
საქართველო: რევიშვილი, კაკაბაძე, კვერკველია, კაშია, ნავალოსვკი (დვალი 66), კვეკვესკირი, კობახიძე (ამისულაშვილი 46), ჭანტურიშვილი (ყენია 46), ოქრიაშვილი, ყაზაიშვილი (ჯიღაური 78), მჭედლიძე (ქვილითაია 46)
მთავარი მწვრთნელი: ვლადიმირ ვაისი
სლოვაკეთი: მუხა (ნოვოტა 63), გიომბერი, სალატა, შკრინიარი, ტესაკი, პეკოვსკი, გრეგუში, საბო (შესტაკი 66), ბერო (ჰროშოვსკი 79), ზრელაკი, ნემეცი (დურიში 70)
მთავარი მწვრთნელი: იან კოზაკი
გოლები: 1:0, 2:0 ნემეცი (5, 57), 3:0 ზრელაკი (70), 3:1 ყენია (71)
მთავარი მსაჯი: დრაჩტა (ავსტრია)

 

 

256b80925c9134b40c85eca5b72a5eea

10747

b40224f34854a06c332d22c1ecb6ee37
ed18c5f64ddc53c07a7d3e2890ed2070

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები