LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო და სომხეთი ტურიზმის სექტორის განვითარებას განაგრძობენ

26

საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა გიორგი გახარიამ და სომხეთის ეკონომიკური განვითარებისა და ინვესტიციების მინისტრმა სურენ კარაიანმა საქართველო-სომხეთის ეკონომიკური ურთიერთობების საკითხები განიხილეს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ორი ქვეყნის მინისტრებმა საქართველოსა და სომხეთის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაზე ისაუბრეს და განიხილეს ორმხრივი და საერთაშორისო ბაზრებზე ვაჭრობის მნიშვნელოვანი საკითხები. „საქართველოსა და სომხეთს აქვს ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობების განვითარების დიდი პოტენციალი და ჩვენ ეს შესაძლებლობები მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

გიორგი გახარიამ სომეხ კოლეგასთან შეხვედრაზე ხაზი გაუსვა ბიზნესფორუმის მნიშვნელობას, რომელიც საქართველოსა და სომხეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატების ორგანიზებით ერევანში იმართება. მინისტრის თქმით, მსგავსი ფორუმები კარგი საშუალებაა კერძო სექტორს შორის პარტნიორული ურთიერთობების განვითარებისა და ერთობლივი საინვესტიციო პროექტების განხორციელებისთვის.

შეხვედრაზე გახარიამ ასევე ისაუბრა საქართველოს მიერ გაფორმებული თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულებების მნიშვნელობაზე როგორც საქართველოსთვის, ისე რეგიონის ქვეყნებში არსებული სავაჭრო-ეკონომიკური პოტენციალისა და ექსპორტ-იმპორტის მაქსიმალურად რეალიზებისთვის. მინისტრის განცხადებით, პატარა ეკონომიკის მქონე ქვეყნებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გახდნენ მიმზიდველი პლატფორმა დიდი ეკონომიკის მქონე ქვეყნებს შორის ვაჭრობისთვის. გიორგი გახარიამ ასევე აღნიშნა, რომ ორივე ქვეყნის მთავრობებმა მაქსიმალურად უნდა შეუწყონ ხელი კერძო კომპანიებს მნიშვნელოვან სავაჭრო ბაზრებზე გასვლისა და დივერსიფიკაციის პროცესებში.

გიორგი გახარიამ და სურენ კარაიანმა ასევე ისაუბრეს ტურიზმის სექტორზე. მინისტრების შეფასებით, ორ ქვეყანას შორის ტურიზმის სექტორის განვითარების ტენდენცია გაგრძელდება და ორივე ქვეყანა შეძლებს, კიდევ უფრო მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწიოს აღნიშნულ სფეროში.

სომხეთი საქართველოს მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ათეულში შედის. ქვეყნებს შორის სამთავრობო დონეზე შექმნილია ორმხრივი სამუშაო ჯგუფი, რომელიც სავაჭრო-ეკონომიკურ, ენერგეტიკის, სატრანსპორტო, კავშირგაბმულობის, სოფლის მეურნეობის, ტურიზმის, საინვესტიციო, კულტურის, განათლებისა და სხვა სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავებისა და გაფართოების მიმართულებით აქტიურად მუშაობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები