LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო დრონების ფლოტილიის გაფართოებას გეგმავს

105

თავდაცვის სამინისტრო საავიაციო პარკის განახლებაზე მიმდინარე წელს 23 მილონს დახარჯავს. როგორც „ფორტუნას“გენერალური შტაბის უფრომა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიმ განუცხადა, არსებული ვერტმფრენების განახლების პარალელურად, ახალი უპილოტო საფრენი აპარატების შეძენაც იგეგმება.

„მოლაპარაკებები მიმდინარეობს აშშ-სთან, გვინდა ჩვენს მფლობელობაში არსებულ 9 YHA ტიპის ვერტმფრენების მოდერნიზაცია, ვერტმფრენების ოპერატიული და ტაქტიკური ამოცანების შესაძლებლობების გაუმჯობესება. დღეს ეს ვერტმფრენები გამოიყენება, როგორც პირადი შემადგენლობის გადასაყვანი, მომავალში გვინდა გავაუმჯობესოთ მათი საცეცხლე შესაძლებლობა,“ – განმარტავს ვლადიმერ ჩაჩიბაია.

ვერტმფრენების განახლებასთან ერთად, თავდაცვის სამინისტრო უპილოტო საფრენი აპარატების ფლოტილიის გაფართოებასაც გეგმავს.

„ჩვენ სერიოზულ ყურადღებას ვაქცევთ და ვცდილობთ გავაფართოვოთ უპილოტო საფრენი აპარატების ფლოტილია. მოლაპარაკებები გვაქვს რამდენიმე ქვეყანასთან. პარალელურად, შეკეთდება ჩვენს ხელთ არსებული ტექნიკაც, ძირითადად ყურადღება ფოკუსირებული იქნება შვეულმფრენების პარკის და უპილოტო საფრენი აპარატების განვითარებაზე. სამომავლოდ, გვინდა ისეთი საავიაციო მოიერიშე ვერტმფრენების  პარკის შექმნა, რომელიც მორგებული იქნება საქართველოს ლანდშაფტს, გეოგრაფიას და იმ ამოცანებს, რომელიც ეროვნული თავდაცვის გეგმაშია გაწერილი,“ – განუცხადა „ფორტუნას“ ვლადიმერ ჩაჩიბაიამ.

გენშტაბის ხელმძღვანელის ინფორმაციით, თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტიდან მიმდინარე წელს ამ მიმართულებით 23 მილიონია გამოყოფილი. საავიაციო პარკის განახლების მიზნით, ამერიკის საერთაშორისო ფინანსური მხარდაჭერის პროგრამის გამოყენებაც მოხდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები