LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო ენერგობაზრის განვითარებისა და ენერგოეფექტურობის მიმართულებით რეფორმებს გაატარებს

111

საქართველო ენერგობაზრის განვითარებისა და ენერგოეფექტურობის მიმართულებით რეფორმების გატარებას გეგმავს. როგორც პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, საქართველოს მთავრობას, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკსა (KFW) და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) შორის ფორმდება განზრახულობათა დეკლარაცია, რომლის ფარგლებშიც საქართველო მნიშვნელოვან რეფორმებს გაატარებს ენერგობაზრის განვითარებისა და ენერგოეფექტურობის მიმართულებით.

ენერგეტიკის სფეროს განვითარება, ენერგოდამოუკიდებლობის გაძლიერება და გამყარება სტრატეგიულად უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნისთვის, ამიტომ აუცილებელია, ამ მიმართულებით გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები, მათ შორის ენერგოეფექტურობის ეროვნული სამოქმედო გეგმის მიღება, რაც გათვალსიწინებულია ევროპის ენერგოკავშირში ჩვენი გაწევრიანების შემდგომ. რეფორმის, რომელსაც ეკონომიკის სამინისტრო განახორციელებს, მხარდაჭერი პროგრამა 2018-21 წლებზე არის გათვლილი. ხელშეკრულებები, რომლებიც ევროპელ პარტნიორებთან გაფორმდება, ხელს შეუწყობს ისეთი პროექტების განხორციელებას, როგორიცაა ელექტროენერგიის კონკურენტული ბაზრის განვითარება, საქართველოს ელექტროენერგიის ჰაბად გადაქცევა, განახლებადი ენერგიების ათვისება და ენერგოეფექტურობის ჩარჩოების მიღება. ამ სფეროს მნიშვნელოვანი დერეგულაცია კონკურენტული ბაზრის ჩამოყალიბებისთვის საფუძველთა საფუძველია. დღეს უნდა ვაღიაროთ, რომ ამ მიმართულებით გვაქვს მნიშვნელოვანი რეზერვი განვითარებისთვის და სწორედ ამ ნაბიჯების გადადგმას გულისხმობს ის, რაც მე თქვენ მოგახსენეთ“, – განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, განსაზღვრული ღონისძიებების განხორციელების შემდეგ უკვე წელს შესაძლებელი იქნება, AFD-მა საქართველოს 49 მილიონი ევრო გამოუყოს, ხოლო KFW -მა – 25 მილიონი ევრო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები