LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო ფავორიტი არ არის: კახი კახიაშვილი ევროპის ჩემპიონატის წინ

52

სპლიტში 2-12 აპრილს ჩატარდება ევროპის ჩემპიონატი ძალოსნობაში. მონაწილეებში და ფავორიტებში არის საქართველოს ნაკრები.
საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი, სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი კახი კახიაშვილი ტურნირზე და ჩვენ ნაკრებზე დაგველაპარაკა.

რას ელოდებით ევროპის ჩემპიონატიდან?

პირველ რიგში, ველოდებით კარგ გამოსვლას მძიმე წონაში. ნორმალურ ფორმაშია ლაშა ტალახაძე. ოდნავ ჩამორჩება მას ირაკლი თურმანიძე. ჩვენი მიზანი ამ წონაში მედლის, ალბათ, უმაღლესი სინჯის მედლის აღებაა. სამწუხაროდ, მცირე ბიუჯეტის გამო ჩემპიონატზე მხოლოდ 5 მონაწილით (4 ბიჭი, 1 გოგო) მივდივართ და ველოდებით წარმატებულ გამოსვლას ჩვენი გოგონასგან.

რით იქნება განსხვავებული ეს ევროპა წინაანალოგიური ტურნირისგან?

ჩვენი ნაკრები არ არის ტურნირის ფავორიტი, იმის გამო, რომ მიგვყავს ნახევარი გუნდი. გვყავს ლიდერი მძიმე წონაში, როგორც ბიჭებში, ასევე – გოგონებში. ჩვენთვის განსხვავებული და ძალიან საპატიო იქნება, რომ ევროპაზე ჩავდივართ საქართველოს საუკეთესო მამაკაცი დაქალი სპორტსმენით და საუკეთესო მწვრთნელით. სპლიტში ჩატარდება საერთაშორისო ფედერაციის კონგრესი და იმედი მაქვს, სხვადასხვა კომიტეტებში საქართველო აუცილებლად იქნება წარმოდგენილი.

რა შეიცვლება წელს ქართულ ძალოსნობაში?

ძალოსნობაში შეიცვლება ის, რომ 20 ახალი დარბაზი არის და გვეყოლება საქართველოს ჩემპიონატზე წარმოდგენილი მონაწილეები უკვე 20 რეგიონიდან. იმედი მაქვს, რომ მაქსიმალურად გაძლიერდება ჩვენი ნაკრებები და შეივსება გოგონების გუნდი, რაც დღეს ოდნავ პრობლემატური თემაა. სამწუხაროდ, ვერ ვატარებთ სრულყოფილად საქართველოს ჩემპიონატებს ქალებში. იმედი გვაქვს, რომ ერთ წონაში სამი გოგონა მაინც იქნება. ასევე შემოგვაქვს საერთაშორისო ოსტატის და სპორტის ოსტატის კანდიდატის და ახალგაზრდული თანრიგები, რაც ჩვენი ახალი სპორტსმენების ნაკადს სტიმულს მისცემს, რომ მეტი ხალისით და მოტივაციით ივარჯიშონ.

მიმართეთ ჩვენი ნაკრების გულშემატკივრებს.

დიდი მადლობა წინა წლებში, ბოლო წლებში მხარდაჭერისთვის და იმედი მაქვს, ჩვენ დაგვემატება ახალი აუდიტორია რადიომსმენელების, ტელემაყურებლების, მინდა, რომ თქვენ იაროთ დარბაზებში. ეს არის ერთ-ერთი პოპულარული ოლიმპიური სახეობა და საქართველოს ამ სახეობაში აქვს დიდი შედეგი. სახეობა, რომელიც მოდის უძველესი პერიოდიდან. მხარში დავუიდგეთ ჩვენ სპორტსმენებს. მით უმეტეს, რომ სპორტის ყველა სახეობა იყენებს ძალოსნობას. კიდევ ერთხელ, მადლობას გიხდით მხარდაჭერისთვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები