LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის საპატიო სტუმარი იქნება

60

საქართველო 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის საპატიო სტუმარი ქვეყანა იქნება- საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსით წარდგენასთან დაკავშირებული საკითხები საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის დირექტორმა იურგენ ბოოსმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე განიხილეს.

მხარეებმა საქართველოს მხრიდან 2014-2016 წლებში გაწეული მოსამზადებელი სამუშაოები შეაჯამეს და პროექტის აქტიურ ფაზაზე გადასვლის პერსპექტივებზე იმსჯელეს.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა მსოფლიოში ყველაზე დიდ წიგნის ბაზრობაზე სტუმრის სტატუსით მონაწილეობის მნიშვნელობას, რაც მხარეთა შეფასებით, ქართული ლიტერატურისა და კულტურის ცნობადობის გაზრდის უნიკალური შანსია.

პრემიერის თქმით, საქართველო მდიდარ კულტურულ მემკვიდრეობაზე დაფუძნებული თანამედროვე, ევროპული ღირებულებების მატარებელი ქვეყანაა, რომლის  ლიტერატურის, კულტურის, ტრადიციების უფრო ახლოს გაცნობით, მსოფლიო აქამდე ჯერ კიდევ უცნობ საქართველოს „აღმოაჩენს”.

იურგენ ბოოსის განცხადებით, მისასალმებელია საპატიო სტუმრის სტატუსით საქართველოს ხილვა, რადგანაც

“ესაა პატარა, მაგრამ ამასთანავე თვითმყოფადი კულტურის მქონე ქვეყანა, რომელიც 2018 წელს დიდ ინტერესს გამოიწვევს”.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და ფრანკფურტის წიგნის ბაზრობას შორის გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრულ საკითხებზე. აღინიშნა, რომ 2014 წელს დაფუძნდა ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი, რომლის მთავარ ამოცანას ქართული ლიტერატურის უცხო ენებზე თარგმნის ხელშეწყობა, საგამომცემლო სექტორის მხარდაჭერა და, ზოგადად, ქართული წიგნის საზღვარგარეთ პოპულარიზაცია წარმოადგენს.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას  საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის დირექტორი  მედეა მეტრეველი  დაესწრნენ.

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა (Frankfurter Buchmesse) ყველაზე პრესტიჟული და დიდი საერთაშორისო ღონისძიებაა არა მარტო ლიტერატურულ და საგამომცემლო, არამედ ზოგადად, კულტურულ სფეროში. ყოველწლიურად ბაზრობა 300 000-მდე ვიზიტორს მასპინძლობს და 400 000-მდე წიგნს გამოფენას.

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობას 500 წლიანი ისტორია აქვს და ყოველი წლის ოქტომბრის შუა რიცხვებში ფრანკფურტის საგამოფენო სივრცეში ტარდება. ღონისძიებას პირველი სამი დღის განმავლობაში მხოლოდ საქმიანი ვიზიტორები სტუმრობენ, ხოლო ბოლო ორ დღეს ბაზრობა ღიაა ფართო საზოგადოებისთვის.

ბაზრობა 5 დღის მანძილზე მიმდინარეობს; 100-მდე ქვეყნის 7000-ზე მეტ მონაწილეს საშუალება ეძლევა შეხვდნენ თავიანთ საერთაშორისო პარტნიორებს, დაამყარონ და განავითარონ საქმიანი ურთიერთობები. ყოველწლიურად, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა დაახლოებით 9000-მდე საერთაშორსო აკრედიტებული ჟურნალისტის მიერ შუქდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები