LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო კანის 70-ე საიუბილეო კინოფესტივალზე

76

ეროვნული კინოცენტრი კანის კინობაზრობაზე საქართველოს პავილიონით წელს მეათედ იქნება წარმოდგენილი (#105, Village International Riviera).

პავილიონში ინდუსტრიული კუთხით იმუშავებენ ეროვნული კინოცენტრის დირექტორი – ზურაბ მაღალაშვილი, ევრიმაჟში საქართველოს წარმომადგენელი – თამარ ტატიშვილი, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი – დავით ვაშაძე, ამავე დეპარტამენტის პროექტების მენეჯერი – ნინო შერვაშიძე და Creative Europe-ს მედია პროგრამის მენეჯერი – ლევან ლომჯარია.

წელს კანის კინოფესტივალზე ქართველი კინემატოგრაფისტები რამდენიმე პროგრამაში მიიღებენ მონაწილეობას.

კანის კინოფესტივალის რეზიდენციის პროგრამაში Cinefondation მისი ახალი სრულმეტრაჟიანი ფილმის პროექტის “ცარიელი სახლი” განვითარებაზე იმუშავებს ახალგაზრდა რეჟისორი რატი წითელაძე. იგი რამდენიმე ათეულ კანდიდატში საუკეთესო 6 რეჟისორს შორის შეირჩა. კანის კინოფესტივალს დაესწრება “ცარიელი სახლის” პროდიუსერი ნინო ვარსიმაშვილიც, რომელიც დოკუმენტური ფილმის პროექტს “17 მაისი” Doc Corner-ზე წარადგენს.

პროდიუსერთა საერთაშორისო პლატფორმაზე PRODUCERS ON THE MOVE საქართველოს პროდიუსერი ლაშა ხალვაში წარადგენს. პლატფორმას European Film Promotion (EFP) უკეთებს ორგანიზებას. იგი კანის ფესტივალის პერიოდში ტარდება, რაც მონაწილეებს საშუალებას აძლევს შეხვდნენ რეჟისორებს, გაყიდვების აგენტებს, ფონდების და საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებს.

პლატფორმაზე Producers Network კიდევ ერთი ქართველი პროდიუსერი თეკლა მაჭავარიანი წარსდგება. ეს არის პლატფორმა, სადაც პროდიუსერები მთელი მსოფლიოდან იკრიბებიან, მსჯელობენ კოპროდუქციებზე და ესწრებიან კინობაზრობის სხვადასხვა ღონისძიებას, ჩვენებასა თუ პრეზენტაციას.

ახალგაზრდა რეჟისორის გიორგი ვარსიმაშვილის პროექტი “გაუმარჯოს” წარდგენილია კჟისტოფ კიშლოვსკის სახელობის პრიზზე, რომელიც საუკეთესო ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპული სცენარისათვის გაიცემა. ღონისძიება კანის კინოფესტივალის ფარგლებში პოლონეთის ინსტიტუტისა და პროგრამის Script East მხარდაჭერით ტარდება. ამავე პროგრამაში დაგეგმილია პროექტის წარდგენა კინოინდუსტრიის წარმომადგენელთათვის.

საქართველო – ლუქსემბურგის თანამშრომლობა

კანის საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში, საქართველოს ეროვნული კინოცენტრისა და ლუქსემბურგის ეროვნული კინოფონდის ორგანიზებით მოეწყობა შეხვედრა, რომელსაც 8 ქართველი პროდიუსერი დაესწრება. (შეხვედრაზე დამსწრე პროდიუსერებს უკვე აქვთ მოპოვებული ეროვნული კინოცენტრის დაფინანსება.)
შეხვედრის მიზანია ქართველი და ლუქსემბურგელი კინემატოგრაფისტების დაკავშირება სრულმეტრაჟიანი ფილმების კოპროდუქციების შექმნის მიზნით.

შეხვედრა ევროპის კინოასოციაციის წევრებთან

21 მაისს საქართველოს პავილიონში გაიმართება შეხვედრა ახალი ევროპის კინოასოციაციის (The Film New Europe Association) წევრებთან. შეხვედრას დაესწრებიან ევროპის წამყვანი კინოფონდებისა და სხვა მნიშვნელოვანი კინოინსტიტუციების ხელმძღვანელები, რომლებიც იმსჯელებენ კინოასოციაციაში წარმოდგენილი ქვეყნების თანამშრომლობის სამომავლო გემებსა და პერსპექტივებზე.

ასევე, დაგეგმილია შეხვედრები სან სებასტიანის, სანდენსის, ლოკარნოს და კარლოვი ვარის კინოფესტივალების სელექტორებთან. ქართული დელეგაცია კანის კინოფესტივალის მსვლელობისას ავსტრიისა და ნორვეგიის კინოინსტიტუტებისა და ლიტვის კინოცენტრის წარმომადგენლებსაც შეხვდება.

“კინო სკოლაში”

ეროვნული კინოცენტრის პროექტი “კინო სკოლაში” წელს საერთაშორისო პარტნიორობის ფორმატით მიმდინარეობს. პროექტის განხორციელებაში ჩართულია ლიტვის, ლატვიის ეროვნული კინოცენტრები და ბრიტანული ორგანიზაცია „FILM LITERACY EUROPE LIMITED”. კანის კინოფესტივალის ფარგლებში გაიმართება პარტნიორების რიგით მესამე შეხვედრა, სადაც მოხდება შედეგების შეჯამება და მომავალი სამოქმედო გეგმის შეთანხმება.

21 მაისს საქართველოს პავილიონში კანის კინოფესტივალის სტუმრებისთვის ქართული წვეულება მოეწყობა.

კანის საერთაშორისო კინოფესტივალი 17-28 მაისს გაიმართება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები