LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო მოვალეობას თავს ბრწყინვალედ ართმევს: მსოფლიო რაგბი ადგილზე გვამოწმებს

92

მსოფლიო რაგბის წარმომადგენელი ინგლისელი სპეციალისტები საქართველოში ორდღიანი ვიზიტით იმყოფებიან. ჩამოსვლის მთავარი მიზანი 2017 წლის 20 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატისათვის მიმდინარე სამზადისის და საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებული პროცესის გაცნობაა.

მსოფლიოს ჩემპიონატი უმაღლეს დონეზე უნდა ჩავატაროთ

„მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი უმაღლეს დონეზე უნდა ჩავატაროთ. სპორტისა და რაგბის მოყვარულებს მართლად დიდი ზეიმი ელით. ჩვენ, საქართველოს რაგბის კავშირთან ერთად ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ეს ზეიმი შედგეს და საქართველო კიდევ უფრო ღირსეულად წარმოჩინდეს მთელი მსოფლიოს თვალწინ”, – განაცხადა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა მსოფლიო რაგბის ტურნირების ინპექტირების ჯგუფის წევრებთან შეხვედრისას.

20-წლამდელ მორაგბეთა მსოფლიო ჩემპიონატი 2017 წლის 31 მაისიდან 18 ივნისის ჩათვლით თბილისსა და ქუთაისში გაიმართება მსოფლიოს 12 უძლიერესი ნაკრების მონაწილეობით. ახალგაზრდა ქართველ ბორჯღალოსნებს C ჯგუფში არგენტინის, საფრანგეთისა და სამხრეთ აფრიკის წინააღმდეგ მოუწევთ ბრძოლა, A ჯგუფში ითამაშებენ ავსტრალია, ინგლისი, სამოა და უელსი, ხოლო B ჯგუფში ირლანდია, იტალია, ახალი ზელანდია და შოტლანდია.

ჯგუფური ეტაპის მატჩები თბილისში ავჭალის სტადიონზე და ქუთაისში, აია არენაზე შედგება, ხოლო საპლეიოფო ეტაპი და ფინალები ავჭალასა და მიხეილ მესხის სტადიონზე გაიმართება.

 

ტარიელ ხეჩიკაშვილი:
„როგორც ჩვენმა უცხოელმა პარტნიორებმა აღნიშნეს, მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატისათვის მოსამზადებლად გაწეული სამუშაოთი კმაყოფილნი არიან. რაც უფრო მეტად გვიახლოვდება ეს უმნიშვნელოვანესი სპორტული ღონისძიება, მსგავსი შეხვედრები კიდევ უფრო ხშირად გაიმართება იმისათვის, რომ ყველანაირი დეტალი გავითვალისწინოთ და მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი უმაღლეს დონეზე ჩავატაროთ”.
მსოფლიომ ამოცანად ელიტაში შესვლა დაგვისახა

გოჩა სვანიძე (საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი):
„მსოფლიო რაგბის ინსპექტირების ჯგუფის წევრები მორიგი ვიზით იმყოფებიან საქართველოში. დიდებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ, 20-წლამდელთა პირველობა მეორეა თავისი მნიშვნელობით და ამიტომაც მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი ძალიან დიდ ინტერესს იწვევს. აღსანიშნავია, რომ მსოფლიო პირველობა პირველად ტარდება ისეთ ქვეყანაში, რომელიც არ შედის ელიტარული სარაგბო ქვეყნების რიცხვში, თუმცა ეს გადაწყვეტილება თავის დროზე მსოფლიო რაგბმა იმ მიზეზით მიიღო, რომ საქართველოში რაგბი ძალზე პოპულარულია, ძალზე სწრაფი ნაბიჯებით ვითარდება და პროგრესირებს. გამორჩეულები ვართ ამ მხრივ და სამომავლოდ მსოფლიო რაგბმა მთავარ ამოცანად დაგვისახა კიდეც ელიტაში შესვლა უახლოესი 10 წლის განმავლობაში. მსოფლიო რაგბისთან საკმაოდ მჭიდრო ურთიერთობა გვაქვს, მათ კარგად ესმით პრობლემებიც და განვითარების პერსპექტივებიც”.

 

საქართველოში საუკეთესო ჩემპიონატი გველის

საიმონ ქიბლი (მსოფლიო რაგბის ტურნირების ტექნიკური დირექტორი):
„საქართველოში რამდენიმედღიანი ვიზიტით ვიმყოფებით, მოვინახულეთ ქუთაისის სარაგბო ბაზა და შევამოწმეთ თუ როგორ მიმდინარეობს მოედნების კეთილმოწყობის სამზადისი. რაგბის კავშირის წარმომადგენლებთან ერთად გვქონდა შეხვედრა სპორტის მინისტრთან, სადაც ძირითადად საუბარი იყო სარაგბო ინფრასტრუქტურაზე, მოედნების რაოდენობაზე ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე უმაღლესი კლასის ნაკრებებისათის.

საქართველოს რაგბის კავშირი მართლაც განსაკუთრებული მონდომებით მუშაობს და ბრწყინვალედ ართმევს თავს დაკისრებულ ამოცანებს. რა თქმა უნდა, სამინისტროს მხარდაჭერა იმის თქმის საშუალებას გვაძლევს, რომ ჩემპიონატი ძალზე წარმატებული იქნება და ყველაფერი უმაღლეს დონეზე ჩაივლის, დასახულ მიზნებს გეგმაზომიერად მივყვებით და გვჯერა, რომ საუკეთესო ჩემპიონატი გველის, რომელიც 31 მაისიდან 18 ივნისის ჩათვლით გაიმართება”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები