LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო VS რუსეთი – რამდენად ვდგავართ ჰიბრიდული ომის საფრთხის წინაშე

286

სოფელ ზემო ნიქოზში მოსახლეობის ნაწილი რუსულ რადიოსა და რუსულ სატელევიზიო არხებს ყოველდღე უსმენს. ეს იმ პირობებში ხდება, როცა საზოგადოებამ საინფორმაციო ომის შესახებ, თითქმის, არაფერი იცის. ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი კი მიიჩნევს, რომ რუსულ პროპაგანდასთან ბრძოლაში საქართველო არ დამარცხებულა, თუმცა, ბრძოლა გრძელდება.

საოკუპაციო ზოლთან მცხოვრებ მოსახლეობაში რუსული პროპაგანდის გავლენის შესამცირებლად პრეზიდენტის ადმინისტრაცია საგანმანათლებლო პროექტს იწყებს. უშიშროების საბჭოს და პრეზიდენტის ადმინისტრაციის მთავარი მიზანი ახლა მოსახლეობის ინფორმირებაა, თუ რას ნიშნავს რუსეთის ჰიბრიდული ომი და როგორ ხდება მისი დახმარებით ქვეყნების ოკუპაცია.

უშიშროების საბჭოში ამბობენ, რომ ქვეყნის სტრატეგიული უსაფრთხოება, უპირველეს ყოვლისა, მოსახლეობის ინფორმირებულობაზეა დამოკიდებული.

რა არის საინფორმაციო ომი?

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი,  კონფლიქტოლოგი, თამარ ბელქანია 2008 წლის აგვისტოს ომამდე პერიოდს იხსენებს, ჯერ კიდევ იმ დროს, სანამ რუსეთ-საქართველოს შორის ომი დაიწყებოდა  „რუსეთის ფედერაციის სამხედრო საინფორმაციო არმია“ შეიქმნა, რომელსაც სათავეში ქვეყნის მაშინდელი პრეზიდენტი, დიმიტრი მედვედევი, ხელმძღვანელობდა. ბელქანიას თქმით, საინფორმაციო არმიას ყველა იმ პროფესიის  ადამიანი წარმოადგენდა, რომელიც ინფორმაციას ქმნის, მათ შორის ისტორიკოსები, მეცნიერები, პოლიტოლოგები, ჟურნალისტები, ბლოგერები, ოპერატორები და მემონტაჟეები…. რატომ? იმიტომ, რომ დღეს თანამედროვე ეპოქაში სამხედრო ინტერვენციაზე ეფექტური ჰიბრიდული ომის წარმოებაა, ეს არის ეკონომიკური, კიბერდივერსია და, ბუნებრივია, საინფორმაციო ომი, რომელიც ინფორმაციით წარმოებს. ისეთი ინფორმაცია ვრცელდება, რომელიც მოწინააღმდეგე მხარის ინტერესს ატარებს.

თამარ ბელქანია განმარტავს, რომ საინფორმაციო ომი სამ ძირითად ველზე ხორციელდება.

„მოქმედება, ანუ ინფორმაციის გავრცელება, სამ ველზე მიმდინარეობს – პირველი, რომელზეც   ინტერვენცია დაიგეგმა, და მეთოდურად მიდის, საინფორმაციო ფორმატში მტკიცება, რომ იქ ხალხი გარე ძალის მხარდაჭერას ითხოვს; მეორე არის საკუთარი მოსახლეობა,  რომელსაც უმტკიცებ, რომ შენი ინტერვენცია სხვა ქვეყანაში  იყოს გამართლებული და მესამე არის საერთაშორისო საზოგადოება, რომელსაც, ასევე, იმ სასურველ ინფორმაციას  აწვდი,  რაც მთელ მსოფლიოში გსურს,  დაამკვიდრო, რათა საერთაშორისო საზოგადოების აზრის ფორმირება მოახდინო. ანუ საინფორმაციო ომი გულისხმობს შენთვის სასურველი ინფორმაციის გავცრელებას ციფრულ ფორმატში. შესაბამისად, ამ პროცესში ჩართული არის ყველაფერი: ვინც ინფორმაციას აგროვებს, ქმნის და ავრცელებს;  წიგნი – მწერალი, ჟურნალისტი – სიუჟეტი, ოპერატორი – კინო, თეატრი, ანუ ყველაფერი, რომ შენთვის სასურველი ინფორმაცია გაიტანო; რეალურად, სამხედრო ტექნიკით შესაძლებელია ტერიტორიის დაკავება, თუმცა ხალხის გონების “დაპყრობა“ მხოლოდ საინფორმაციო ომის შედეგადაა დიდი დროის განმავლობაში შესაძლებელი,“ – ამბობს „ფორტუნასთან“ ბელქანია.

საინფორმაციო ომის ნათელ მაგალითად თამარ ბელქანია რუსულ ფილმს ასახელებს სათაურით „08.08.08“. მისი თქმით, ფილმი მსოფლიო კინოეკრანებზე 10 აგვისტოს გავრცელდა, ანუ ჯერ კიდევ მაშინ, როცა ომი დამთავრებული არც იყო. ფილმის მთავარი არსი ის იყო, რომ შინაარსით ომის აქტორად ქართული მხარე სახელდებოდა, რომელმაც გაუგონარი სისასტიკით დაარბია ოსური სოფლები. ბელქანიას თქმით, სწორედ ამ საინფორმაციო-სამეცნიერო ომის შედეგია ის, რომ დღეს ჩვენ მსოფლიო საზოგადოებას ვუმტკიცებთ, რომ აფხაზეთი ძირძველი ქართული მიწაა ისევე, როგორც ცხინვალის რეგიონი.

„ფილმს შემდეგნაირი რეკლამა ჰქონდა – „მსოფლიოს ყველა მონიტორზე“, ანუ ჯერ ომი არ იყო დამთავრებული და ფილმი უკვე არსებობდა. თან შინაარსი ასეთია, რომ ქართველებმა დაიპყრეს, ქალაქი ღამით დაბომბეს, ქართველები შეიჭრნენ, ქართველები ოსებს ხოცავენ და ა.შ. ანუ რეალურად, ჰიბრიდული ომი ნიშნავს ყველა იმ სფეროს ჩართვას, რომელიც შენ ტერიტორიას დაგაპყრობინებს. დღეს ინფორმაცია უფრო ქმედითია, ვიდრე ნასროლი ტყვია. ამას გარდა თანამედროვე სამხედრო ტექნიკა ერთი ერთზე ემსგავსება ვიდეოკამერებს და ეს ლოგიკურიცაა – ინფორმაცია წამში ვრცელდება, კაცმა არ იცის, რომელიც უფრო სწრაფად მოქმედებს, გასროლილი ტყვია თუ ის ნაღმი, რომელსაც ინფორმაციის სახით ისვრი. ინფორმაციით შესაძლოა საზოგადოებრივი აზრის ფორმირება, ნიშნავს იმას, რომ ტერიტორია დიდიხნით დაიმორჩილო. ტერიტორიაზე ინფორმაციით ინტერვენცია უფრო ქმედითია, ვიდრე ტექნიკით დაპყრობა. ერთია ტერიტორიის დაპყრობა და მეორე ამ ტერიტორიებზე ადამიანთა გონების დამორჩილება სწორედ დეზინფორმაციით. ამიტომ დღეს ძალიან მნიშვნელოვანია რუსული საინფორმაციო ნაკადის უკუგება, რომელიც მთელ მსოფლიოში ტყუილს ავრცელებს,“ – ამბობს თამარ ბელქანია.

მისივე თქმით, სამწუხაროდ, ჩვენ ყველა ტიპის საინფორმაციო ომს არათუ ვაგებთ, რიგ შემთხევევაში არც  ვიცით, რომ წარმოებს. ეს კი სახელმწიფო ინტერესებს სერიოზულ საფრთხეს უქმნის.

ჰიბრიდულ ომს დღევანდელობის შემადგენელ ნაწილად მიიჩნევს სდასუ-ს პროფესორი და კონფლიქტოლოგი, ზაზა ცოტნიაშვილიც. მისი თქმით, საინფორმაციო ომის მიზანი არის ამა თუ იმ სახელმწიფოს მხრიდან სამხედრო, პოლიტიკური, ეკონომიკური, საინფორმაციო საშუალებებით, არარეგულარული დანაყოფებითაც კი ტერიტორიების მიტაცება, გავლენების მოხდენა, ქაოსის შექმნა და ა.შ.

რამდენად გვემუქრება დღეს ჰიბრიდული ომი?

კონფლიქტოლოგთა ნაწილი თანხმდება, რომ დღეს, ქართული რეალობიდან გამომდინარე, ჩვენი ქვეყანა სწორედ ჰიბრიდულ ომში ტრიალებს. ამის აღიარება კი ძალიან რთულია. ზაზა ცოტნიაშვილი ამბობს, რომ, ამ მხრივ, საზოგადოების სიფხიზლე ძალიან საჭირო და აუცილებელია.

„ამ მიმართულებით საზოგადოების სიფხიზლე მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ იმ ადამიანებმა და ინსტიტუციებმა, რომლებიც გვაკვირდებიან, კარგად იციან, ჩვენზე რა ფსიქოლოგიური ზემოქმედება შეიძლება, მოახდინონ, როგორი ინფორმაცია შეიძლება, თავს მოგვახვიონ იმისთვის, რომ მოსახლეობამ თავისი პოლიტიკური ვექტორი შეიცვალოს. ასე რომ, ეს ჩვენი საზოგადოებისთვის ძალიან რეალური საფრთხეა. ჩვენ თუ გვინდა, რომ ნორმალურად განვვითარდეთ და თავს ცრუ ინფორმაცია არ მოგვახვიონ, ძალიან დიდი სიფრთხილეა საჭირო,“ – ამბობს ზაზა ცოტნიაშვილი.

 

არსებობს თუ არა იმის ბერკეტი, რომ რუსული საინფორმაციო პროპაგანდა თავიდან ავიცილოთ?

ამ კითხვაზე ერთგვარი პასუხი არ არსებობს, თუმცა არის რეკომენდაციები, რომლებიც უმეტესად მედიასაშუალებებს და მათ მიერ გავრცელებული ინფორმაციის სიზუსტეს და მაქსიმალურ სიფრთხილეს უკავშირდება. კონფლიქტოლოგები თანხმდებიან, რომ ამ მხრივ  მედიის აქტიურობა ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. თუმცა, თამარ ბელქანიას თქმით, საზოგადოებისთვის პრობლემა ისაა, რომ  ხალხი ვერ იაზრებს, რეალურად რა სახის ინფორმაციას ვიღებთ და ვართ თუ არა რუსული პროპაგანდის ქვეშ.

„ვერასდროს ვერ გავიგებთ, ჩვენ ვეგებით თუ არა პროპაგანდაზე, ან არის თუ არა ეს საერთოდ პროპაგანდა. ვერც იმას მიხვდებით, რომ ინფორმაციის მატარებელი ვართ, თანაც ისეთი ინფორმაციის, რომელიც ჩვენი ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ მუშაობს. ეს ინფორმაცია არის ძალიან კარგად შეფუთული და ხელოვნების დონეზე აყვანილი. შენ შეიძლება, შეცდომაში შეგიყვანონ და დაგარწმუნონ, რომ აფხაზეთი არასდროს ყოფილა საქართველოს ნაწილი, ეს კი ისე მოახერხონ, რომ თვითონ ქართველმაც დაიჯეროს და მათთან ერთად საერთაშორისო საზოგადოებამაც, რომელიც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს. ეს კი ყველაზე საშიშია. დღეს შეიძლება, სამხედრო ტექნიკით ომს ტექნოლოგიურმა ომმა გაუწიოს წინააღმდეგობა. თუ არ გაქვს სახელმწიფო სტრატეგია, ამ საინფორმაციო ომში როგორ იმუშავო უკუგებაზე, მაშინ შენ სამუდამოდ წააგებ ტერიტორიას, დაკარგავ ხალხს და ტერიტორიის დაკარგვა არ არის იმდენად მნიშვნელოვანი, რამდენადაც მნიშნველოვანია, რომ ხალხი არ დაკარგო. ხალხს თუ კარგავ, შენ სამუდამოდ კარგავ ტერიტორიას, ამ ხალხის დაპყრობაში კი ჰიბრიდული საინფორმაციო ომი ყველაზე ქმედითია,“ – განაცხადა თამარ ბელქანიამ.

რუსულ პროპაგანდასთან და საოკუპაციო პოლიტიკასთან დაკავშირებით პრეზიდენტის ადმინისტრაცია და უშიშროების საბჭო საგანმანათლებლო შეხვედრებს საქართველოს სხვა რეგიონებშიც გეგმავს.

 

 

თათია კაკიაშვილი

 

პოპულალურები