LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო წაგებას გადაეჩვია: ფრე ავსტრიაში და კარის გაჯახუნება ჯერ წინაა (ფოტო, ვიდეო)

53

საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირზე კვლავ მოგების გარეშეა, თუმცა ვენაში მიღწეული შედეგი ბუნებრივია დადებითად უნდა შეფასდეს. ავსტრიას, რომელსაც ბოლო შანსი რჩებოდა გაებრძოლა რუსეთში წამსვლელი საგზურისთვის, ჩვენებმა ცივი შხაპი გადაასხეს და გეგმებიც შეაცვლევინეს.
კი ამბობდნენ ქართველები, აქ მოსაგებად ჩამოვედითო. მართალია მთლად მოგება არ გამოვიდა, მაგრამ ისიც ხომ საქმეა, რომ ყველაფერს აღარ ვაგებთ.

თან თამაშიც ისეთი წავიდა, სულაც არ გვქონია საქმე წასაგებად. ბურთიც გვეჭირა და სულ უკანაც არ ვიჯექით. ცხადია, მასპინძლებმა მოინდომეს და ჩვენი შეცდომების შედეგად ხიფათიც შექმნეს, თუმცა საერთო ჯამში მაინც ლოგიკური შედეგი დაფიქსირდა.

ანგარიში მე-8 წუთზე გვილიამ გახსნა. ანანიძესთან გათამაშებული ბურთის შემდეგ, ჯანომ მარჯვნივ რომ გაიხედა, პასი მაინც მარცხნივ მყოფ გვილიას მისცა (თუ მოინდომა მაგარია ჯანო), მან მცველი მოძრაობაზე მოსვა დ შორეულ კუთხეში გააგორა – 0:1.

https://www.youtube.com/watch?v=sS-H6JS_azQ

ხშირად გვაქვს შემთხვევები, როდესაც ტაიმის ბოლოს ვუშვებთ. ეს ტრადიცია ახლაც გავაგრძელეთ. თან ისეთი გოლი მივიღეთ, წესით მწვრთნელმა გვარიანად უნდა დატუქსოს ფეხბურთელები. ახლო მანძილიდან ამდენჯერ ვინ არტყმევინებს თანამედროვე ფეხბურთში.

ჰოდა, თანამედროვე ფეხბურთამდე რომ ჯერ კიდევ ბევრი გვიკლია, ამაშია საქმე. კიდევ ის არის, რომ კარის გაჯახუნების ტრადიცია გვაქვს და იმედია ეს ზედიზედ ორ ფრეს დ ორ გამწარებულ მეტოქეს არ გულისხმობს და ერთი ვინმეს კუდაბზუებული გაშვება ჯერაც თბილისში სათამაშო უელსთან იქნება. მით უმეტეს, რომ ამ გუნდთან გამოგვდის თამაში.

ფრე ავსტრიაში მაინც კარგია.
ამავე აზრზეა ჩვენი ნაკრების მთავარი მწვრთნელიც.

ვლადიმირ ვაისი: “ავსტრიასთან ფრე ჩვენთვის კარგი შედეგია. პირველი გოლის გატანა შევძელით და კარგ ფეხბურთს ვთამაშობდით. რთული იყო არნაუტოვიჩის წინააღმდეგ ასპარეზობა და მისი განეიტრალება თითქმის შევძელით, თუმცა თამაშის გარკვეულ ეპიზოდებში გვიჭირდა, ძალა არ გვყოფნიდა. მეორე ტაიმში კანკავა თითქოს თავიდან დაიბადა, შევცვალეთ ტაქტიკა და გადავედით ორ საყრდენ ნახევარმცველზე. ავსტრია ძლიერი გუნდია, რომელსაც ძალიან ჭკვიანი მთავარი მწვრთნელი ჰყავს და ამ ნაკრებთან მოპოვებული ქულა ჩვენთვის საპატიოა. მიმაჩნია, რომ ეს გუნდი სიძლიერით ჯგუფში მეორეა. ორი რთული მატჩი დაგვრჩა და იმედი მაქვს, რომ გამარჯვების მოპოვებაც მოვახერხებთ”.

საქართველო: მაკარიძე, ნავალოვსკი, კაშია, კვერკველია, კაკაბაძე, კანკავა, კვეკვესკირი, გვილია(69 მერებაშვილი), ანანიძე, ყაზაიშვილი(90 ხოჭოლავა), ქვილითაია(88 დვალიშვილი).

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები