LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველომ სირიელი ლტოლვილი ბავშვები უნდა მიიღოს

508

საქართველომ შეზღუდული რაოდენობით ლტოლვილი უნდა მიიღოს, ამის შესახებ „ფორტუნას“ ეთერში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი კანდელაკმა განაცხადა.

მისი თქმით, რამდენიმე ასეული ბავშვის შეფარება ჩვენს ქვეყანას უპრობლემოდ შეუძლია.


„მილიონობით ლარი გაუმართლებელი რამისთვის იხარჯება,  ობლად დარჩენილი ბავშვების შეფარება ღირსების საკითხია,“ – აღნიშნა კანდელაკმა.

ლტოლვილების მიღებაზე საუბარია ალეპოს მხარდასაჭერად „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ შემუშავებული რეზოლუციის პროექტშიც, რომელიც პარტიამ დღეს წარადგინა. ტექსტში აღნიშნულია, რომ საქართველოს პარლამენტი გმობს სირიაში, განსაკუთრებით კი ალეპოში მიმდინარე პროცესებში რუსეთის ფედერაციის სამხედრო და პოლიტიკურ ჩარევას და მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, რომ შესაძლებლობის ფარგლებში გაუწიოს ჰუმანიტარული დახმარება სირიის არაბთა რესპუბლიკის მშვიდობიან მოსახლეობას და მიიღოს დევნილები სირიიდან.

გიორგი კანდელაკი იმედოვნებს, რომ ხელისუფლება და ოპოზიცია შეძლებენ ამ „ძალიან პრინციპულ საკითხზე“ შეთანხმებას, რადგან სირიასთან მიმართებაში „ერთ მხარეს დგას ცივილიზებული მსოფლიო და მეორე მხარეს რუსეთი“. ნებისმიერი ორაზროვნება კი აღნიშნულთან დაკავშირებით ჩვენი ქვეყნის რუსეთის სატელიტობაზე გააჩენს ეჭვს.

„ბოლო თვეების განმავლობაში სირიაში რუსეთის ჩარევა უფრო ინტენსიური გახდა, მიმდინარეობს მასობრივი დაბომბვა, იღუპებიან ბავშვები, მოიარა მსოფლიო ამ საშინელი ტრაგედიის კადრებმა და თუ ვართ ცივილიზებული სახელმწიფო, უნდა დავდგეთ ცივილიზებული მსოფლიოს გვერდით,“ – აღნიშნა კანდელაკმა.

იმ შემთხვევაში კი, თუ უმრავლესობა სრულად არ დაეთანხმება „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ შემუშავებულ პროექტს, ოპოზიცია მზად არის, მმართველ პარტიასთან ერთად რეზოლუციის ახალ ტექსტზე იმუშაოს.

 

გიორგი შავერდაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები