LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადი 48.61%-ით გაიზარდა

35

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, მიმდინარე წლის 6 თვის განმავლობაში, საქართველოს აეროპორტების მიერ, რეგულარული და ჩარტერული რეისების შედეგად გადაყვანილ იქნა 1 609 183 მგზავრი, რაც 48.61%-ით  (526 355 მგზავრით) აღემატება წინა წლის ანალოგიურ მონაცემს (1082 828 მგზავრი). მგზავრთნაკადის ზრის მაღალი მაჩვენებლები დაფიქსირდა საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტში:

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 2017 წლის 6 თვის განმავლობაში მოემსახურა 1 287 228 მგზავრს. 2016 წლის ანალოგიურ პერიოდში, აღნიშნული მონაცემი 893 222 მგზავრს შეადგენდა, შესაბამისად მატებამ 44.11% შეადგინა;

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი  93.69%-ით არის გაზრდილი. თუ წინა წლის 6 თვეში აეროპორტი მოემსახურა 95 430 მგზავრს, მიმდინარე წელს ამ მაჩვენებელმა 184 840 მგზავრი შეადგინა;

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მიერ მიმდინარე წლის 6 თვის განმავლობაში მომსახურებულ იქნა 133 418 მგზავრი, რაც 43.95%-ით (40 736 მგზავრით) მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

რაც შეეხება ადგილობრივი დანიშნულების აეროპორტებს, მესტია მიმდინარე წლის 6 თვის განმავლობაში 3 240 მგზავრს მოემსახურა, რაც 1 746 მგზავრით,  შესაბამისად 116.87%-ით მეტია ვიდრე გასული წლის პირველ 6 თვეს გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა. ამბროლაურის აეროპორტმა წელს პირველად მიიღო მგზავრები და იანვრის შუა რიცხვებიდან ივნისის ბოლომდე 457 მგზავრს მოემსახურა.

მიმდინარე წლის 6 თვის განმავლობაში, საქართველოს აეროპორტებში განხორციელდა 8 768 სამგზავრო და სატვირთო რეისი (7 016 რეგულარული და 1 752 ჩარტერული), რაც 39,48%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ პერიოდში განხორციელებული რეისების რაოდენობას (6 286 რეისი).

წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 14.15%-ით იმატა საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენების რაოდენობამ (2016 წელს – 57 811 ერთეული გადაფრენა, 2017 წელს – 65 992  ერთეული გადაფრენა).

მიმდინარე წლის 6 თვის მონაცემებით, ზრდა დაფიქსირდა სატვირთო გადაზიდვების კუთხითაც. საჰაერო გზით გადაზიდული ტვირთის მოცულობამ 16 941.729 ტონა შეადგინა, რაც 4 846.43 ტონით, შესაბამისად – 40.07%-ით მეტია ვიდრე წინა წელს გადაზიდული ტვირთის ოდენობა.