LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს ბარბაროსები შემოესევიან: მაისში ისტორიული მატჩია

193

31 მაისს დინამო არენაზე ბორჯღალოსნები ფრანგ ბარბაროსებს დაუპირისპირდებიან (French Barbarian, Barbarian Rugby Club).

„ზაფხულის პერიოდში ქართველი გულშემატკივარი ჩვენი ნაკრების თამაშების ცოცხლად ხილვის შესაძლებლობას მოკლებულია. გვსურდა მათთვის საჩუქარი გაგვეკეთებინა, ფრანგები გვერდში დაგვიდგნენ და 31 მაისს თბილისში, „დინამო არენაზე“ „ფრანგი ბარბაროსების“ ძლიერ გუნდს ვეთამაშებით“ – ამბობს საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი გოჩა სვანიძე.

ახლახანს უმცროსმა ბორჯღალოსნებმა „ლე ბლეს“ (საფრანგეთისნაკრების თიკუნი) ბაზაზე, „მარკუსიზე“ შეკრება გაიარეს და საფრანგეთის 20-წლამდელთა ნაკრების განვითარებად გუნდთან ორი მატჩი გამართეს.

საფრანგეთის რაგბის კავშირის პრეზიდენტმა ბერნარ ლაპორტმა ქართული რაგბის მიმართ პატივისცემა დაადასტურა და მომავალი მატჩის მნიშვნელობაზეც ისაუბრა:
„საქართველო ევროპულ და მსოფლიო რაგბში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს და აქედან გამომდინარე, საფრანგეთის რაგბის კავშირი დიდი სიხარულით დათანხმდა ამ მნიშვნელოვანი მატჩის გამართვას.

აღსანიშნავია, რომ შარშან „ფრანგმა ბარბაროსებმა“ “ოლ ბლექსს“ მოუგეს. ეს გუნდი თავისი მნიშვნელობით დიდ როლს იკავებს ფრანგულ რაგბში და 2017 წლიდან საფრანგეთის რაგბის კავშირმა „ფრანგ ბარბაროსებს“ მეორე ეროვნული ნაკრების სტატუსი მიანიჭა.

 

ვინ არიან ფრანგი ბარბაროსები

რაგბის კლუბი ბარბაროსები, რომელიც მოიხსენება როგორც „ფრანგი ბარბაროსები“ 1979 წელს ბრიტანული „ბარბაროსების“ (მსოფლიოს უხუცესი წვეული გუნდი, რომელიც სათავეს 1890 წლიდან იღებს) მაგალითზე ჩამოყალიბდა და პირველ წლებში მიზნად სამოყვარულო რაგბის და სარაგბო ტურნეების პოპულარიზაციას ისახავდა. 2017 წლიდან გუნდს ოფიციალურად მიენიჭა საფრანგეთის მეორე ეროვნული ნაკრების სტატუსი.

„ფრანგმა ბარბაროსებმა“ პირველი თამაში 1980 წელს შოტლანდიის ნაკრების წინააღმდეგ გამართეს და 26:22 დაამარცხეს, ბოლოს კი 2017 წლის 10 ნოემბერს ახალი ზელანდიის „მაორი ოლ ბლექსი“ (Maori All Blacks) მიიღეს და 19:15 აჯობეს.

ისტორიის განმავლობაში „ფრანგი ბარბაროსები“ 5-ჯერ შეხვდნენ „ოლ ბლექსს“ და ერთხელ მეტოქის დამარცხებაც მოახერხეს, ორჯერ ავსტრალიას, სამი თამაშიდან სამივე მოუგეს სამხრეთ აფრიკას, ხოლო ყველაზე ბევრჯერ – 8-ჯერ, არგენტინელებს შეხვდნენ და 5 მარცხის წილ 3 მოგება აქვთ.

ბორჯღალოსნების მომავალი მეტოქე ლურჯი და ლაჟვარდისფერი კომბინირებული კვართებით თამაშობს. რაც შეეხება წინდებს, „ბარბაროსების“ ტრადიციის თანახმად, ყველა მოთამაშე მოედანზე საკუთარი კლუბის წინდებით გადის.

 

„ეს სწორედ ისაა, რაზეც ბოლო წლებში რაგბის კავშირთან ერთად ვმუშაობდით – მაღალი ხარისხის თამაში!“ – ასე აფასებს ამ მომავალ მატჩს ბორჯღალოსნების მთავარი მწვრთნელი მილტონ ჰეიგი.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები