LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საქართველოს ფოსტამ“ მომსახურების ახალი სერვისი წარადგინა

82

„საქართველოს ფოსტამ“ მომსახურების ახალი სერვისი – „ქართული პროდუქტი მსოფლიოს“ წარადგინა. აღნიშნული მომსახურებით „საქართველოს ფოსტა“ ელექტრონული კომერციით დაკავებულ მეწარმე სუბიექტებს ღია ელექტრონულ პლატფორმას სთავაზობს, რომლის დახმარებითაც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა მიეცემა, აწარმოოს ელექტრონული კომერცია, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ, ხოლო პროდუქტის ტრანსპორტირებას „საქართველოს ფოსტა“ უზრუნველყოფს.

ელექტრონული პლატფორმის ინტეგრირებით, ონლაინ მაღაზიის გვერდზე გაიხსნება ტრანსპორტირების ღია მოდული, რომელიც მომხმარებელს ინფორმაციას მიაწვდის ტრანსპორტირების ღირებულების, მიღების ვადების და მისი ადგილსამყოფელის შესახებ.

აღნიშნული პროექტის პრეზენტაციას პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, დიმიტრი ქუმსიშვილი დაესწრო. როგორც ქუმსიშვილმა განაცხადა, აღნიშნული სერვისი ხელს შეუწყობს, როგორც მეწარმეთა განვითარებას, ასევე ქართული პროდუქტის პოპულარიზაციას.

,,დღეს “საქართველოს ფოსტამ” მომსახურების ახალი სერვისი წარადგინა. ეს არის “ქართული პროდუქტი მსოფლიოს”. ეს ქართულ მცირე და საშუალო მეწარმეებს აძლევს შესაძლებლობას, ელექტრონულ მაღაზიაში განთავსებული თავიანთი პროდუქტის გაყიდვის შემთხვევაში მიაწოდონ მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში. მოგეხსენებათ, რომ საკმაოდ კარგად იყო განვითარებული სერვისი, როდესაც ქართველი მომხმარებელი საზღვარგარეთ ყიდულობდა პროდუქციას და ხდებოდა იმპორტი – შესაბამისად ჩამოდიოდა საქართველოში ეს პროდუქტები. თუმცა, სერვისი, რომელიც აძლევდა ჩვენს მცირე მეწარმეებს, ან დიდ მეწარმეებს საშუალებას, რომ ქართული პროდუქტი ონლაინ მაღაზიების მეშვეობით გაყიდულიყო საზღვარგარეთ, ასეთი ტიპის სერვისი არ არსებობდა. სწორედ ამიტომ, „საქართველოს ფოსტამ“ დღეს შექმნა ეს სერვისი. დარწმუნებული ვარ, ეს პროდუქტი ონლაინ მაღაზიების რაოდენობის გაზრდას შეუწყობს ხელს“, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

როგორც ჟურნალისტებს „საქართველოს ფოსტის“ გენერალურმა დირექტორმა, ლევან ჩიკვაიძემ განუცხადა, მათი მიზანია საქართველოში ელექტრონული კომერციის განვითარება. ,,საქართველოს ფოსტის“ ახალი სერვისი საშუალებას მისცემს ადგილობრივ მეწარმეებს, რომ ჩაერთონ ელექტრონულ კომერციაში, აწარმოონ ქართული პროდუქტის ონლაინ გაყიდვები და გამოიყენონ ჩვენი სერვისი. ეს ხელს შეუწყობს ქართული წარმოების განვითარებას და მის გაფართოებას. მნიშვნელოვნად გაზრდის ქვეყანაში ელექტრონული კომერციის პროდუქტიულ, სწრაფ და სწორ განვითარებას. ასევე, დადებით გავლენას იქონიებს საქართველოს რეგიონების ტექნოლოგიურ განვითარებაზე“, – განაცხადა ლევან ჩიკვაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები