LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გაერო-ს გენერალურ მდივანს შეხვდა

53

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება, იძულებით გადაადგილებულ პირთა მდგომარეობა და ჩართულობის პოლიტიკისა და ნდობის აღდგენის მიმართულებით საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები იყო მთავარი თემები საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და გაერო-ს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტიერეშის შეხვედრაზე, რომელიც გაერო-ს შტაბბინაში გაიმართა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გაერო-ს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ მისთვის კარგად არის ცნობილი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება, განსაკუთრებით იძულებით გადაადგილებულ პირთა მდგომარეობა.

მხარეებმა დეტალურად განიხილეს ე.წ ბორდერიზციის პრობლემა, ის სირთულეები, რომელსაც აწყდებიან ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ეთნიკური ქართველები, განსაკუთრებით ე.წ. გამშვები პუნქტების დახურვის ფონზე. ასევე, წუხილი გამოითქვა გალის რაიონში სკოლებში ქართულ ენაზე სწავლის აკრძალვასთან დაკავშირებით.

შეხვედრაზე განსაკუთრებით გაესვა ხაზი ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატის მნიშვნელობას და მასში გაერო-ს და მისი წარმომადგენლის აქტიურ ჩართულობას.

„გენერალურმა მდივანმა განსაკუთრებული კმაყოფილება გამოხატა საქართველოს ხელისუფლების თანმიმდევრული პოზიციის გამო, კონფლიქტის მოწესრიგებასთან დაკავშირებით, იმ მძიმე გამოწვევების ფონზე, რომელიც შექმნილია ოკუპირებულ ტერიტორიებზე და განაცხადა, რომ საქართველოს გაერო-ს სრული მხარდაჭერა აქვს. გენერალური მდივნის მოწონება დაიმსახურა საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმულმა ნაბიჯებმა ჩართულობის პოლიტიკისა და ნდობის აღდგენის კუთხით. შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ საქართველო კვლავაც დარჩება გაერო-ს დღის წესრიგის მთავარ პრიორიტეტებში,“ – ნათქვამია პრესრელიზში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები