LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი იაპონიის ეროვნული დღესასწაულისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებას დაესწრო

78

გიორგი კვირიკაშვილმა, საქართველოს მთავრობის სახელით, იაპონელ ხალხს, ქვეყნის ეროვნული დღესასწაული – იმპერატორის დაბადების დღე მიულოცა და ორი ქვეყნის კავშირებზე ისაუბრა.
„საქართველოს და იაპონიას მრავალსაუკუნოვანი ისტორია და ტრადიციების მიმართ ერთგულება აერთიანებთ. თანამედროვე ეპოქაში, ჩვენს ქვეყნებს აკავშირებს ფუნდამენტური ღირებულებები – დემოკრატია, თავისუფლება, ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა. მოხარული ვარ, რომ ჩვენი თანამშრომლობა, ყოველწლიურად, სწორედ აღნიშნულ პრინციპებზე დაყრდნობით ვითარდება. დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან, იაპონია და საქართველო ერთგულ პარტნიორებს წარმოადგენენ. ჩვენთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია ის ურყევი პოზიცია, რომელიც იაპონიის მთავრობას საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ აქვს. დიდად ვაფასებთ იაპონიის და იაპონელი ხალხის უმნიშვნელოვანეს მორალურ და მატერიალურ თანადგომას, რომელსაც წლების განმავლობაში, განსაკუთრებული წვლილი შეაქვს საქართველოს ეკონომიკური და დემოკრატიული განვითარების პროცესში“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერ-მინისტრმა, ასევე ხაზი გაუსვა ბოლო პერიოდში გააქტიურებულ ორმხრივ ურთიერთობებს და აღნიშნა, რომ სავაჭრო-ეკონომიკურ, კულტურულ, განათლების და ტურიზმის სფეროებში თანამშრომლობა ნაყოფიერად ვითარდება.
პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს გეოპოლიტიკური მდგომარეობა, ხელსაყრელი ბიზნესგარემო და საინვესტიციო პოტენციალი, ასევე, მჭიდრო ხალხთაშორისი კავშირები, არსებული თანამშრომლობის ახალი მიმართულებების ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს.
„2017 წელს ჩვენ აღვნიშნავთ საქართველოსა და იაპონიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 25 წლის იუბილეს. ამ ღირსშესანიშნავი თარიღის აღსანიშნავად, დაგეგმილია მთელი რიგი ღონისძიებებისა, როგორც საქართველოში, ასევე – იაპონიაში. დარწმუნებული ვარ, 2017 წელს ჩვენ განვახორციელებთ მსხვილ ეკონომიკურ პროექტებს ინფრასტრუქტურის, სოფლის მეურნეობის, ენერგეტიკის, ტურიზმის, გარემოს დაცვისა და სხვა სფეროებში. მომავალი წელი განსაკუთრებული უნდა გახდეს ორმხრივი სავაჭრო ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების თვალსაზრისით“, – განაცხადა პრემიერმა.
გიორგი კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ტოშიო კაიტანის, რომელსაც, საელჩოს თანამშრომლებთან ერთად, აქტიური წვლილი შეაქვს ორი მეგობარი ერის უფრო მეტად დაახლოების პროცესში.
მთავრობის მეთაურმა იმედი გამოთქვა, რომ ერთობლივი ძალისხმევით, საქართველო-იაპონიის ნაყოფიერი თანამშრომლობა მომდევნო წლებში კიდევ უფრო გაღრმავდება, ორი ქვეყნის მშვიდობიანი და სტაბილური განვითარების მიზნებისთვის.

 

საქართველო-იაპონიის მეგობრობასა და საერთო ფასეულობებზე ისაუბრა იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ტოშიო კაიტანიმ.
„იაპონია აგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას აზიისა და ოკეანეთის მხრიდან. გვინდა, მოგილოცოთ დემოკრატიული არჩევნების ჩატარება და ახალი მთავრობისა და პარლამენტის ფორმირება. მოხარული ვართ, რომ საქართველოს ურთიერთობები პროგრესირებს ევროკავშირთან, განსაკუთრებით სავიზო ლიბერალიზაციის საკითხში, ნატოსთან და სხვა ქვეყნებთან“, – განაცხადა იაპონიის ელჩმა.
დიპლომატმა, იაპონიის იმპერატორის სახელით, საქართველოსა და ქართველ ხალხს კეთილდღეობა და ორი ქვეყნის მეგობრობის გაძლიერება უსურვა.
სადღესასწაულო მიღებას საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები