LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ისრაელის ქნესეთის თავმჯდომარეს შეხვდა

42

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ისრაელის სახელმწიფოს ქნესეთის თავმჯდომარეს იული ედელშტეინს შეხვდა.

მხარეებმა წარმატებულ ორმხრივ თანამშრომლობაზე ისაუბრეს, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში აქტიურად ვითარდება. ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის არსებულ 25-წლიან დიპლომატიურ ურთიერთობებს და მრავალსაუკუნოვან მეგობრობას.

გიორგი კვირიკაშვილმა და იული ედელშტეინმა ასევე დადებითად შეაფასეს საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფოს საკანონმდებლო ორგანოებს შორის არსებული პარტნიორობა და მეგობრობის ჯგუფების აქტიური საქმიანობა.

შეხვედრისას, ყურადღება დაეთმო მთელი რიგი მიმართულებებით საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს. პრემიერ-მინისტრმა ქნესეთის თავმჯდომარეს ქვეყანაში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები გააცნო. აღინიშნა, რომ საქართველოს მთავრობის მეთაურის ვიზიტი, ისევე როგორც ბოლო პერიოდის მაღალი დონის ორმხრივი ვიზიტები, დამატებით იმპულსს მისცემს ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრობის გაღრმავებას.

დღესვე, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ისრაელის სახელმწიფოს ქნესეთში, შეხვედრა გამართა ოპოზიციის ლიდერ ისააკ ჰერცოგთან.

საუბარი შეეხო სხვადასხვა სფეროში საქართველო-ისრაელის აქტიურ თანამშრომლობას და ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებს შორის არსებულ ინტენსიურ ურთიერთობებს.

გიორგი კვირიკაშვილმა ქნესეთში, სამშობლოსთვის ბრძოლაში დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკო, ასევე – საპატიო სტუმართა წიგნში სამახსოვრო ჩანაწერი დატოვა.