LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი ბელარუსის რესპუბლიკაში დაიწყო

66

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დელეგაციასთან ერთად დღეს ბელარუსის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტი დაიწყო.
ქვეყნის პირველ პირს მინსკის ნაციონალურ აეროპორტში ბელარუსის რესპუბლიკის ვიცეპრემიერი მიხაილ რუსი, საგარეო საქმეთა მინისტრი ვლადიმირ მაკეი, ასევე ბელარუსის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში მიხაილ მიატლიკოვი და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბელარუსში დავით კოტარია დახვდნენ.


ქართველ კოლეგას მასპინძლობას ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო გაუწევს. ქვეყნის პირველი პირი ვიზიტის ფარგლებში 1-2 მარტს ოფიციალურ შეხვედრებს გამართვს.


საქართველოს პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია დამოუკიდებლობის სასახლეში გაიმართება, რის შემდეგაც ორი ქვეყნის ლიდერები ერთმანეთს ჯერ პირისპირ, ხოლო შემდეგ გაფართოებული შემადგენლობით შეხვდებიან.


გაფართოებული ფორმატით შეხვედრის დასრულების შემდგომ გიორგი მარგველაშვილი და ალექსანდრე ლუკაშენკო ერთობლივ დოკუმენტს მოაწერენ ხელს და მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.


საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დამოუკიდებლობის სასახლის საპატიო სტუმართა ხეივანში ხის დარგვის ცერემონიაში მიიღებს მონაწილეობას. გიორგი მარგველაშვილის პატივსაცემად ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტის სახელით გამართული ოფიციალური სადილის შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტი მინსკში გამარჯვების მონუმენტს გვირგვინით შეამკობს.

 

2 მარტს გიორგი მარგველაშვილი ბელარუსის რესპუბლიკის ეროვნული კრების რესპუბლიკის საბჭოს თავმჯდომარეს და ეროვნული კრების წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარეს, პრემიერმინისტრს შეხვდება.
გიორგი მარგველაშვილი ბელარუსის ეროვნული ტექნიკური უნივერსიტეტში საჯარო ლექციასაც წაიკითხავს.
საქართველოს ოფიციალური დელეგაცია საქართველოში 2 მარტს დაბრუნდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები