LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს პრეზიდენტს მხოლოდ 300 ადამიანი აირჩევს

49

საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის საბოლოო ვარიანტით, პრეზიდენტი უნდა აირჩიოს საარჩევნო კოლეგიამ ფარული კენჭისყრით.  კოლეგიის შემადგენლობაში შედის 300 ხმოსანი, არჩევნები კი პარლამენტის შენობაში გაიმართება.

უცვლელია არჩევნების გამართვის თვე და პრეზიდენტს კვლავ უფლებამოსილების ვადის ამოწურვის წელს, ოქტომბერის თვეში აირჩევენ.

იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს პრეზიდენტის არჩევის ვადა დაემთხვევა საქართველოს პარლამენტის არჩევნებს, პრეზიდენტი აირჩევა ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომის გამართვიდან ერთი თვის განმავლობაში.

კონსტიტუციის პროექტის ახალი ვარიანტის 47-ე მუხლში ვკითხულობთ:

  1. საქართველოს პრეზიდენტს 5 წლის ვადით დებატების გარეშე ფარული კენჭისყრით ირჩევს საარჩევნო კოლეგია. ერთი და იგივე პირი საქართველოს პრეზიდენტად შეიძლება აირჩეს მხოლოდ ორჯერ.
  2. საქართველოს პრეზიდენტად შეიძლება აირჩეს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე 40 წლის ასაკიდან, რომელსაც საქართველოში უცხოვრია 15 წელი მაინც და არჩევნების დანიშვნის დღეს ცხოვრობს საქართველოში. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენის უფლება აქვს ხმოსანთა ერთ მეხუთედზე მეტს. ერთ ხმოსანს უფლება აქვს მხარი დაუჭიროს მხოლოდ ერთი კანდიდატის წარდგენას.
  3. საარჩევნო კოლეგიის შემადგენლობაში შედის 300 ხმოსანი, მათ შორის საქართველოს პარლამენტის და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების წარმომადგენლობითი ორგანოების ყველა წევრი. სხვა ხმოსნებს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ ორგანული კანონის საფუძველზე პროპორციული გეოგრაფიული წარმომადგენლობის პრინციპის დაცვითა და ადგილობრივი თვითმმართველობის პროპორციული წესით ჩატარებული არჩევნების შედეგების გათვალისწინებით განსაზღვრული კვოტების შესაბამისად ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების შემადგენლობიდან ასახელებენ შესაბამისი პოლიტიკური პარტიები. საარჩევნო კოლეგიის შემადგენლობას ამტკიცებს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია.
  4. საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები იმართება პარლამენტის შენობაში. არჩევნების პირველ ტურში არჩეულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც მიიღებს ყველაზე მეტ ხმას, მაგრამ არანაკლებ ხმოსანთა სრული შემადგენლობის უმრავლესობისა. თუ პირველ ტურში საქართველოს პრეზიდენტი არ აირჩა, მეორე ტურში კენჭი ეყრება პირველ ტურში საუკეთესო შედეგის მქონე 2 კანდიდატს. მეორე ტურში არჩეულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც მეტ ხმას მიიღებს. არჩევნების პირველი ან მეორე ტური შემდგარად ჩაითვლება, თუ მასში მონაწილეობას მიიღებს ხმოსანთა სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი. თუ ამომრჩეველთა კოლეგიამ საქართველოს პრეზიდენტი ვერ აირჩია, 2 კვირის ვადაში იმართება საქართველოს პრეზიდენტის ხელახალი არჩევნები.
  5. საქართველოს პრეზიდენტი აირჩევა პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის კალენდარული წლის ოქტომბერში. საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში პრეზიდენტი აირჩევა უფლებამოსილების შეწყვეტიდან 45 დღის ვადაში. თუ არჩევის თარიღი ემთხვევა საგანგებო ან საომარ მდგომარეობას, საქართველოს პრეზიდენტი აირჩევა ამ მდგომარეობის გაუქმებიდან 60 დღის ვადაში. თუ საქართველოს პრეზიდენტის არჩევის ვადა ემთხვევა საქართველოს პარლამენტის არჩევნებს, საქართველოს პრეზიდენტი აირჩევა ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომის გამართვიდან ერთი თვის განმავლობაში.
  6. პრეზიდენტის არჩევის წესი და პირობები განისაზღვრება კონსტიტუციით და ორგანული კანონით

საქართველოს კონსიტუციის პროექტის საბოლოო ვარიანტი, რომელზეც ბოლო 4 თვის განმავლობაში მმართველ გუნდთან, ექსპერტებთან, კონსტიტუციონალისტებთან და ოპოზიციურ პარტიებთან ერთად მსჯელობა კომისიის ფორმატში მიმდინარეობდა, საკონსტიტუციო კომისიაში შემავალ სუბიექტებს უკვე გადაეგზავნათ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები