LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს რკინიგზა CER-ის ყოველწლიურ შეხვედრას მასპინძლობს

52

დღეს, თბილისში, ,,ევროპის რკინიგზებისა და ინფრასტრუქტურული კომპანიების გაერთიანების“ – CER-ის ყოველწლიური შეხვედრა იმართება. აღნიშნული ტიპის შეხვედრებს CER-ი წელიწადში ორჯერ – ბრიუსელსა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ქალაქებში მართავს. სხდომა, რომელზეც მე-4 სარკინიგზო პაკეტის მიმდინარეობა განიხილება, ევროკავშირის არაწევრ სახელმწიფოში – საქართველოში – წელს პირველად იმართება.

როგორც ”ფორტუნას” საქართველოს რკინიგზიდან აცნობეს, საქართველო – ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ, საქართველომ სხვადასხვა დირექტივებისა და რეგულაციების შესრულების ვალდებულება აიღო. მათ შორის, 8 დირექტივა, საქართველოს რკინიგზას ეხება. CER-ი, რომლის წევრი საქართველოს რკინიგზაა, კომპანიას გამოცდილებას როგორც ტექნიკური, ასევე სამართლებრივი კუთხით უზიარებს.

”ფორუმი, რომელიც თბილისში იმართება, საუკეთესო პლატფორმაა ევროპის რკინიგზების ადმინისტრაციებთან საქმიანი ურთიერთობის დასამყარებლად. CER-ის მთავარი მიმართულებაა ორგანიზაციის წევრი რკინიგზებისა და კომპანიების ინტერესების ევროკავშირის ტერიტორიაზე მხარდაჭერა. მისი სლოგანია ,,ევროპული რკინიგზების ხმა“ და ის ევროკავშირში რკინიგზების ომბუცმენია”, – აცხადებენ საქართველოს რკინიგზაში.

მათივე ცნობით, თბილისში CER-ის ყოველწლიურ შეხვედრას ევროკავშირის წევრი ქვეყნის რკინიგზების ევროპული მიმართულების დირექტორები ესწრებიან. შეხვედრის თავმჯდომარეა CER-ის აღმასრულებელი დირექტორი ლიბორ ლოხმანი.

,,დღეს საქართველოს რკინიგზა ძალიან მნიშვნელოვან ღონისძიებას მასპინძლობს. ამით ძალიან ამაყები ვართ, ვინაიდან ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც CER-ის ფორუმი ევროკავშირს ფარგლებს მიღმა ტარდება. ეს იმის ინდიკატორია, რომ ჩვენ ევროპული ოჯახის ნაწილად მივიჩნევით. მოგეხსენებათ, რომ საქართველომ 2014 წელს ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულებას ხელი მოაწერა, რომლის ნაწილი გახლავთ ევროდირექტივებისა და რეგულაციების იმპლემენტაცია. სარკინიგზო ტრანსპორტის ნაწილში აჟამად მიმდინარეობს მე-4 სარკინიგზო პაკეტისგანხორციელება. საქართველოს რკინიგზას საკმაოდ ხელშესახები პროგრესი აქვს აღნიშული დირექტივების ნაწილში და დღევანდელი შეხვედრა სწორედ ამ მე-4 პაკეტის განხილვას შეეხება,“ – აცხადებს საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა მამუკა ბახტაძემ.

ფორუმს CER-ის აღმასრულებელი დირექტორი ლიბორ ლოხმანი უძღვება. ის პოზიტიურად აფასებს საქართველოს რკინიგზის CER-თან თანამშრომლობის ფაქტს.მისი თქმით, ევროპასა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ნაყოფიერი თანამშრომლობა სარკინიგზო ტრანსპორტის განვითარებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან პირდაპირ კავშირშია ეკონომიკის განვითარებასთან.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები