LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს რკინიგზა ელექტრონულ ნარჩენებთან ბრძოლას იწყებს

37

საქართველოს რკინიგზა ელექტრონულ ნარჩენებთან ბრძოლას იწყებს. ამ მიზნით რკინიგზის ადმინისტრაციულ შენობაში „ელექტრონული ნარჩენებისთვის“ ყუთები დაიდგა.

რკინიგზა პირველი კომპანიაა საქართველოში, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაცია Enviroserve-ის მიერ მოწყობილ აქციაში – „ერთად ვებრძოლოთ ელექტრონულ ნარჩენებს!“ ჩაერთო.

როგორც საქართველოს რკინიგზაში აცხადებენ, Enviroserve არის საერთაშორისო კომპანია, რომელიც სპეციალიზირდება ელექტრონული მოწყობილობების გადამუშავების კუთხით. კომპანიის სათაო ოფისი და გადამამუშავებელი ქარხანა მდებარეობს დუბაიში. მათი საქართველოში საქმიანობა კი დამოწმებულია საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ.

ცნობისათვის, E-Waste ანუ „ელექტრონული ნარჩენებს“ განეკუთვნებიან ისეთი სახის ნარჩენები, რომლებიც შეიძლება გადაიყაროს, მაგალითად, ძველი მობილური ტელეფონები, ელექტრო საოფისე მოწყობილობა, კომპიუტერები და ელექტროობასთან დაკავშირებული დეტალები,როგორიცაა: საპარსები, კბილის ელექტროჯაგრისები, მელნის კარტრიჯები და ა.შ. ელექტრონული ნარჩენები საშიშია, ვინაიდან შეიცავს ისეთ ტოქსიკურ ნივთიერებებს, როგორიცაა: ვერცხლის წყალი, ტყვია, ბერილიუმი და კადმიუმი, რომლებიც კანცეროგენულობით ხასიათდებიან და იწვევს თავის ტვინისა და თირკმლის დაზიანებას (განსაკუთრებით ბავშვებში).

E-Waste შესაგროვებელი ყუთები განთავსებულია სს „საქართველოს რკინიგზის“ ოფისის შესასვლელში და რკინიგზის თანამშრომლებს შესაძლებლობა აქვთ გამოუსადეგარი ელექტრონული ნარჩენები მასში ნებისმიერ დროს ჩაყარონ.

ამასთან, სს„საქართველოს რკინიგზა“ კიდევ ერთ პროექტში მონაწილეობს: პროექტი „ერთად გავუფრთხილდეთ გარემოს“ ითვალისწინებს სხვადასხვა დაწესებულებებში ე.წ. „მწვანე ყუთების“ დადგმას, რომელშიც ორგანიზაციის თანამშრომლები მაკულატურას განათავსებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები