LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს შესარჩევი ეწყება: გენერალური რეპეტიცია პოლონეთში წავაგეთ

55

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებს მთავარი მატჩები ეწყება. ჩვენებს 2017 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის თამაშები ელით და საამისოდ ნაყოფიერად მოემზადნენ. ჯერ იყო და სლოვენიაში გვარიანი შეკრება გაიარეს, მერე თბილისში მერიის თასზე სამი კარგი მატჩი ჩაატარეს და ახლა პოლონეთში ტურნირზე გამოვიდნენ. ეს გენერალური რეპეტიცია გამოდგა, თუმცა არც თუ წარმატებული.

პოლონეთი 80:71 საქართველო

„პოლონეთთან თამაშს დანაკლისით შევხვდით, ხოლო მსაჯმა პირველ ნახევარში ძირითადი გამთამაშებელიც გაგვიძევა. სამწუხაროა, რომ თითქმის ნახევარი გუნდით დავრჩით და მოგების შანსი თითქმის დავკარგეთ, მაგრამ ბიჭებმა ბოლომდე იბრძოლეს, მათ ხასიათი გამოავლინეს და მატჩი საბოლოოდ ღირსეულად ჩავამთავრეთ“ – ეს გახლდათ მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე ილიას ზუროსისა და ზაზა ფაჩულიას საერთო აზრი.

მსაჯებმა მეორე პერიოდის შუაწელს ვიქტორ სანიკიძეზე არარსებული ჯარიმა დაუსტვინეს, ხოლო პროტესტის გამოთქმისთვის ამ უკანასკნელს ტექნიკური მისცეს, არბიტრთან ვითარების ასახსნელად მისული გიორგი ცინცაძე კი ორმაგი ტექნიკურით დასაჯეს და მოედანთან ერთად სათადარიგოთა სკამიდანაც გააძევეს.

საქართველოს ნაკრებს ისედაც აკლდა ორი მთავარი მექულე – თორნიკე შენგელია და მაიკლ დიქსონი, ხოლო ცინცაძის გაგდებითა და სანიკიძის ნაადრევი 4 პერსონალურის გამო თითქმის გამოუვალ სიტუაციაში აღმოჩნდა.

სამაგიეროდ დადებითი მხარეა ის, რომ სათადარიგოებს მეტი სათამაშო დრო მიეცათ და ძლიერ მეტოქესთან კარგი გამოცდილებაც მიიღეს.

ლუკა ზაქრაძემ, ანატოლი ბოისამ, ბესიკ ლეჟავამ (რომელიცსასტარტო ხუთეულში იყო), ბექა ბექაურმა და კახა ჯინჭარაძემ ზაზა ფაჩულიასა და გიორგი შერმადინის წინამძღოლობით ღირსეულად და ბოლომდე იბრძოლეს. თამაშში იყვნენ და ბურთებიც ჩაყარეს დუდა სანაძემ და ბექა ბურჯანაძემ.

ჩვენდა სასიხარულოდ, ბოლო ინფორმაციით, მაიკლ დიქსონის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა და ამერიკელი ლეგიონერი ვარჯიშს თბილისში დაბრუნების შემდეგ განაახლებს.

საქართველოს ნაკრებმა პოლონეთში, ტურნირის პირველი შეხვედრა შვედეთთან 60:73 წააგო.

ბოლოს კი ის ვთქვათ, რომ შესარჩევი მატჩებისთვის ბილეთების ონლაინ გაყიდვა დაწყებულია.
ბილეთის ფასი 5, 10 და 15 ლარია, რომლის შეძენა გულშემატკივარს www.tkt.ge-ზე შეუძლია.

საქართველო შესარჩევ ეტაპზე სამ საშინაო შეხვედრას გამართავს. 31 აგვისტოს ალბანეთთან, 7 სექტემბერს მონტენეგროსთან, ხოლო 14 სექტემბერს – სლოვაკეთის ნაკრებთან.
ყველა შეხვედრა 19:00 საათზე დაიწყება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები