LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს სივრცითი მოწყობა საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით მოხდება

176

საქართველოს სივრცითი მოწყობის გენერალური სქემა, ახმეტისა და თუშეთის მუნიციპალიტეტების, ასევე 12 სოფლის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტაცია, საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით შემუშავდება.

ამას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებას შორის გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმი ითვალისწინებს.

მემორანდუმის საგანია მხარეებს შორის თანამშრომლობა საქართველოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის საკითხებში. აღნიშნული საქართველოს ეკოლოგიური, სოციალური, კულტურული და ეკონომიკური ინტერესების დაბალანსებით ქვეყნის მდგრადი განვითარებას განაპირობებს.

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, მსგავსი შინაარსისა და მასშტაბის თანამშრომლობა ქვეყნის სივრცით – ტერიტორიული დაგეგმვის კონტექსტში პირველად ხორციელდება.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო უზრუნველყოფს სივრცით- ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტაციის შემუშავებას და პასუხისმგებელია პროექტების განხორციელებაზე.

GIZ -ი გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების სამინისტროს (BMZ) პროექტის „ბიომრავლფეროვნების ინტეგრირებული მართვა სამხრეთ კავკასიაში“ ფარგლებში ტექნიკური და ფინანსურ დახმარებით ხელს შეუწყობს აღნიშნული სივრცული მოწყობის პროექტების, გარემოს დაცვის მოთხოვნების შესაბამისად განხორციელებას. ამ მიზნით უკვე გაფორმებულია საგრანტო ხელშეკრულება თანადაფინანსების შესახებ. სამინისტროს თხოვნით GIZ-მა გამოყო დარგის ქართველი და უცხოელი სპეციალისტები, რომლებიც სამინისტროს გაუწევენ ექსპერტულ დახმარებას.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო საქართველოს სივრცითი მოწყობის სქემის შემუშავების მიზნით, საერთაშორისო კონსორციუმის შერჩევის პროცესს განაგრძობს. პარალელურად, შესაბამისი კონკურსებით შერჩეული ქართული კონსორციუმები მესტიის მუნიციპალიტეტის, მულახის თემის, ბახმაროს, ბაკურიანის(დიდი მიტარბის) და იყალთოს ხევის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტაციას შეიმუშავებენ.

მემორანდუმს ხელი გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) „ბიომრავალფეროვნების ინტეგრირებული მართვის“ პროექტის ხელმძღვანელმა ქრისტიან გიონერმა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ქეთევან ბოჭორიშვილმა მოაწერეს. მისი თქმით, მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმის მიხედვით სივრცითი ტერიტორიული მოწყობა არის ერთ-ერთი პრიორიტეტი, რომლის თანახმადაც არა ერთი კონკრეტული პროექტი ხორციელდება. მნიშვნელოვანია , რომ ეს დოკუმენტი საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით შემუშავდება.

„მოხარული ვარ, რომ დღეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და GIZ -ს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. ეს არის სამომავლო ურთიერთობის ხელშეკრულება. თქვენს ქვეყანას უნიკალური კულტურული ღირებულებები გააჩნია. ჩვენ ქართულ მხარეს ფინანსური და ტექნიკური კუთხით დავეხმარებით და კონსულტაციას გავუწევთ მთვრობას სივრცით-ტერიტორიული მოწყობის საკითხებში-განაცხადა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების – (GIZ) „ბიომრავალფეროვნების ინტეგრირებული მართვის“ პროექტის ხელმძღვანელმა საქართველოში ქრისტიან გიონერმა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები