LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა მნიშვნელოვანია მთელი მსოფლიოსთვის”

79

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს პაოლო ალის შეხვდა.

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პაოლო ალის მადლობა გადაუხადა საქართველოს ევროატლანტიკური კურსისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისათვის, ასევე ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის თბილისში ჩატარებისათვის.

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის სესია, ნატო-საქართველოს თანამშრომლობა, საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების სისტემის გაუმჯობესების გზები და ქვეყანაში არსებული ვითარება – ეს არასრული ჩამონათვალია იმ ძირითადი საკითხებისა, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა ასამბლეის პრეზიდენტთან განიხილა.

საქართველოს პრეზიდენტმა თხოვნით მიმართა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს ნატო-ს ექსპერტები ჩაერთონ და ერთობლივად შემუშავდეს რეკომენდაციები საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების არქიტექტურის გასაუმჯობესებლად საკონსტიტუციო ცვლილებებთან მიმართებაში.

როგორც ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა პაოლო ალიმ განაცხადა, ალიანსი ძლიერად უჭერს მხარს საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში მისწრაფებებს და სწორედ ამის დადასტურებაა თბილისში საპარლამენტო სესიის ჩატარება.

პაოლო ალიმ ისაუბრა იმ ნაბიჯებზე, რომლებიც შესაძლებელია გადაიდგას საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების მიმართულებით. მან მტკიცე მხარდაჭერა გამოხატა საქართველოს მიმართ და აღნიშნა, რომ იშვიათი შემთხვევაა, როდესაც ნატო-ს არაწევრ ქეყანაში ტარდება ალიანსის საპარლამენტო ასამბლეის შეხვედრა და საქართველო ამ იშვიათი გამონაკლისების რიცხვშია. პაოლო ალიმ ხაზი გაუსვა, რომ ეს არის არა მხოლოდ ჟესტი, არამედ ნატო-ს მხრიდან მნიშვნელოვანი პოლიტიკური ნაბიჯი.

პაოლო ალის ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოს სტაბილურობას არსებითი მნიშვნელობა აქვს მთელი რეგიონის სტაბილურობისათვის, და ეს მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საქართველოსა და ევროპისათვის, არამედ მთელი მსოფლიოსათვის, რადგან ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ ტერიტორიული მთლიანობა, საერთაშორისო სამართლის პატივისცემა და ის, რაც აქ ხდება, ნამდვილად მნიშვნელოვანია ნატოსათვის, ევროპისათვის და, ვფიქრობ, ასევე, მრავალი სხვა ქვეყნისათვის.

„ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს ჰქონდა ძალიან ფართო ხედვა უსაფრთხოების კონტექსტში. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს უსაფრთხოება, საქართველოს ნატო-ში გაწევიანების პერსპექტივების განვითარება და ტერიტორიული მთლიანობის საკითხი არსებითად მნიშვნელოვანია არა მარტო საქართველოსთვის, არამედ მთელი ევროპული უსაფრთხოებისა და მსოფლიოსთვის“,- განაცხადა ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა.