LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს წინააღმდეგ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია: დღეს სერბეთთან თამაშია (ფოტოები)

126

საქართველოს ნაკრები დღეს სერბეთს ხვდება. მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლოსწინა მატჩში საქართველოს ნაკრებს ევროლიგის მოთამაშეები – თორნიკე შენგელია და გიორგი შერმადინი დაემატნენ, თუმცა არის დანაკლისიც: ეროვნულ გუნდს მანუჩარ მარკოიშვილი ვერ დაეხმარება.

ილიას ზუროსის ხელმძღვანელობით ჩვენი ეროვნული გუნდი 11 ივნისიდან ემზადება. საქართველოს ნაკრები სპარინგ – მატჩების გასამართად პრაღაში იმყოფებოდა, სადაც 22 დ 23 ივნისს ჩეხეთის ნაკრებს დაუპირისპირდა.

საქართველოს ნაკრებს მიმდინარე საკვალიფიკაციო ტურნირში 4 მატჩიდან 1 გამარჯვება აქვს. ჯგუფში მყოფი 4 ნაკრებიდან – გერმანია, სერბეთი, საქართველო, ავსტრია – მომდევნო ეტაპზე 3 საუკეთესო გადის. საქართველოს ნაკრებს სამეულში მოხვედრის რეალური შანსი აქვს, თუმცა გათამაშების ფორმატიდან გამომდინარე, რაც შეიძლება მეტი მოგების მოპოვება მართებს. 3 საუკეთესო გუნდს პირველ ჯგუფურ ეტაპზე დაგროვილი ქულები მეორეშიც გადაჰყვებათ.

მომდევნო ეტაპზე გასული გუნდებისთვის 2018 წლის სექტემბრიდან 2019 წლის თებერვლამდე ჩატარდება მეორე საკვალიფიკაციო რაუნდი. ჩვენი ჯგუფის 3 საუკეთესო შეხვდება იმ ჯგუფიდან გასულ გუნდებს, რომელშიც საბერძნეთი, ისრაელი, დიდი ბრიტანეთი და ესტონეთი თამაშობენ. ამ ჯგუფში სადღეისოდ მხოლოდ საბერძნეთს აქვს ჯგუფიდან გასვლა განაღდებული.

სერბეთის შემდეგ საქართველოს ნაკრები ჯგუფის ბოლო მატჩს 2 ივლისს, თბილისში, ავსტრიასთან გამართავს.

საქართველოს ნაკრებში 14 კალათბურთელია. მათგან რომელი 12 იქნება განაცხადში, ეს მატჩის დღეს გადაწყდება.

სპორტის სასახლეში საქართველოს ნაკრების ვარჯიში გაიმართა, რომლის დაწყებისას კალათბურთელებს ჟურნალისტები შეხვდნენ.

ილიას ზუროსი (საქართველოს ნაკრების მწვრთნელი)
“კიდევ ერთხელ უნდა გავიმეორო, რომ წინ ორი ურთულესი მატჩი გველოდება. შესაძლოა ბევრმა არც იცის, რომ ჩვენს წინააღმდეგ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი, სერბეთის ნაკრები ითამაშებს. სერბებს ეყოლებათ NBA-ს ერთი და ევროლიგის არაერთი მოთამაშე. ჩვენი მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ, რომ სასურველ შედეგს მივაღწიოთ. უნდა გვესმოდეს, რომ მეორე შეხვედრაც რთული იქნება, რადგან ავსტრიასაც შესანიშნავი გუნდი ჰყავს. მინდა მივმართო გულშემატკივრებს, რომ ამ მნიშვნელოვან მომენტში მათი მხარდაჭერა ძალიან გვჭირდება.”

 

თორნიკე შენგელია (საქართველოს ნაკრები)
“მიუხედავად იმისა, რომ მოსამზადებლად მცირე დრო იყო, გუნდი კარგ ფორმაშია. ჯგუფიდან გასასვლელად ერთი თამაშის მოგებაც საკმარისია, თუმცა სასურველია, რომ ორივე თამაში მოვიგოთ და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. ამბობენ, რომ სერბები გადახალისებული შემადგენლობით მოდიან და როგორც ჩანს, ევროლიგის 7 მოთამაშეს გულისხმობენ. ძალიან ძლიერი შემადგენლობა ჰყავთ და შევეცდებით, რომ ისეთი ტაქტიკა დავუპირისპიროთ, რომელიც მათ მაქსიმალურად შეუშლის ხელს. რაც შეეხება ჩემ საკლუბო კარიერას, ჯერჯერობით საინტერესოს ვერაფერს გეტყვით.”

 

თად მაკფადენი (საქართველოს ნაკრები)
“ჩვენი მიზანია, რომ მწვრთნელის დავალებები შევასრულოთ და საუკეთესო თამაში ვაჩვენოთ. ძალიან კარგი გუნდი გვყავს. ბიჭები მაქსიმალურად მონდომებულნი არიან და ბევრს ვარჯიშობენ. სერბეთი ძალიან ძლიერი გუნდია, უმაღლესი კლასის მოთამაშეებით დაკომპლექტებული, მაგრამ ჩვენც ძალიან ძლიერი კალათბურთელები გვყავს და ბოლომდე ვიბრძოლებთ.”

 

დუდა სანაძე (საქართველოს ნაკრები)
“ვიცით სერბეთის შემადგენლობა, მათი ტაქტიკა და მზად ვართ მათთან საბრძოლველად. ბუნებრივია, დიდი დანაკლისია მანუჩარ მარკოიშვილის არყოფნა, თუმცა გვაქვს იმის რესურსი, რომ საკუთარ კედლებში დიდი წინააღმდეგობა გავუწიოთ სერბებს. ძალიან მნიშვნელოვანი თამაშები გვქონდა ჩეხეთში, გუნდი უფრო შეიკრა და შეთამაშდა. ბევრ გუნდს არ ჰქონია ამ მოკლე პერიოდში ორი ამხანაგური მატჩის ჩატარების შესაძლებლობა და ეს ფაქტორი ჩვენ სასარგებლოდ უნდა გამოვიყენოთ.”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები